საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საქართველოს პარლამენტი განიხილავს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივას, უძრავი ნივთების უკანონო/არამართლზომიერი მფლობელების პოლიციის მეშვეობით, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე გამოსახლების გაუქმების თაობაზე. კანონპროექტი ითვალისწინებს, გამოსახლების განხორციელების შესაძლებლობას, მხოლოდ სათანადო სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე (იხილეთ ბმული).
მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ზედაპირულ ცვლილებებს შეიცავს. იგი ვერ პასუხობს, თავად ავტორის გაცხადებულ მიზნებს, ასუსტებს რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას და მოიცავს სხვა ხარვეზებს. თუმცა მთავარ პრობლემად გვესახება ის, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს უსახლკარო ან საცხოვრისიდან გამოსახლების რისკის წინაშე მდგარი პირების მძიმე უფლებრივ მდგომარეობას. შესაბამისად, ის არ პასუხობს უსახლკარობასა და იძულებით გამოსახლების პროცედურასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს. იძულებითი გამოსახლების საკითხი პირდაპირ კავშირშია უსახლკარობის პრობლემასა და მის სამართლებრივ რეგულირებასთან. მიუხედავად ამისა, კანონპროექტი ვერ ამსუბუქებს, რიგ შემთხვევაში კი, ქმნის უსახლკარო პირების უფლებრივი მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების პირობებს.
უსახლკარო პირთა უფლებების დაცვა იძულებითი გამოსახლებისას
დღეს, საქართველოში უსახლკაროდ დარჩენილ პირთა რიცხვი მასშტაბურია. კვლევები აჩვენებს, რომ უსახლკარობის მიზეზები განსხვავებულია, თუმცა, ისინი უმეტესწილად კავშირშია სახელმწიფო პოლიტიკის არაეფექტურობასთან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სოციალური დაცვის, ჯანდაცვის, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და სხვა. სათანადო დაცვის გარეშე დარჩენილი, გამოწვევების წინაშე მდგარი ოჯახებისთვის, გამოსავალი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან, ხშირად, ერთადერთი საცხოვრებლის გაყიდვა ან სესხის სანაცვლოდ იპოთეკით დატვირთვა ხდება, რაც უმეტეს შემთხვევაში ოჯახების უსახლკარობას განაპირობებს. უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები, თვითდახმარების მიზნით, იკავებენ სახელმწოფო და სხვა ობიექტებს და უმძიმეს პირობებში, გამოსახლების მუდმივი რისკის ქვეშ აგრძელებენ ცხოვრებას. უსახლკაროთა საცხოვრისის საკითხის კრიტიკულობის მიუხედავად, სახელმწიფოს არ გააჩნია, მისი შეფასების, საჭიროებების გამოვლენის, სტატუსის მინიჭებისა და საცხოვრისითა და სხვა სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფის ადეკვატური პოლიტიკა.
იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ვერ ახერხებს, აღწეროს გამოსახლებული პირები, მოახდინოს მათი დიფერენციაცია სოციალური მდგომარეობის მიხედვით და გამოსახლების პროცედურის აღსრულებისთანავე უზრუნველყოს უსახლკაროდ დარჩენილები სათანადო საცხოვრისით, იძულებითი გამოსახლების პროცესის დამყარება მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებაზე, არსებითად არ ცვლის გამოსახლების საფრთხის წინაშე მყოფ პირთა მდგომარეობას. შესაძლოა, ცვლილების ინიციატორი ვარაუდობს გამოსახლების პროცესის გადავადებას სამართალწარმოებისთვის საჭირო დროით, თუმცა ეს გამოსასახლებელი პირებისათვის მდგომარეობის შემსუბუქებად ვერ ჩაითვლება. კანონპროექტით სასამართლო გადაწყვეტილება, უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის შესახებ, მიეკუთვნება დაუყოვნებლივ აღსასრულებელ გადაწყვეტილებათა კატეგორიას, რაც შესაძლებელს ხდის, პირის გამოსახლებას სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. მეტიც, იმავე პროექტით, სასამართლოს, საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდეც კი, სარჩელის უზრუნველყოფის ფორმით შეუძლია დაადგინოს სადავო მფლობელობიდან მოპასუხის გამოსახლება.
კანონპროექტის შესაძლო უარყოფითი გავლენა მოწყვლად ჯგუფებზე
მიგვაჩნია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მათი შედეგების სათანადო გათვალისწინების გარეშე მოხდა. კერძოდ, არ არის გააზრებული გამოსახლებულ პირებზე, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებათა ხარჯების რეგრესის წესით დაკისრების შესაძლებლობა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ "სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალურად დაცვის ღონისძიებათა სრულყოფის შესახებ", საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის # 126 დადგენილების მიხედვით, სოციალურად დაუცველის სტატუსი არ ეძლევათ პირებს, რომლებმაც უსახლკარობის გამო, სახელმწიფო ობიექტები დაიკავეს. სტატუსის გაუქმება მასთან დაკავშირებული სარგებლის, მათ შორის სასამართლო ბაჟისა და სხვა სახელმწიფო ხარჯებისაგან გათავისუფლების შეწყვეტის საფუძველი გახდა. გამოსახლების პროცედურის შემდეგ, კრედიტორის მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში, შესაძლოა ამ პირებს რეგრესის წესით დაეკისროთ სასამართლო და სააღსრულებო წარმოებათა ხარჯების ანაზღაურება, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს მათ მდგომარეობას
დასკვნა
შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები აცდენილია უსახლკარობის საფრთხის წინაშე მდგარი ოჯახების რეალურ საჭიროებებს, არ მოიაზრებს ქმედითი მექანიზმების დანერგვას და შესაბამისად, ვერ იქონიებს რაიმე არსებით ეფექტს ისეთი მწვავე პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიცაა უსახლკარო პირების დაუცველობა სახელმწიფო თუ კერძო ობიექტებიდან მათი გამოსახლების პროცესში და მის შემდგომ. ეს უკანასკნელი სახელმწიფოს მხრიდან პრობლემის აღიარებას და უსახლკარო ჯგუფების უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მექანიზმების, მათ შორის, გამოსახლების პროცედურისას უფლების დაცვის სათანადო სტანდარტების, დადგენას უნდა გულისხმობდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, EMC აუცილებლად თვლის, რომ სახელმწიფომ:
ინსტრუქცია