[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

EMC-მ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების საქმეებზე სასამართლოს მიმართა

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) 25 და 27 მარტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების სამსახურის ყოფილი უფროსის, შორენა ღლონტისა და უფროსის ყოფილი მოადგილის, მაია მერკვილაძის ინტერესების დაცვის მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა. მოსარჩელეები, რომლებიც წლების განმავლობაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდნენ და კეთილსინდისიერად ასრულებდნენ დაკისრებულ უფლებამოსილებებს, მათი გათავისუფლებისა და სხვა თანამდებობაზე გადაყვანის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობასა და თავდაპირველ თანამდებობაზე აღდგენას ითხოვენ.

2020 წლის 24 თებერვლიდან, ახლადარჩეული დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მოთხოვნის საფუძველზე, მაუწყებლის ახალი საშტატო განრიგი ამოქმედდა, რომელმაც აღარ გაითვალისწინა სამსახურის უფროსის მოადგილეების თანამდებობები. ცვლილება 4 პირს შეეხო, თუმცა, სხვა თანამშრომლებისგან განსხვავებით, მაია მერკვილაძე ერთადერთი აღმოჩნდა, ვისაც ტოლფასი თანამდებობა არ შესთავაზეს და „რადიოს საინფორმაციო გამოშვებების რედაქტორის“ შტატგარეშე პოზიციაზე გადაიყვანეს. ეს ახალი პოზიცია დაქვეითებას და დაცვის გარანტიების გაუარესებას წარმოადგენს. მაია მერკვილაძე ამტკიცებს, რომ საშტატო განრიგის ცვლილება დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო, რაც დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებაა და თანამდებობიდან მის გათავისუფლებას ისახავდა მიზნად. მაია მერკვილაძე სასამართლოში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს.

ახალი საშტატო განრიგის ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში, 2020 წლის 28 თებერვალს, დისციპლინური წარმოების შედეგად დირექტორმა სამსახურიდან ახალი ამბების სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი გაათავისუფლა. შორენა ღლონტის მიმართ წარმოება ჯერ კიდევ 2019 წლის 28 თებერვალს დაიწყო, ეთერში გასული გადაცემის - ,,ახალი სივრცის“ გამო, რომელიც შორენა ღლონტსა და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ფილიალს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადდა. შორენა ღლონტს მაუწყებლის გვერდის ავლით ფინანსური სარგებლის მიღებაში ადანაშაულებდნენ, თუმცა დისციპლინური წარმოება ისე წარიმართა, რომ სათანადო მტკიცებულებები არ იქნა შეგროვებული და შორენა ღლონტს არ მიეცა დასაბუთებული პოზიციის წარდგენის შესაძლებლობა. შორენა ღლონტი ამტკიცებს, რომ ეს გადაცემა მაშინდელი ხელმძღვანელობის მითითებით/ინიციატივით და უშუალოდ მათთან შეთანხმებით მომზადდა, ხოლო შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდა მაუწყებელს. მოსარჩელე ასევე ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული დისციპლინური დევნა პროცედურების აშკარა დარღვევებით წარიმართა და მისი გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არღვევს, მათ შორის, პროპორციულობის პრინციპს.

მივიჩნევთ, რომ როგორც მაია მერკვილაძის, ისე შორენა ღლონტის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები კანონმდებლობის უხეში დარღვევითაა მიღებული და სარედაქციო დამოუკიდებლობაზე პასუხისმგებელი პირების სამსახურებრივი უფლებამოსილებების შეზღუდვას ისახავდა მიზნად.

მოსარჩელეთა მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები რაც ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელი პირების მიმართ სამსახურიდან გათავისუფლებასა და პოზიციის ცვლილებაში გამოიხატა ცალსახად უკანონო და დაუსაბუთებელ ქმედებებს წარმოადგენს, რასაც მაუწყებელში კრიტიკულად განწყობილი სხვა თანამშრომლების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებებიც ადასტურებს. შეგახსენებთ, რომ მაია მერკვილაძისა და შორენა ღლონტის სამსახურიდან გათავისუფლების პროცესს წინ უძღვოდა მთელი რიგი საკადრო ცვლილებები და დისციპლინური დევნის პრაქტიკა, რაც დღემდე გრძელდება. უფლებამოსილებების შეზღუდვისა და მძიმე სამუშაო გარემოს შექმნის პირობების გამო სამსახური დატოვა მაუწყებლის დირექტორის მოადგილემ - ნათია ზოიძემ. 2020 წლის 6 მარტს, დისციპლინური წარმოების წესებისა და პროცედურების დარღვევით, მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს, თეონა ბაკურიძეს დროებით შეეზღუდა კონტრაქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების შესრულება, ხოლო 13 მარტს ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. 23 მარტს ტელევიზიის დირექტორმა ცალმხრივად შეუცვალა სამუშაოს შესრულების ადგილი ახალი ამბების კორესპონდენტ თეონა ხარაბაძეს და ბათუმიდან ქუთაისში, არარსებულ ბიუროში გადაიყვანა სამუშაოდ. თეონა ხარაბაძე ქუთაისში პარლამენტის ფუნქციონირების პერიოდში საპარლამენტო კორესპონდენტი იყო და პარლამენტის თბილისში გადასვლის შემდგომ მას ქუთაისში შრომის მოვალეობები არ შეუსრულებია.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“