EMC-იმ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას წარუდგინა მოსაზრებების ნაწილი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.
წინადადებები ძირითადად შეეხება მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებას, პროკურატურისა და სამართალდამცავი ორგანოების მოწყობისა და ფუნქციონირების პრინციპებს, ასევე მათი დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გაზრდის კონსტიტუციურ გარანტიებს.
უფრო კონკრეტულად, EMC-ის მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია კონსტიტუციური რეფორმის პროცესმა მოიცვას შემდეგი საკითხები:
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) სტატუსის, მისი დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების საკითხების კონსტიტუციურ დონეზე განსაზღვრა;
- სუს-ის ხელმძღვანელის არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესები;
- საქართველოს პროკურატურის სამართლებრივი სტატუსი და ბუნება, ასევე პროკურატურის ანგარიშვალდებულებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის საკითხები;
- მთავარი პროკურორის თანამდებობაზე არჩევის და თანამდებობიდან გადაყენების წესი;
- დაუსჯელობის პრობლემასთან ეფექტური ბრძოლის მიზნით, სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად გამოძიების კონსტიტუციური გარანტიები;
- ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობის გარანტიების უზრუნველყოფისთვის 3 წლიანი საგამოცდო ვადის გაუქმების საკითხი, ასევე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სამართლებრივი შეცდომისთვის მოსამართლის პასუხისმგებლობისგან დაცვის გარანტიები, იმუნიტეტის მოხსნის გაუმჯობესებული წესი და სხვა;
- სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებისთვის ფინანსური დამოუკიდებლობის საკითხები, მოსამართლეთა კონფერენციის როლის გაძლიერება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობის კონსტიტუციურ დონეზე განსაზღვრის საკითხი. წარდგენილი წინადადებების სრულად ნახვა შესაძლებელია თანდართულ დოკუმენტში. EMC ასევე გეგმავს კომისიას საკუთარი მოსაზრებები მიაწოდოს კონსტიტუციის სხვა თავებთან დაკავშირებით.
გაეცანით დოკუმენტის სრულ ვერსიას ⇓
კონსტიტუციური_რეფორმის_პროცესი.pdf