[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

EMC ხურვალეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავების საკითხს ეხმიანება

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის de facto რეჟიმის მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების აღმართვას, ასევე სოფელი ხურვალეთის მკვიდრის, დათა ვანიშვილის ოჯახის წევრების უკანონო დაკავების ფაქტს. პანდემიის გავრცელების პირობებში, მაშინ როცა ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში კრიტიკული რისკების წინაშე დგას, რუსეთი და de facto რეჟიმი აგრძელებს ე.წ. მცოცავ ოკუპაციას.

მიმდინარე წლის 17 აპრილს, სოფელ ტახტისძირში მცხოვრები მოსახლეობა მთელი დღის მანძილზე აკვირდებოდა როგორ აღმართეს საოკუპაციო ძალებმა მათ კუთვნილ მიწაზე ე.წ. სასაზღვრო ბანერები და ღობეები. სოფელ დირბის და ტახტისძირის მოსახლეობა აცხადებს რომ მათ de facto საზღვრის გადმოწევა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს, მათი სახნავ-სათესი მიწები, ხეხილის ბაღები ამ ღობეების მიღმა დარჩა. დაკარგული ათობით ჰექტარი ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვან საარსებო წყაროს წარმოადგენდა, თუმცა მათი განცხადებით, ხელისუფლებას რეაგირება მხოლოდ მას შემდეგ ჰქონდა, როდესაც ინფორმაცია მედიაში გავრცელდა. შემაშფოთებელია ასევე ხურვალეთის მკვიდრის, 87 წლის დათა ვანიშვილის ოჯახში მომხდარი ფაქტიც, როცა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, საოკუპაციო ძალებმა მისი ოჯახის ორი წევრი დააკავეს.

აშკარაა, რომ ის მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს საოკუპაციო რეჟიმებთან და რუსეთის ფედერაციასთან, საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით არ არის ეფექტიანი. ისინი დღეს სრულად ვერ პასუხობს იმ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე დგას de facto საზღვრის მიმდებარედ, ორივე მხარეს.

სწორედ ამიტომ, EMC კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო აქტორებმა უნდა გადახედონ არსებულ ფორმატებს და შეიმუშაონ ახალი პოლიტიკური და სამართლებრივი სტრატეგიები ამ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის, ჰუმანიტარული კრიზისის მართვისა და კონფლიქტების რეგულირების მიზნით.

ასევე, EMC მოუწოდებს საქართველოს მთავრობას

  • გააძლიეროს საერთაშორისო პოლიტიკური და დიპლომატიური მექანიზმები რუსეთის ფედერაციის მხრიდან მსგავსი ქმედებების აღსაკვეთად, მათ შორის, მიიღოს ყველა გონივრული ზომა დათა ვანიშვილის ოჯახის წევრების დროული გათავისუფლების მიზნით;
  • ეფექტიანად და უფრო აქტიურად გამოიყენოს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები ოკუპაციის რეჟიმის პირობებში ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით;
  • მიიღოს დროული პოზიტიური ნაბიჯები, საოკუპაციო ხაზს მიმდებარედ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის გასაძლიერებლად.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“