[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ნარკოპოლიტიკა / განცხადება

EMC: მიხაილოს მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება დაუსაბუთებელი იქნება

დღეს, 11 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ თოდუას (მიხაილოს) მიმართ შინაპატიმრობის გაუქმების და საპატიმრო სასჯელის გამოყენების საკითხს. EMC სასამართლოში წარმოადგენს მიხაილოს ინტერესებს და მიაჩნია, რომ თბილისის პრობაციის ბიუროს მოთხოვნა, მიხაილოს მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენების თაობაზე, არის დაუსაბუთებელი, უსამართლო და ეწინააღმდეგება მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნებს.

მიხაილოს 2013 წელს 9 წლიანი საპატიმრო სასჯელი შეეფარდა კლუბური ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის და მისი მოხმარებისთვის. ის თითქმის 6 წელი იხდიდა სასჯელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, 2019 წლის ოქტომბერში კი, საპატიმრო სასჯელი შეეცვალა შინაპატიმრობით - 2 წლისა და 11 თვის ვადით. შინაპატიმრობის წესების შესაბამისად, მას დაეკისრა საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულება 21:00 საათიდან 08:00 საათის ჩათვლით. სწორედ აღნიშნული ვალდებულების დარღვევის გამო მოითხოვს პრობაციის ბიურო შინაპატიმრობის გაუქმებას და მიხაილოს დაბრუნებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

უპირველეს ყოვლისა, საქართველოს კანონმდებლობა საპატიოდ თვლის შინაპატიმრობის წესის დარღვევას, თუკი ეს გამოწვეულია სამსახურებრივი, პროფესიული, სპორტულ ანდა კულტურულ სამქიანობასთან დაკავშირებული მივლინების გამო. ამ შემთხვევაში დასტურდება, რომ მიხეილ თოდუა არის მუსიკოსი, მისი საქმიანობა დაკავშირებულია DJ -ს, ხმის რეჟისორისა და არტ-დირექტორის საქმიანობასთან, უმეტესად უკრავს ან ხმის რეჟისორისა თუ არტ-დირექტორის ფუნქციას ასრულებს სხვადასხვა ღონისძიების დროს. ღონისძიებების უმეტესობა ღამის საათებში ტარდება, რის გამოც მას უწევს შინაპატიმრობით დადგენილი რეჟიმის დარღვევა. თუმცა, ამ დრომდე, პრობაციის ბიუროს მიერ ყველა ღონისძიებაში მონაწილეობა მიიჩნეოდა საპატიო გარემოებად და გაუგებარია, ამჯერად რა არგუმენტით არ ჩაეთვალა მიხაილოს საცხოვრებელ სახლში არყოფნა საპატიოდ. მიხაილოს მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელება დასტურდება დამსაქმებლების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტებით, თუმცა პრობაციის ბიუროს წარდგინებაში არ ჩანს დასაბუთება, რა არგუმენტებით ჩაითვალა ეს დოკუმენტები არასაკმარისად.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ თავად სასჯელაღსრულების თანამშრომლების მიერ მომზადებული შეფასების დოკუმენტიც ცხადყოფს, რომ მიხაილო აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებაში, ცდილობს რესოციალიზაციას და სრულად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რის გამოც არაერთხელ წახალისდა სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის მიერ. ცალსახაა, რომ მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის დაუცველობა გამოწვეულია არა თვითნებობით, მასზე დაკისრებული მოვალეობისადმი უპასუხისმგებლო, გულგრილი დამოკიდებულებით ან დადგენილი რეჟიმის დარღვევის მიზნად დასახვით, არამედ ობიექტური გარემოების არსებობით, რაც თავის მხრივ, შესაძლოა მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურებოდეს. ამ საქმიანობით მიხაილო არამარტო პროფესიულად ვითარდება, ეს საქმიანობა მისთვის არის ასევე ერთადერთი შემოსავლის წყაროც, რის გარეშეც მისთვის შეუძლებელი იქნება ყოველდღიური ეკონომიკური საჭიროებების დაკმაყოფილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პროფესიული განვითარება და მუსიკის დარგში საქმიანობა პირდაპირ ემსახურება მიხაილოს რესოციალიზაციის მიზანს და მნიშვნელოვანია, რომ ჩაითვალოს საპატიო გარემოებად. წარდგინების დაკმაყოფილება და სასჯელის მოსახდელად კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნება ბუნებრივია, ხელს შეუშლის მსჯავრდებულის რესოციალიზაციის პროცესს და უმძიმეს ეფექტს იქონიებს პირადად მასზე და მისი ოჯახის წევრებზე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“