[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

EMC-ის მოსაზრებები „შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე

18 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონის პროექტი განიხილება.

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) დადებითად აფასებს საქართველოს პარლამენტის ინიციატივას დახვეწოს შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონი, აღმოფხვრას კანონმდებლობაში ამ მიმართულებით არსებული ძირითადი ხარვეზები და მეტად დაუახლოვოს ის საერთაშორისო  სტანდარტებს. თუმცა შემოთავაზებული ცვლილებები კვლავ არ ქმნის სრულყოფილ საკანონმდებლო ჩარჩოს შრომითი უფლებების ეფექტიანი და სამართლიანი  დაცვის მიზნით.

კანონის მოქმედების სფერო

მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციის თანახმად, შრომითი უსაფრთხოების სტანდარტები ვრცელდება მხოლოდ, დასაქმებულთა ვიწრო სპექტრზე, კერძოდ კი, მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე. ხოლო, მითითებული სფეროების ჩამონათვალს თავის მხრივ განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. აღნიშნული მნიშვნელოვან წინააღმდეგობაში მოდიოდა ამ მიმართულებით არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან და კანონის მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენდა. წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, 2019 წლის 1 სექტემბრიდან კანონის მოქმედების სფეროში ექცევა დასაქმების ყველა სექტორი, რაც ნამდვილად პოზიტიურ ნაბიჯს წარმოადგენს. თუმცა, კანონპროექტის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ის, რომ შრომის უსაფრთხოების კონცეფცია განხილულია მხოლოდ დასაქმებულის ფიზიკური კეთილდღეობის კონტექსტში და თითქმის უგულვებელყოფილია შრომის უსაფრთხოების სფეროში ფსიქო-სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის საკითხი.  შესაბამისად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად, კანონმდებლობით ექსპლიციტურად განისაზღვროს შრომითი უსაფრთხოების კონტექსტში სამუშაო სივრცეში ფსიქო-სოციალური კეთილდღეობის ხელშეწყობის პრინციპი და შესაბამისი გარანტიები..

ამასთან, კანონის მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს კანონის მოქმედების სფეროს არ გავრცელება შრომითი ურთიერთობების სფეროზე.  შრომის უსაფრთხოების მიღმა, ჩვენს რეალობაში მწვავე და სისტემურ პრობლემად დგას შრომითი უფლებებისა და ექსპლოატაციისგან დაცვის საკითხი. ამ პირობებში დასაქმებულების მიმართ სამართლიანი შრომითი გარემოს ხელშეწყობისთვის აუცილებელია  გაფართოვდეს ინსპექციის მანდატი და ინსპექტირება განხორციელდეს არამხოლოდ შრომით უსაფრთხოებაზე, არამედ შრომით უფლებებზეც.

შრომის ინსპექციის დაშვება სასამართლოს გარეშე

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ინსპექტირების მექანიზმს არაშერჩევითი კონტროლის (რაც ინსპექციის მთავარ საქმიანობას უნდა წარმოადგენდეს) განხორციელებისას, სჭირდება წინასწარი სასამართლო თანხმობა დაშვების თაობაზე. დასაქმების ადგილზე საზედამხედველო ორგანოს უპირობო დაშვების არარსებობა, შრომის ინსპექტირების მექანიზმს ართმევს დარღვევაზე სწრაფი რეაგირების საშუალებას და შედეგად, ამცირებს მისი დაუყოვნებელი და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებზე, სადაც  მომეტებულია დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების/ხელყოფის რისკი.[1]

2019 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება შრომის ინსპექტირების საზედამხედველო ორგანოს უპირობო დაშვების მექანიზმი სასამართლოს კონტროლის გარეშე.  მიუხედავად ცვლილებების პრინციპული მნიშვნელობისა, მათი ამოქმედების ვადის 2019 წლის 1 სექტემბრისთვის გადავადება არსებითად ასუსტებს მათ პოზიტიურ შინაარს. 

სამშენებლო უსაფრთხოების სფეროში სანქციების განსაზღვრა

2018 წლის დასაწყისში კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, გამკაცრდა სანქციის ოდენობა ქ. თბილისში მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის და პირი მსგავსი სამართალდარღვევისთვის 30 000 ლარით ჯარიმდება, რაც დარღვევის პრევენციისთვის ეფექტური მექანიზმი აღმოჩნდა. სანქციების გამკაცრება პროპორციულად უნდა განხორციელდეს სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სადაც დარღვევისთვის სანქცია მხოლოდ 500 ლარს წარმოადგენს. ასევე უნდა მოხდეს სანქციების დიფერენცირება მშენებლობის ხასიათიდან გამომდინარე.

შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერება

შრომის ინსპექციის მანდატის გაზრდაზე საუბრის პარალელურად აუცილებელია ხაზი გაესვას ინსპექციის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და გაძლიერების უზრუნველყოფას. აუცილებელია დაუყოვნებლივ დაიწყოს შრომის პირობების ინსპექციის დეპარტამენტის დამოუკიდებელ ორგანოდ ტრანსფორმირების პროცესი.  ასევე გამოწვევას წარმოადგენს ინსპექციის რეგიონული წარმომადგენლობის არარსებობა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს შრომითი პირობების ინსპექციის დეპარტამენტის საქმიანობას თბილისის გარეთ.

EMC მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევა მოუწევს, რათა უზრუნველყოს დამოუკიდებელი და ძლიერი შრომის ინსპექციის  შექმნა და ფუნქციონირება, აღნიშნულ პროცესში კი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს პარლამენტსაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფო არ შემოიფარგლოს მხოლოდ კანონპროექტში ასახული ცვლილებების მიღებით და აქტიურად გაგრძელდეს სამუშაო პროცესი შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის მიზნით ძლიერი და დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოსა და სტანდარტების ჩამოყალიბების მიზნით.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

 

[1] შრომის საერთაშორისო კონფერენციის 95­ე სესია, 2006 წელი. კონვენციებისა და რეკომენდაციების გამოყენების შესახებ ექსპერტთა კომიტეტის ანგარიში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“