საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC), მის პარტნიორ ორგანიზაციასთან ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმიანობისთვის განგრძობადი და დისკრიმინაციული ხელშეშლის საქმეზე განმცხადებლების ინტერესებს იცავს.
განაცხადი ევროპულ სასამართლოში გაგზავნილია ა(ა)იპ ‘ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის’ და ქობულეთში მცხოვრები 7 მუსლიმი პირის სახელით. განმცხადებლები სასამართლოში დავობენ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა), მე-9 მუხლის (რელიგიის თავისუფლება), პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლება), პირველი დამატებითი ოქმის მეორე მუხლის (განათლების უფლება) და მათთან კავშირში კონვენციის მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) სავარაუდო დარღვევას. ეროვნულ დონეზე არაეფექტიანი გამოძიების ნაწილში განმცხადებლები კონვენციის მე-3 მუხლთან ერთად, ასევე უთითებენ კონვენციის მე-13 მუხლის (უფლება დაცვის ეფექტიან სამართლებრივ საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზეც.
2014 წლის სექტემბრიდან მუსლიმი თემი ვერ ახერხებს ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის გახსნას, ადგილობრივი მოსახლეობის, (რომელიც თავს მართლმადიდებელ ქრისტიანებს მიაკუთვნებს) წინააღმდეგობისა და დისკრიმინაციული დევნის გამო. პროტესტის გამოსახატად ადგილობრივმა მართლმადიდებლებმა 2014 წლის 10 სექტემბერს[1] იძულების უკიდურესი და მუსლიმი თემისთვის შეურაცხმყოფელი ფორმა აირჩიეს და შენობის შესასვლელთან ღორი დაკლეს, ხოლო შენობის კარზე დაკლული ცხოველის თავი ჩამოკიდეს. პროტესტმა უფრო მასშტაბური სახე 15 სექტემბერს მიიღო, როდესაც პანსიონატის გახსნა იგეგმებოდა. ამის შემდგომ, ადგილობრივმა მართლმადიდებლებმა 24-საათიანი მორიგეობა და პანსიონატში შესვლის პროცესზე კონტროლი დააწესეს. პროტესტი ამ ინტენსივობით გაგრძელდა 2014 წლის ნოემბრამდე, სანამ პანსიონატში მყოფი ბოლო განმცხადებელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა შენობა. ადგილობრივები პერიოდულად ისევ ახერხებდნენ პანსიონატის წინააღმდეგ ორგანიზებას (მაგ. შეკრება კიდევე ერთხელ გაიმართა 2015 წლის ივლისს). ამ პერიოდში განმცხადებლები მუდმივად ხდებოდნენ ისლამოფობიური, თურქოფობიური დამამცირებელი მიმართვების (მაგ. ‘თურქებო’, ‘თათრებო’ ‘მოღალატეებო’ ‘მუსლიმები აქ არ გვინდა’ ‘წადით აქედან თურქეთში და იქ ილოცეთ’) ადრესატები.
მუსლიმი თემის წინააღმდეგ განხორციელებული ხანგრძლივი დევნის დროს ინფორმირებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამას არცერთი მხარე უარყოფს და არაერთი ვიდეო მასალით დასტურდება, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი არსებითად მხოლოდ პასიური დაკვირვებით შემოიფარგლებოდა.
ამასთან, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაქვემდებარებულმა ადმინისტრაციულმა ორგანომ - შპს ‘ქობულეთის წყალმა’ ადგილზე პოლიციის გამოცხადების მიუხედავად, დღემდე ვერ მოახერხა შენობის წყალარინების სისტემაზე დაერთების სამუშაოების ჩატარება, რაც თავის მხრივ სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის მიერ მუსლიმი თემის წინააღდეგ განხორციელებულ პირდაპირი დისკრიმინაციის ფაქტად შეფასდა. [2]
საქმეზე არსებობს სამივე ინსტანციის ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც პანსიონატის გახსნის ხელშეშლას კერძო პირების მხრიდან რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის კვალიფიკაციას აძლევს. თუმცა, ეროვნულმა სასამართლოებმა არ აღიარეს შსს-ს პასუხისმგებლობა მიმდინარე უფლების შეზღუდვის ფაქტებზე.[3]
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 2014 წლის 10 სექტემბერს შსს ქობულეთის რაიონულ სამმართველოს მიერ ერთ-ერთი განმცხადებლისთვის პანსიონის გადაწვის მუქარის (სსკ-ის 151-ე მუხლი) ფაქტზე დაიწყო, თუმცა, არაერთი დასაბუთებული განცხადების მიუხედავად, ამ დრომდე განმცხადებლებს დაზარალებულის სტატუსიც კი არ აქვთ მინიჭებული. პრობლემური რჩება სადავო ქმედების კვალიფიკაციის საკითხიც, რადგან ის დევნის შემადგენელ მხოლოდ ერთ-ერთ განცალკევებულ ფაქტს ეხება, ამასთან არ ითვალისწინებს უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურებულ სიძულვილის მოტივს. პარალელურად, გამოძიება არ დაწყებულა პოლიციის თანამშრომლების შესაძლო დანაშაულებრივი უმოქმედობის შესახებ, რამაც შესაძლებელი გახადა მუსლიმი თემის უფლებების დარღვევა, ასევე ვერ უზრუნველყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამუშაოების შესრულება. ამასთან, გამოძიება, რომელიც უკვე 3 წელზე მეტი ხნით ჭიანურდება, მოკლებულია ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, რადგან მას შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ის პოლიციელები აწარმოებენ, ვინც შესაბამის პერიოდში თავად იყვნენ პასუხისმგებელი მუსლიმი თემის უფლებების დაცვაზე.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პანსიონატის ხელმძღვანელებს, თანამშრომლებსა და ბენეფიციარებს დღემდე არ ეძლევათ საშუალება ისარგებლონ მათ მფლობელობაში არსებული შენობით და პანსიონატში სასწავლო პროცესი განახორციელონ.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წინაშე საქმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ინდივიდუალური უფლებების აღდგენის გარდა, სახელმწიფოს დაეკისრება ვალდებულება აღმოფხვრას ტენდენცია, რომელიც რელიგიური უმცირესობების მიმართ განხორციელებული ძალადობის შეწყნარებას და ამ ფაქტების არაეფექტურ გამოძიებას უკავშირდება. რელიგიური უმცირესობების დაცვის კუთხით სახელმწიფოს დისკრიმინაციული პოლიტიკა გახდა, მათ შორის, რასიზმისა და შეუწყნარებლობის ევროპული კომისიის,[4] ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის,[5] ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისრის[6], გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის,[7] ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE)[8], ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამერბერგის[9] შეფასების საგანი, რაც ასევე დეტალურად არის მიმოხილული ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარდგენილ განცხადებაში.
განაცხადი მომზადებულია პროექტის „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაძლიერება დისკრიმინირებული რელიგიური თემებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).” პროექტი ხორციელდება ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული.
ინსტრუქცია