საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება ლგბტქი აქტივისტების, კობა ბიწაძისა და ბექა გაბადაძის მიმართ ულტრანაციონალისტური ჯგუფების წევრების მიერ ფეისბუქში განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებს და სახელმწიფოს ეფექტიანი პოზიტიური ღონისძიებებისა და დაზარალებული პირების სათანდო დაცვისკენ მოუწოდებს.
ბოლო პერიოდში კობა ბიწაძე და ბექა გაბადაძე, მათი საჯარო აქტიურობის გამო, ინტენსიურად იღებენ ძალადობაზე მუქარის შემცველ ინდივიდუალურ და საჯარო შეტყობინებებს სხვადასხვა ულტრანაციონალისტური აგრესიული ჯგუფების, მათ შორის „ქართველთა მარშის“, ეროვნულ-სოციალისტური მოძრაობის –,,საქართველოს ერთობის“ წევრების მხრიდან. აქტივისტების საჯარო საქმიანობის აღკვეთის თაობაზე საჯარო მოწოდებები ასევე გააკეთა „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებამ.“ რამდენიმე სტატია აღნიშნულ თემას ასევე მიუძღვნა გაზეთმა ”ასავალ-დასავალი.[1]” 2017 წლის 1 ნოემბერს “ფეისბუქის” მომხმარებელმა - ,,თეთრი ნაცისტი“, რომელიც იდენტიფიცირებული კონკრეტული პირია, აქტივისტების მიმართ ბრუტალური სისასტიკისა და მუქარის შემცველი განცხადებები გააკეთა და ეს რამდენჯერმე გაიმეორა.
აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის (მუქარა) საფუძველზე გამოძიება დაიწყო. აქტივისტების ინტერესებს გამოძიების წინაშე EMC იცავს.
მოყვანილი ფაქტის მიუხედავად, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ სათანადოდ გაიაზროს მსგავსი დანაშაულების სოციალური მნიშვნელობა და საქმეს სათანადო სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცეს.
როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან ჩანს, კ.ბიწაძისა და ბ.გაბადაძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტები მათ სექსუალურ ორიენტაციასა და საჯარო აქტივისტურ საქმიანობას უკავშირდება. გამოვლენილი მუქარის ფაქტები არსებითად მიზნად ისახავს აქტივისტების დაშინებას, მათი საქმიანობის შეწყვეტის იძულებასა და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე მათი ღირსების შელახვასა და დისკრიმინაციას. სოციალურ ქსელში გამოხატული სიძულვილის ენისა და მუქარის სხვადასხვა ეპიზოდი, მათი ხარისხი და ინტენსივობა შესაძლოა მორალური ტანჯვისა და დაუცველობის განცდას იწვევდეს მსხვერპლებში და ხელს უწყობდეს აქტივისტების ყოველდღიური ცხოვრების იძულებით ცვლილებას. აღნიშნული გარემოებები უთითებს, რომ გამოვლენილი დანაშაული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით დაცულ სფეროშია და აღწევს არაადამიანური ან/და ღირსების შემლახავი მოპყრობის სისასტიკის ზღვარს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ჯეროვან და ადეკვატურ რეაგირებასა და ეფექტიან პრევენციას მოითხოვს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, კერძო პირების მხრიდან მომდინარე ძალადობის საქმეებში სახელმწიფოს პრევენციული ვალდებულება „ძალადობის შესახებ სახელმწიფომ იცოდა ან უნდა სცოდნოდა“ სტანდარტით მოწმდება და ის სახელმწიფოსგან რისკების სათანადო შეფასებასა და მის ხელთ არსებული ყველა გონივრული ზომის გამოყენებით მსხვერპლების უსაფრთხოების დაცვას მოითხოვს. განსახილველ საქმეში იკვეთება ერთმანეთთან დაკავშირებული, წარსულში ძალადობრივ ინციდენტებში მონაწილე აგრესიული ჯგუფების წევრების მიერ აქტივისტების მიმართ განხორციელებული იდენტური შინაარსის იძულებისა და ძალადობაზე მუქარის განმეორებადი ფაქტები, რაც სახელმწიფოს ავალებს მათ ერთობლიობაში განხილვასა და ეფექტიანი პრევენციული ზომების მიღებას.
ამ კუთხით, გასათვალისწინებელია საქართველოში ლგბტქი ადამიანების უკიდურესად მძიმე უფლებრივი და სოციალური მდგომარეობა, რაც ჯგუფის წევრების მიმართ ძალადობის, სიცოცხლის მოსპობის, დისკრიმინაციის განგრძობით პრაქტიკებში ვლინდება და რასაც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა მიმართ სახელმწიფოს არაეფექტური პოლიტიკა, დაუსჯელობის გარემო და ინსტიტუციონალიზებული ჰომო/ტრანსფობია კიდევ უფრო ახალისებს. ცხადია, მსგავს დანაშაულებზე სახელმწიფოს არაეფექტიანი პოლიტიკა არსებითად აზიანებს თანასწორი, პლურალური და სოლიდარული საზოგადოების მშენებლობის პროცესს და ართულებს სხვადასხვა ჯგუფების მშვიდობიან თანაარსებობას.
საქართველოს შესახებ 2016 წლის ანგარიშში ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) ხაზს უსვამს ონლაინ სივრცეში გამოხატულ ჰომო/ტრანსფობიურ სიძულვილის ენის პრობლემურობას. ანგარიშის მიხედვით ამგვარი გამოხატვა, არა მხოლოდ კვლავაწარმოებს ლგბტ ჯგუფის მიმართ არსებულ სტერეოტიპებს, არამედ ასევე შეცავს ძალადობისკენ მოწოდებასაც.[2] ამასთან, კომისია უარყოფითად აფასებს სამართალდამცავი სისტემის მიერ წარსულში ორგანიზაციებისა და ლგბტ პირების მიმართ გამოხატული ძალადობის მუქარის მიმართ არაეფექტურ რეაგირებას და მის არასერიოზულად განხილვას, მიუხედავად მისი განმეორებითობისა და რეალურობისა.[3]
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროსასამართლოს კარგად ჩამოყალიბებული იურისპრუდენცია, ხაზს უსვამს დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ მნიშვნელობას, მათ შორის, ისეთ მოსაზრებებთან კავშირშიც, რომლებიც მოსახლეობის ნაწილისათვის შეურაცხმყოფელი, შოკისმომგვრელი და შემაწუხებელი შეიძლება იყოს. თუმცა, სასამართლო მკაფიოდ უთითებს, რომ გამოხატვის ისეთი ფორმები, როგორებიცაა რასიზმი, ქსენოფობია, ანტისემიტიზმი, აგრესიული ნაციონალიზმი, ჰომოფობია, არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით. სახელმწიფოებს ევალებათ, არ დაუშვან იმგვარი ენის გამოყენება, რომელიც აღვივებს დისკრიმინაციასა და სიძულვილს, რადგანაც მსგავსმა გამონათქვამებმა შესაძლოა საზოგადოებაში იმგვარი რეაქციების გენერირება მოახდინოს, რომელიც შეუთავსებელია სოციუმის მშვიდობიან არსებობასთან და ძირს უთხრის დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობას.[4]
სახელმწიფოების ვალდებულება პატივი სცეს და თავის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირი უზრუნველყოს აღიარებული უფლებებით, რაიმე განსხვავების გარეშე, გულისხმობს არამხოლოდ ნეგატიურ ვალდებულბას – არ ჩაერიოს პირების მიერ უფლებათა განხორციელებაში, არამედ პროაქტიულად მოახდინოს მესამე პირების მხრიდან მომდინარე ძალადობის პრევენცია და უფლებათა სარგებლობისათვის ხელისშემშლელი ბარიერების აღმოფხვრა, რაც მათ შორის, გულისხმობს დისკრიმინაციულ პრაქტიკასთან და დამოკიდებულებებთან ბრძოლას.[5] სახელმწიფოებს ევალებათ არა მხოლოდ ფორმალური თანასწორობის მიღწევა, არამედ უმცირესობათა ჯგუფების სტრუქტურული უთანასწორობისა და დისკრიმინაციის აღიარება და ამ კუთხით სისტემური პოლიტიკის წარმართვა.
სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება აღკვეთოს და გამოიძიოს არამხოლოდ ძალადობრივი ფაქტები, რა შემთხვევაშიც ზიანი არსებითად დადგა, არამედ ძალადობისკენ მოწოდების შემთხვევები, რომელიც ლგბტ ჯგუფს მიემართება. საერთაშორისო ინსტიტუციები მოუწოდებენ სახელმწიფოებს საჯაროს დაგმონ აღნიშნული აქტები და მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება საქმის მიმდინარეობაზე.[6] სახელმწიფოს მიერ მესამე პირების მხრიდან მომდინარე უკანონო ქმედებათა დაშვება ან ამგვარ ქმედებათა მიმართ შესაბამისი ზომების მიუღებლობა და დანაშაულის პრევენციის, გამოძიების, დასჯისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიმართ ჯეროვანი გულისხმიერების არარსებობა, გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით აღიარებული ვალდებულებების უპირობო დარღვევას.[7]
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სათანადოდ აღიაროს კობა ბიწაძისა და ბექა გაბადაძის მიერ განცდილი ზიანის სიმძიმე, მოსალოდნელი რისკების მასშტაბი და მოახდინოს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ტირაჟირების უარყოფითი სოციალური შედეგების გააზრება.
შესაბამისად, EMC მოუწოდებს:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას უზრუნველყოს კობა ბიწაძისა და ბექა გაბადაძის მიმართ გამოვლენილი მუქარის სხვადასხვა ეპიზოდის მთლიანობაში განხილვა და მისი არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის კონტექსტში შეფასება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია რომ გამოვლენილი ქმედებები სსკ-ის 144 3მუხლით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) დადგენილი სტანდარტით შეფასდეს და ასევე, უზრუნველყოფილი იქნას საქმეზე სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირება. ამასთან არსებითია, პროკურატურამ უზრუნველყოს აქტივისტებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და იდენტიფიცირებული პირების დროული გამოკითხვა;
ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ უზრუნველყოს ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების გატარება (მათ შორის, მითითებული ულტრაკონსერვატიული ჯგუფების საქმიანობისა და სოციალურ ქსელებში კომუნიკაციის მუდმივი მონიტორინგი, მათგან მომდინარე რისკების სათანადო გაზომვის მიზნით; მსგავსი ინციდენტების წინააღმდეგ კრიტიკული საჯარო განცხადებები გავრცელება) და დაზარალებული პირების მიმართ სპეციალური დაცვის ღონისძიებების (მათ შორის, განგაშზე გამოძახება) გამოყენება;
საქართველოს მთავრობას გაიაზროს ულტრაკონსერვატიული აგრესიული ჯგუფებისგან მომდინარე ძალადობის, ექსტრემიზმის რისკები და ახალგაზრდების ძალადობრივი რადიკალიზაციის პოლიტიკური და სოციალური მიზეზები და დაგეგმოს კომპლექსური სოციალური და საგანმანათლებლო პოლიტიკა მსგავსი მოძრაობების პრევენციისთვის. ამასთან არსებითია, მთავარობა გააძლიეროს ადამიანის უფლებებსა და თანასწორობაზე დაფუძნებული საჯარო რიტორიკა.
ინსტრუქცია