[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უფლება საცხოვრებელზე / განცხადება

EMC: ლილოს უსახლკაროთა თავშესაფარში ინფიცირების შემთხვევების ზრდას ეხმიანება

EMC ეხმიანება თბილისის მიუსაფართა მუნიციპალურ თავშესაფარში (ე.წ. „ლილოს თავშესაფარი“) COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევებს და თბილისის მუნიციპალიტეტსა და თავშესაფრის ადმინისტრაციას მოუწოდებს, მიიღოს ყველა ზომა ბენეფიციარების უსაფრთხოების, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.

თავშესაფრის დირექტორისგან მიღებული ინფორმაციით, თავშესაფარში ათეულობით ბენეფიციარი დაინფიცირდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თავშესაფრის 81 ბენეფიციარიდან 48 მათგანი კოვიდ19-ით დაინფიცირდა (აქედან, 12-14 შემთხვევა მიმდინარეა). ინფიცირებულთა ნაწილი საავადმყოფოში მკურნალობს, ხოლო ნაწილი თავშესაფარში, იზოლაციაში იმყოფება. თავშესაფრის დირექტორის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფიცირების მაღალი მაჩვენებლების ფონზე, თავშესაფარში გაძლიერდა დეზინფექციის, ტესტირების (უკანასკნელი ტესტირება 26 ნოემბერს განხორციელდა), საერთო სველი წერტილებითა და სასადილოთი სარგებლობის შეზღუდვის, ასევე, ამბულატორიულ მკურნალობაზე მისაწვდომობის ღონისძიებები.

თავშესაფარში ინფიცირების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი კიდევ უფრო შემაშფოთებელია სერვისის შინაარსისა და მისი დანიშნულების გათვალისწინებით. ლილოს თავშესაფარი ყველაზე დაუცველი, თავშესაფრის არმქონე ადამიანებისათვის არის განკუთვნილი, რომელთაც მათი ცხოვრების მძიმე გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ჰქონდეთ ჯანმრთელობის პრობლემები ან ქრონიკული დაავადებები, რაც მათ უკიდურესად მოწყვლადად აქცევს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში. ამასთან, თავშესაფრის ინფრასტრუქტურული მოწყობა, მაცხოვრებლებს არ აძლევს შესაძლებლობას, ჰქონდეთ ინდივიდუალური სივრცე (ოთახი) და ისარგებლონ პირადი სველი წერტილებითა თუ სასადილო სივრცით, რაც ზრდის ვირუსის გავრცელების რისკებს.

მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი ზომების მიუღებლობის შემთხვევაში, საფრთხე შეიძლება შეექმნას არა მხოლოდ სერვისის ბენეფიციართა უსაფრთხოებას, არამედ შეუძლებელი გახდეს ქუჩაში მცხოვრები, მიუსაფარი ადამიანების გადაყვანა მუნიციპალიტეტის ერთადერთ თავშესაფარში, რაც, ზამთრისა და პანდემიის პირობებში, ამ ჯგუფის წარმომადგენელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დააყენებს.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ თბილისის მუნიციპალიტეტს და თავშესაფრის ადმინისტრაციას:

  • მიიღონ მათ ხელთ არსებული ყველა ზომა თავშესაფარში ინფიცირების შემთხვევების პრევენციის მიზნით, მათ შორის, მკაცრი ეპიდემიოლოგიური წესების დაცვის, ინტენსიური ტესტირების, ინფიცირებულებისა და მათი კონტაქტების სრული იზოლაციის, მეშვეობით;
  • გადადგან შესაბამისი ნაბიჯები ინფიცირებული პირებისათვის ჯანდაცვის სერვისებზე დროული წვდომის უზრუნველყოფისთვის;
  • მიიღონ ყველა ზომა რათა არ შეფერხდეს ქუჩაში მცხოვრები მიუსაფარი პირებისათვის თავშესაფრით ან სხვა ალტერნატიული სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პანდემიისა და ზამთრის გათვალისწინებით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“