[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

EMC, მწვანე ალტერნატივა და საია შუქრუთსა და ითხვისში არსებულ კრიზისს ეხმიანებიან

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში შპს “ჯორჯიან მანგანეზთან” ადგილობრივების დაპირისპირება კვლავ განახლდა. შუქრუთის მოსახლეობა ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერსა და ნოემბერში ითხოვდა შპს „ჯორჯიან მანგანეზისგან“ იმ ზიანის კომპენსირებას, რომელიც მათ სახლებსა და საცხოვრებელ გარემოს კომპანიის საქმიანობის გამო მიადგა. შუქრუთელების თქმით, ზიანის კომპენსირების შესახებ კომპანიასთან მიღწეული სიტყვიერი შეთანხმებები არაერთხელ დაირღვა, რამაც ადგილობრივების მხრიდან წინააღმდეგობის განახლება გამოიწვია შუქრუთის მაღაროების ბლოკირებისა და მათი მუშაობის შეფერხების ფორმით. ჯორჯიან მანგანეზთან ურთიერთობის წარუმატებელი გამოცდილების ფონზე, შუქრუთის მოსახლეობა სთხოვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, უშუამდგომლოს კომპანიასთან მოლაპარაკებებში.

23 თებერვალს მაღაროს ბლოკირება დაიწყო სოფელ ითხვისშიც, სადაც ადგილობრივები, შუქრუთელების მსგავსად, თავისი საცხოვრებელი სახლების, დამხმარე ნაგებობებისა და სასოფლო-სამეურენო მიწების დაზიანებას მაღაროს ფუნქციონირებას უკავშირებენ და ჯორჯიან მანგანეზისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

ჩვენმა ორგანიზაციებმა არაერთხელ მოუწოდეს სახელმწიფოს, ეზრუნა მაღაროების ფუნქციონირებით სოფლებისთვის მიყენებული ზიანის დადგენაზე და დაეცვა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება. თუმცა, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას იმ მწვავე პრობლემებზე, რომლის წინაშეც შუქრუთელები და ითხვისელები დგანან.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" უარყოფს თავის პასუხიმსგებლობას იმ ეკოლოგიური და სოციალური ზიანის ნაწილში, რომელიც ადგილობრივებს ადგებათ. ამავე დროს, საკუთარ "მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე" მითითებით, კომპანია, შუქრუთის კრიზისის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში, მზადყოფნას აცხადებს, შუქრუთელებს გარკვეული კომპენსაცია მისცეს. იმ პირობებში, როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას კომპანიასთან ურთიერთობის მძიმე გამოცდილება და მიღწეული შეთანხმებების დარღვევის არაერთი პრეცენდენტი ახსოვს, განსაკუთრებით ცინიკურია კომპანიის მოწოდება მოლაპარაკების ფორმატში დაბრუნების შესახებ, რათა საწარმომ შეძლოს საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება. ასევე აღსანიშნავია, რომ "მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე" ხაზს უსვამს კომპანია, რომელიც არაერთხელ არის დაჯარიმებული სალიცენზიო პირობების დარღვევისა და წიაღით სარგებლობისას გარემოსთვის მიყენებული ზიანის, ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მითითებულ ვადებში დარღვევების გამოუსწორებლობის გამო[4], სადაც ჯამურად ჯარიმის ოდენობა 400 მილიონ ლარს სცდება.

შექმნილ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაიაზროს შუქრუთსა და ითხვისში არსებული კრიზისული ვითარება, იტვირთოს აქტიური როლი და აღმოფხვრას ის სოციალური და ეკოლოგიური კატასტროფა, რომლის წინაშეც ადგილობრივი მოსახლეობა დაუცველი რჩება.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს:

  • დაინტერესდეს შუქრუთისა და ითხვისის მოსახლეობის წუხილებით და სპეციალური კომისიის შექმნის გზით, შეისწავლოს ადამიანების ბუნებრივ და სოციალურ (მათ შორის ჯანმრთელობაზე) გარემოზე ზემოქმედების მასშტაბი და ფორმები, ასევე, შეიმუშავოს ზიანის დაანგარიშების მეთოდოლოგია და უზრუნველყოს კომისიის დასკვნითი დოკუმენტების საჯაროობა;

სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს:

  • შეისწავლოს შუქრუთსა და ითხვისში მაღაროების ოპერირების გეოლოგიური ზეგავლენა და დაადგინოს არის თუ არა კავშირი აღნიშნულსა და მოსახლეობის საკუთრებისა და ინფრასტრუქტურისათვის მიყენებულ ზიანს შორის.

სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოს:

  • შეამოწმოს, თუ რამდენად სრულდება შუქრუთსა და ითხვისში და მიმდებარე ტერიტორიაზე წიაღით სარგებლობისთვის დადგენილი წესები და ნორმები და შპს “ჯორჯიან მანგანეზზე” გაცემული ლიცენზიის პირობები;

სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს:

  • ჩაატაროს შუქრუთისა და ითხვისის მაღაროების პერიოდული სპეციალური ტექნიკური ინსპექტირება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს:

  • შუქრუთსა და ითხვისში გარემოს დაბინძურების და ბუნებრივი რესურსებით არარაციონალური (და შესაძლოა უკანონო) სარგებლობის აღკვეთისა და პრევენციისათვის განახორციელოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო კონტროლი.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), მწვანე ალტერნატივა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განაგრძობენ ადგილზე არსებული სიტუაციის მონიტორინგს და სურვილის შემთხვევაში, შუქრუთისა და ითხვისის მოსახლეობას გაუწევენ სამართლებრივ დახმარებას, მათ შორის, დავის სასამართლოში წარმოების გზით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“