[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

EMC: მორის მაჩალიკაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს

მორის მაჩალიკაშვილის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) საჩივარი, რომელშიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ვასაჩივრებდით. შესაბამისად, პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. სასამართლომ დაუშვებლად ცნო 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კიდევ 3 პირის საჩივარი.

EMC-ს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზოგადი და დაუსაბუთებელია. მასში აბსტრაქტულადაა მითითებული, რომ მორის მაჩალიკაშვილის მიმართ პატიმრობის გამოყენების სათანადო სამართლებრივი საფუძველი არსებობს, თუმცა არ არის დასაბუთებული საქმეში არსებული რომელი კონკრეტული მტკიცებულება ქმნიდა რეალურ საფრთხეს იმისა, რომ მორის მაჩალიკაშვილი მიიმალებოდა, ხელს შეუშლიდა მართლმსაჯულების განხორციელებას ან ზეგავლენას მოახდენდა მოწმეებზე.

განჩინებაში ვკითხულობთ: ,,გარკვეული პირადი მოტივები აკავშირებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან, ფუნქციების შესრულების ლეგიტიმურობასთან და ა. შ. აშკარაა, რომ მას უჭირს პასუხისმგებლობის გათავისება ამგვარ სტრესულ ვითარებაში, რაც ახალი დანაშაულის ჩადენის რისკებთან მიმართებაში რეალური მოლოდინის საფუძვლად აღიქმება“.

EMC-ს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მსგავსი მსჯელობა კანონის ჩარჩოს ცდება, რამდენადაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების განხილვის ეტაპზევე უკვე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მორის მაჩალიკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა და აცხადებს, რომ ავტომატურად არსებობს ახალი დანაშულის ჩადენის რისკიც. სასამართლო მორისის მონაწილეობას საპროტესტო აქციაში სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან პირად დაპირისპირებად აღიქვამს.

გარდა იმისა, რომ მოსამართლის განმარტება არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ სტანდარტებს, ეს მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს, რომლის მიხედვით აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მიუთითებს თუ არა რეალურ საფრთხეზე, რომ პირის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებით, ან მსუბუქი ღონისძიების გამოყენებით მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი შეეშლება. სააპელაციოს სასამართლოს ამგვარი შეფასება არ გაუკეთებია და ჩვენ მიერ წარდგენილ საჩივარში მითითებული არგუმენტებიც სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვა.

სამწუხაროა, რომ ზემდგომმა სასამართლომ, 20-21 ივნისს დაკავებული პირების დაპატიმრების საქმეზე მიღებული აშკარად შაბლონური და ზედაპირული გადაწყვეტილებების პრაქტიკის რევიზია ვერ მოახერხა და ამ გზით სასამართლო კონტროლის რეალურ განხორციელებაზე უარი თქვა.

EMC კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას გაიაზროს მორის მაჩალიკაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდებების უსაფუძვლობა და უზრუნველყოს მიმდინარე პროცესის სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნება. იმ ფონზე, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მორის მაჩალიკაშვილმა შესაძლოა დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა, დაუსაბუთებელი განჩინების პირობებში კიდევ უფრო მყარდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ მორის მაჩალიკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მაჩალიკაშვილების ოჯახზე გავლენის მოხდენის იარაღია. სამართლებრივი მექანიზმების ამ ფორმით გამოყენება სამართალდამცავი სისტემების პოლიტიზებისს ნიშნებზე მიუთითებს და მკვეთრად ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს და ადამიანის უფლებების იდეას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“