[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

EMC მიიჩნევს, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან სსიპ რელიგიური გაერთიანებების გათავისუფლება არაკონსტიტუციურია

4 სექტემბერს, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)” საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა სასამართლოს მეგობრის (amicus curiae) მოსაზრება გიორგი კეკენაძე, ნინო კვეტენაძე და ბესიკ გვენეტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელთან (#618) დაკავშირებით. აღნიშნულ საქმეში, მოსარჩელეები დაობენ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლთან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმ ნორმატიული ჩანაწერების კონსტიტუციურობაზე, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე რელიგიურ გაერთიანებებს, საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან ათავისუფლებს.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში, EMC უთითებს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით სსიპ სტატუსის მქონე რელიგიური ორგანიზაციებისთვის დადგენილი გამონაკლისი, სრულიად შეუძლებელს ხდის სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ საჯარო ინფორმაციის მიღებას, რაც უფლების გაუმართლებელ და არაპროპორციულ შეზღუდვას წარმოადგენს. EMC-ის დეტალურად აქვს შეფასებული სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, ასევე „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის დადგენილების საფუძველზე, ოთხი რელიგიური გაერთიანების (სსიპ სტატუსის მქონე ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიურ გაერთიანებების) დაფინანსების წესი.

EMC-ის მიაჩნია, რომ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების არსებული პრაქტიკა, ფაქტობრივად, პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსების მოდელს წარმოადგენს და არა ზიანის ანაზღაურება/კომპენსაციის, როგორც ეს დეკლარირებულია შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით. ეს კი წინააღმდეგობაში მოდის სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპთან. იმ პირობებში, როცა სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების პროცესი არ ექვემდებარება რაიმე ტიპის ზედამხედველობას სახელმწიფოს მხრიდან, საბიუჯეტო დაფინანსების ნაწილში საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან რელიგიური ორგანიზაციების გათავისუფლება, მათი დაფინანსების პროცესს სრულად ტოვებს საზოგადოებრივი კონტროლის გარეთ. რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების არსებული არაგამჭვირვალე საკანონმდებლო ჩარჩო საფრთხეს უქმნის დემოკრატიული და სეკულარული მმართველობას და ამავდროულად, რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიაში სახელმწიფოს ჩარევის მაღალ რისკებს შეიცავს.

EMC გამოხატავს მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში და წარადგინოს შესაბამისი ემპირიული მასალა და შესაბამისი სტანდარტებისა და პრაქტიკების მიმოხილვა, რომელიც სახელმწიფოს მიერ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების საკითხებს უკავშირდება.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“