[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

EMC-ის შეფასება მომსახურების სფეროში დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით  

biblusiფოტო: აუდიტორია 115

EMC ეხმიანება წიგნების მაღაზია „ბიბლუსი გალერი“-სა და სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკო“-ს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების (მოლარე-კონსულტანტების) მხრიდან სოციალური ქსელებით გავრცელებულ საჯარო მიმართვებს, რაც აღწერს დასაქმებულთა შრომით პირობებს და ხილვადს ხდის სამუშაო ადგილებზე არსებულ ჩაგვრის სისტემებს. ორივე შემთხვევა ცხადად აჩვენებს ერთი მხრივ მოქმედი კანონმდებლობის სისუსტეს, რაც აძლევს დამსაქმებელს კანონმდებლობის არასწორი განმარტებისა და კანონის მიზნის საწინააღმდეგო პრაქტიკის დადგენის შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ სახელმწიფო ზედამხედველობის მექანიზმების სისუსტეს, რაც ვერ უზრუნველყოფს შრომითი უფლებების დარღვევის პრევენციას და მათზე სათანადო რეაგირებას.

EMC შეფასებისას ეყრდნობა როგორც სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ასევე, კომპანიების მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებთან უშუალო გასაუბრების შედეგად მიღებულ ახსნა-განმარტებებს.

მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევები სხვადასხვა დასაქმების ადგილზე არსებულ შრომით მდგომარეობას შეეხება, სიმპტომატურია დასაქმებულთა მიერ დასახელებული მთავარი პრობლემების ერთგვაროვნება. როგორც სუპერმარკეტ „ფრესკოს“, ისე წიგნების მაღაზია „ბიბლუსი გალერის“  დასაქმებულების ინფორმაციით მათ მძიმე სამუშაო პირობებს განსაზღვრავს 60 საათიანი სამუშაო კვირა, არანააზღაურებადი/არასათანადოდ ანაზღაურებული ზეგანაკვეთური შრომა, სხვადასხვა ფუნქციის თანადროული შეთავსების ვალდებულება, დასვენების დროის არარსებობა („ბიბლუსი გალერის“ შემთხვევაში) და კომპანიის მატერიალური ზიანის კომპენსირების მიზნით, დასაქმებულთა უშუალო ბრალეულობის გარეშე შემოსავლის დაქვითვის პრაქტიკა, რაც ხშირად მნიშვნელოვნად ამცირებს და არაპროგნოზირებადს ხდის მათი თვიური შემოსავლის ოდენობას. დამატებით პრობლემად იკვეთება შიდა რეგულაციების გაუმჭვირვალობა და კომპანიის მხრიდან დაქვითვის მიზეზისა და მისი ოდენობის განსაზღვრის დაუსაბუთებლობის საკითხი. სუპერმარკეტ „ფრესკოს“ შემთხვევაში დასაქმებულებს არა აქვთ და არც იცნობენ შრომითი ხელშეკრულებების პირობებს.

არანორმირებული სამუშაო დრო და ზეგანაკვეთური შრომის აუნაზღაურებლობა

დასაქმებულებთა სამუშაო დრო კვირაში, როგორც წესი, 60 საათს შეადგენს. მათ მიერ ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს მიუხედავად, ის არ ანაზღაურდება დამსაქმებლის მხრიდან ან ანაზღაურდება ნორმირებულზე დაბალი ტარიფით. ამასთან, ზეგანაკვეთურ შრომას არ აქვს საგამონაკლისო ხასიათი და ის კომპანიებში რუტინული, დამკვიდრებული პრაქტიკაა.

შრომის კანონმდებლობით დადგენილი 40 საათიანი (საგამონაკლისო შემთხვევაში 48 საათი) ნორმირებული სამუშაო კვირის სტანდარტის არსებობის მიუხედავად, პრაქტიკაში 60 საათიანი სამუშაო კვირა „ნორმირებულ“ პრაქტიკად ჩამოყალიბდა, რაც ეწინააღმდეგება ზეგანაკვეთური შრომის საგამონაკლისო პირობებში გამოყენების იდეას და აზრს უკარგავს შრომის კოდექსის ჩანაწერს სამუშაო კვირის ნორმის განსაზღვრის თაობაზე. ამასთან, კანონმდებლობასთან ცხადად შეუსაბამო პრაქტიკას წარმოადგენს ზეგანაკვეთური შრომის აუნაზღაურებლობა ან მისი დაბალი ტარიფით ანაზღაურება.  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტით, ნორმირებული სამუშაო საათები არ უნდა აღემატებოდეს 40 (ზოგიერთ საწარმოში 48) სამუშაო საათს კვირაში, ხოლო დღიური სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს.[1]ამავე სტანდარტით, ზეგანაკვეთური სამუშაოს დაკისრება დასაქმებულებზე შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ, როგორც გამონაკლისი შემთხვევა, იმ პირობით, თუ გასული სამკვირიანი პერიოდის განმავლობაში ნამუშევარი საათების საშუალო რაოდენობა არ იქნება დადგენილ ნორმაზე მეტი.[2] ამ მიზნებისათვის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ურჩევს სახელმწიფოებს, დაადგინონ ზეგანაკვეთური სამუშაო საათების რაოდენობის ზედა, „გონივრული“ ზღვარი, რაც უნდა იცავდეს დასაქმებულს ფიზიკური და გონებრივი გადაღლისაგან, სტრესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისაგან.[3]

დამსაქმებლის ზიანის შემთხვევაში პასუხისმგებლობის თანამშრომლებზე ბრალეულობის გარეშე და დაუსაბუთებლად დაკისრებისა და შემოსავლის დაქვითვის პრაქტიკა

დასაქმებულები კომპანიისათვის დამდგარი ზიანის ანაზღაურების ე.წ. დანაკლისების სქემის გაუმჭვირვალობასა და მათთვის მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრების ბუნდოვან და უსამართლო სისტემაზე მიუთითებენ, რაც კანონმდებლობის უგულებელყოფით არ ითვალისწინებს დასაქმებულის ბრალეულობის საკითხის შეფასებას და კომპანიისათვის დამდგარი საერთო ზიანის კომპენსირებას ყველა დასაქმებულის შემოსავლიდან დაუსაბუთებლად ახდენს, რაც სუპერმარკეტ „ფრესკოს“ შემთხვევაში დასაქმებულთა თვიური ხელფასის 50%-საც კი აღემატება. ამასთან, დასაქმებულები მიუთითებენ, რომ დაწესებულებებში არ არსებობს  მონიტორინგის სათანადო სისტემა, რაც დაიცავდა კომპანიას დანაკარგებისაგან, ხოლო მატერიალური პასუხისმგელობის დასაქმებულებზე დაკისრების სქემით, კომპანია თავს არიდებს გააუმჯობესოს დაწესებულების დაცვითი სისტემები და თავად აიღოს პასუხისმგელობა პროდუქციის მეთვალყურეობაზე, ნაცვლად ამ პასუხისმგებლობის სხვა თანამშრომლებზე გადატანისა, რომელთა მოვალეობაში არ შედის დაწესებულების ინვენტარის დაცვის ფუნქციის განხორციელება.

საქართველოს შრომის კოდექსით, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას დაშვებულია დაქვითვა შრომითი ანაზღაურებიდან, მაგრამ არა უმეტეს შრომითი ანაზღაურების 50%-ისა. შესაბამისად, გამოვლენილი პრაქტიკა ცხადად წინააღმდეგობაშია დაქვითვის დასაშვებ ოდენობასთან. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობით, პირისათვის ზიანის მიყენების გამო პასუხისმგებლობის დაკისრებისას აუცილებელია კონკრეტული ზიანის ფაქტის დადგენა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის განსაზღვრა ზიანსა და დამდგარ შედეგს შორის, რაც დასახელებულ შემთხვევებში არ ხდება და პირის ბრალეულობის გამოვლენისა და დასაბუთების გარეშე დასაქმებულთა კოლექტიურ პასუხისმგებლობას გულისხმობს. საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტებით მნიშვნელოვანია საკანონმდებლო წესით განისაზღვროს მიყენებული მატერიალური ზიანისას, დასაქმებულთა ხელფასიდან ჩამოჭრის იმგვარი პროცედურები, რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალე და სამართლიან პროცესს. ასევე სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ყოველი ასეთი დისციპლინური ზომის გამოყენებისას, დასაქმებულს ჰქონდეს საჩივრის წარდგენის ადეკვატური გარანტიები.[4] ამასთან, ანაზღაურების პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და შესაძლებელი იყოს იმის გარკვევა, თუ რამდენია დარიცხული ხელფასი, რამდენია ჩამოჭრილი ოდენობა და რა მიზეზით განხორციელდა ასეთი ჩამოჭრა. დასაქმებული დეტალურად და კონკრეტულად უნდა იყოს ინფორმირებული ყველა გარემოების შესახებ, რაც შესაძლოა გახდეს ხელფასიდან თანხის დაქვითვის საფუძველი.[5]

EMC-ის მიერ დასაქმებულთა შრომით უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის მიზნით მომსახურების სექტორში ჩატარებული თვისებრივი კვლევა ასევე აჩვენებს დღისა და კვირის სამუშაო დროის არანორმირებულობის, თანამშრომლებს შორის უფლებამოვალეობების გაუმიჯნაობის, ზეგანაკვეთური შრომის ინტენსივობის, კომპანიის მატერიალური ზიანის კომპენსირების მიზნით დასაქმებულების შემოსავლიდან თანხების თვითნებური დაქვითვისა და გადაცდომებისას დასაქმებულთა არაპროპორციული ფულადი სანქცირების პრაქტიკებს მათი დისციპლინირებისთვის.[6]

მომსახურების სფეროში დასაქმებულთა მძიმე შრომითი პირობები და მათი უფლებრივი მდგომარეობა, მისი ერთგვაროვანების გათვალისწინებით, არა იზოლირებულ პრაქტიკებად, არამედ შრომითი ექსპლუატაციის სისტემური პრობლემის გამოვლინებად იკითხება და შრომის პოლიტიკის ფუნდამენტურ ხარვეზებზე მიუთითებს. სახელმწიფოს შრომის ადმინისტრირების სისტემა, მისი სისუსტის, ფორმალურობისა და არაქმედითობის პირობებში, ვერ უზრუნველყოფს შრომის უფლების ბაზისური გარანტიების რეალიზებასა და დასაქმების ადგილებზე  დამკვიდრებული კანონსაწინააღმდეგო პრაქტიკების გარდაქმნას.

EMC განაგრძობს მიმდინარე პროცესების, მათზე სახელმწიფო ზედამხედველობის პროცესის მონიტორინგს და სამართლებრივ დახმარებას უწევს როგორც „ბიბლუსი გალერის,“ ასევე სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებს.

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Forty-Hour Week Convention, 1935 (No. 47),  Article 1(a).

[2] ILO 1919 წლის კონვენცია #1, მუხლი 2 (c).

[3] ILO სამუშაო საათების ზოგადი კვლევა. 2005 წ.პარაგრაფი 143-145.

[4] ILO ს ზოგადი კვლევა ხელფასების დაცვასთან დაკავშირებით. (2003წ. პარა. 242, 244).

[5] კომიტეტის რეკომენდაცია # c110 , მუხლი 31-32.

[6] კვლევის სრული ვერსია შეგიძლია იხილოთ მითითებულ ბმულზე: https://emc.org.ge/2017/01/16/emc-202/

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“