საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
EMC ეხმიანება 29 ივნისს, საქართველოს პარლამენტის მიერ, მესამე მოსმენით კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის მიღებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებები წინგადადგმული ნაბიჯია სამართლიანი საარჩევნო სისტემის დამკვიდრების გზაზე.
საქართველოში სამართლიანი, პროპორციონალიზმსა და ხალხის ნების გამოხატვაზე დაფუძნებული საარჩევნო სისტემის შექმნა ყოველთვის გამოწვევას წარმოადგენდა. შერეული საარჩევნო სისტემა და მისი მანკიერი მხარეები ხელისუფლებაში მყოფი პარტიების ძალაუფლების განმტკიცების, პოლარიზებული პოლიტიკური ველისა და არადემოკრატიული პროცესების წინაპირობა ხდებოდა.
მართალია, დღეს მიღებული ცვლილებებით ნარჩუნდება შერეული სისტემა, თუმცა პროპორციულ და მაჟორიტარულ კომპონენტებს შორის არსებული პროპორცია (120/30) და 1%-იანი ბარიერი მეტნაკლებად აზღვევს იმ რისკებსა და უსამართლობებს, რაც აქამდე არსებული საარჩევნო სისტემის თანმდევი იყო. ახალი მოდელი ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ არჩევნებში პარტიის მიერ მიღებული ხმები მეტნაკლებად თანაბრად აისახოს მის მანდატებში, პარტიათა საპარლამენტო კონფიგურაცია მიახლოებული იყოს პროპორციულობის პრინციპთან, ხოლო საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური წარმომადგენლობა მრავალფეროვანი და ინკლუზიური იყოს.
აღნიშნული რეფორმა ჯერ კიდევ არ ნიშნავს პოლიტიკური პროცესების თვისებრივ გაჯანსაღებას, რადგან არსებული პოლიტიკური ელიტის და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ არ არსებობს მოსახლეობის მაღალი ნდობა.[1] შესაბამისად, კვლავაც არსებობს რისკი, რომ რიგითი მოქალაქეების რეალური წუხილები და საჭიროებები კვლავაც იგნორირებული დარჩება არსებულ პოლარიზებულ პოლიტიკურ ველში. მიუხედავად ამისა, ახალი სისტემა ბევრად სამართლიანი და დემოკრატიულია და ის მნიშვნელოვნად აზღვევს ჭარბი ძალაუფლების კონცენტრირებას ერთი პოლიტიკური ძალის ხელში. შესაბამისად, აღნიშნული კონსტიტუციური რეფორმა მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმ გამოწვევის დასაბალანსებლად, რაც ერთპარტიულ მმართველობას და ამ პირობებში ხელისუფლების ყველა შტოს სრულ კონსოლიდაციას სდევდა თან.
აღსანიშნავია, რომ პროპორციული და სამართლიანი საარჩევნო სისტემის დამკვიდრებას ქართული საზოგადოება მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდა, როგორც მოქმედი, ისე წინა ხელისუფლების მმართველობის დროს. საზოგადოებას ახსოვს დაპირებული და არმიღებული ინიციატივებიც, რომლითაც მაჟორიტარული კომპონენტი 2020 წელს საერთოდ უნდა გაუქმებულიყო და საქართველოში სრულად პროპორციული სისტემა დამკვიდრებულიყო. მსგავსი გამოცდილებების ფონზე, კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ სამართლიანი და დემოკრატიული საარჩევნო სისტემის შექმნა არ შეიძლება იყოს პოლიტიკური მანიპულაციების საგანი. ყველა პოლიტიკური ჯგუფი უნდა აცნობიერებდეს საზოგადოების წინაშე მათ პასუხიმგებლობას და მაქსიმალურად ცდილობდეს 2020 წლის არჩევნები სამართლიან, არაძალადობრივ პოლიტიკური გარემოს პირობებში გაიმართოს.
ამასთან ერთად, აუცილებელია, მმართველმა პარტიამ გააგრძელოს საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მუშაობა, რათა უზრუნველყოს სამართლიანი, მშვიდობიანი, ადმინისტრაციული და სხვა სახის ბერკეტების გამოყენებისგან დაცლილი წინასაარჩევნო გარემო. ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა საკმარისი ძალისხმევა გამოიჩინოს შემდგომი პროცესების კოორდინირებულად და თანამშრომლობის რეჟიმში წარმართვისთვის.
EMC იმედოვნებს, რომ მიღწეულ შედეგს სათანადო გაგრძელება ექნება და მოუწოდებს ხელისუფლებას, გააგრძელოს საარჩევნო რეფორმებზე მუშაობა ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჩართულობით.
ინსტრუქცია