საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 29 სექტემბერს ქალაქ მარნეულში სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე, ასევე ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებზე თავდასხმის ფაქტების პირველად სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს და სახელმწიფოს მოუწოდებს უზრუნველყოს გამოვლენილი დანაშაულებრივი შემთხვევების დამოუკიდებელი, დროული და ეფექტიანი გამოძიება და მსგავსი ძალადობის ეფექტიანი პრევენცია. ამასთან, EMC მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს განუხრელად დაიცვან მშვიდობისა და დემოკრატიის პრინციპები და არ დაუშვან სოციალური კონფლიქტების შექმნა რეგიონებში.
როგორც ცნობილია, 29 სექტემბერს, მარნეულში დაპირისპირება დღის საათებში „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის დაიწყო. კერძოდ, ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წინ აქციას მართავდნენ და აპროტესტებდნენ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ამირან გიორგაძის მიერ კომისიის წევრების დანიშვნის ფაქტს. ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ,,ქართული ოცნების“ წევრებმა მიაყენეს, აქციის დასრულების შემდგომ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს გიორგი ქველაძეს და დააზიანეს მისი კუთვნილი ავტომობილი. ამასთან ერთად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამოქალაქო აქტივისტს გიორგი მუმლაძეს. მუმლაძე განმარტავს, რომ მას უშუალოდ საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ დაარტყა სახის არეში და არ აძლევდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების შესაძლებლობას.
აღნიშნული აქციის შემდგომ დაპირისპირებამ მარნეულში, ,,ქართული ოცნების“ შტაბთან გადაინაცვლა, სადაც სავარაუდოდ ,,ქართულის ოცნების“ ადგილობრივმა აქტივისტებმა სიტყვიერი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ინვენტარი დაუზიანეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს, ტელეკომპანია ,,მთავარი არხის“ ოპერატორს და ჟურნალისტებს და პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა არ მისცეს. კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლის განმარტებით, ოპერატორს სახეში მუშტი დაარტყეს და ვიდეოკამერა დაუმტვრიეს. ტელეკომპანია ,,მთავარი არხის“ ჟურნალისტის ბაჩო ტურაშვილის განმარტებით, ის ორ ოპერატორთან და ,,მთავარი არხის“ ადგილობრივ კორესპონდენტთან ჯეიჰუნ მუჰამედალისთან ერთად, შუადღისას მომხდარ დაპირისპირებაზე ,,ქართული ოცნების“ წევრების პოზიციების მოსასმენად მივიდნენ შტაბის შენობასთან, რა დროსაც ადგილზე მყოფი (სავარაუდოდ აქტივისტები), დაახლოებით 50 პირი მათი მიმართულებით გამოემართნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მოითხოვდნენ დაეტოვებინათ ტერიტორია. ჟურნალისტის განცხადებით, თავად ოპერატორებთან ერთად, დაახლოებით 20-კაციანმა ჯგუფმა, ჯაჯგურით გვერდზე გაათრია, ცდილობდნენ კამერის წართმევას, ერთ-ერთ ოპერატორს მიკროფონი დაარტყეს სახის არეში, ხოლო მეორე ჯგუფმა, ასევე იძულებით სხვა მხარეს გაათრია ჯეიჰუნ მუჰამედალი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თავად, ჯეიჰუნ მუჰამედალი აღნიშნავს, რომ მას დაახლოებით 6 ადამიანი (რომელთაგან ორის ამოცნობა შეუძლია) აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, ურტყამდნენ წიხლებს, სავარაუდოდ თავის არეში ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება, რის გამოც საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზება. ჯეიჰუნისა და ადგილზე მყოფი სხვა ჟურნალისტების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მუჰამედალისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით სასწრაფო სამედიცინო დახმარება არაერთხელ გამოიძახეს, იგი ადგილზე 40 წუთის დაგვიანებით მივიდა. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები უთითებენ, რომ ფიზიკური დაპირისპირების ყველა ეტაპზე, ადგილზე პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, თუმცა რაიმე რეაგირება არ მოუხდენიათ და ინციდენტში მონაწილე, სავარაუდოდ დაზარალებული პირების პოლიციის განყოფილებაში გადაყვანითა და გამოკითხვით შემოიფარგლნენ.
როგორც ცნობილია, მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო და როგორც ამ ეტაპზეა ცნობილი, გამოძიება წარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე 11-ლი (ძალადობა ჯგუფურად) მუხლებით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში უკვე განხორციელდა ჟურნალისტების, ოპერატორების გამოკითხვა და წარდგენილი იქნა დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა.
ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ცნობილი ხდება, რომ ჯ. მუჰამედალის, გ. ქველაძისა და გ. მუმლაძის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტები აგრეთვე აღქმადი უნდა ყოფილიყო ადგილზე მობილიზებული პოლიციის თანამშრომლებისთვის, თუმცა მათ რაიმე რეაგირება არ მოუხდენიათ. ცხადია, რომ ამგვარი პრაქტია პოლიციის მიმართ საზოგადოებრივ ნდობას ასუსტებს და მისი პოლიტიზირების რისკებს აჩენს. პოლიციის ძირითადი ფუნქციაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისთვის საფრთხის თავიდან აცილება, დაიცვას ფიზიკური თუ იურიდიული პირები მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან, აღკვეთოს დანაშაული, უზრუნველყოს მისი პრევენცია[1]. აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მნიშვნელოვანია შეფასებული იქნეს პოლიციის თანამშრომლების შესაძლო სისხლისსამართლებრივი ან დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი.
ჩვენთვის კიდევ უფრო მიუღებელია, რომ პარტიული აქტივისტების მხრიდან ძალადობის გამოვლენა სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელდა, რადგან ამგვარ შემთხვევებს გამყინავი და დამაზიანებელი გავლენა შეიძლება იქონიოს გამოხატვის თავისუფლებაზე და დემოკრატიულ პროცესებზე.
EMC მიიჩნევს, რომ ქალაქ მარნეულში და მანამდე ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობრივი შემთხვევები კიდევ ერთხელ აჩვენებს ღრმა პოლარიზების და ანტაგონიზმის პრობლემას ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. პოლიტიკური პასუხიმგებლობის სრული უგულებელყოფით პარტიებს დაპირისპირება, კონფლიქტი და შფოთი მიკრო სოციალურ ველში გადააქვთ და არ იაზრებენ ამგვარი კონფლიქტების სოციალურ შედეგებს, რომელიც შიშს, უნდობლობას, იმედგაცრუებას და იზოლაციას იწვევს. ძალადობის ლეგიტიმაცია და ნორმალიზება პარტიების მხრიდან დემოკრატიული პოლიტიკის ბაზისურ პრინციპებზე და ეთიკაზე უარის თქმაა და თავად პოლიტიკის იდეასაც ეწინააღმდეგება.
მარნეულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მეზობელ მუნიციპალიტეტებში პოლიტიკა უკვე წლებია ადგილობრივი ინტერესთა ჯგუფებითა და კლანებით იმართება და ერთგვარად ნორმალიზებულია მათი თვითნებობა და უპასუხისმგებლობა. ბოლო დღეებში გამოვლენილი ძალადობის შემთხვევებიც პოლიტიკის წარმოების ამ ლოგიკით და პრაქტიკით უნდა აიხსნას. ამ პირობებში ცხადია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ხმა და ინტერესები პოლიტიკაში სათანადოდ წარმოდგენილი არ არის. ინფორმაციულ პერიფერიაში არსებობა, წლების განმავლობაში მოუგვარებელი ბაზისური სოციალური პრობლემები, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი პრაქტიკისა და ტრადიციების არ არსებობა ადგილობრივ მოსახლეობაში პოლიტიკური პროცესების და ინსტიტუტების მიმართ უნდობლობას აჩენს. ცხადია, რომ პოლიტიკურ პროცესებში ძალადობის ამ მასშტაბით შემოტანა და დაშვება ამ უნდობლობას და შიშს კიდევ უფრო გააღრმავებს.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს
საქართველოს გენერალურ პროკურატურას
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
პოლიტიკურ პარტიებს
[1] ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილი
ინსტრუქცია