[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

EMC-ის განცხადება ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით

ტოლერანტობა არის მშვიდობის, სოციალური სამართლიანობისა და პიროვნებისა და კონკრეტული ჯგუფების თავისუფალი განვითარების საფუძველი. ტოლერანტობა გულისხმობს არა მხოლოდ უცხოს თმენასა და განსხვავებული სოციალური, კულტურული, რელიგიური თუ სხვა ჯგუფების დაშორიშორებასა და მათ უსაფრთხო თანაარსებობას, არამედ ამ ჯგუფებს შორის კავშირს, ურთიერთრეფლექსიასა და ჰარმონიულ განვითარებას ერთიან სოციალურ სივრცეში. ტოლერანტობა უფრო მეტია, ვიდრე განსხვავებულის თმენის ვალდებულება, ის ”სხვის” შემეცნებას, ემპათიასა და მთლიანობაში სოლიდარული სოციალური გარემოს არსებობას გულისხმობს.

საზოგადოებაში ტოლერანტრობის, როგორც ღირებულების, დამკვიდრება ხანგრძლივი პროცესია და ის რთულ სოციალურ და ისტორიულ პროცესს წარმოადგენს. ტოლერანტობის დამკვირდება გულისხმობს, როგორც საზოგადოებაში არსებული ძალადობრივი აღქმებისა და მიდგომების გააზრებასა და მათ დამარცხებას, ისე საკუთარი იდენტობის დადგენისა და განვითარებისთვის კულტურული მრავალფეროვნების საჭიროების დანახვას.

საზოგადოებაში არატოლერანტულ, ძალადობრივ წარმოდგენებსა და მიდგომებს განაპირობებს მთელი რიგი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ფაქტორები, მათ შორის, მძიმე სოციალური მდგომარეობა, განათლების არასაკმარისი დონე, ისტორიული პროცესების გაუაზრებლობა, რომელიც საზოგადოებაში ტრავმებსა და შიშებს ტოვებს. ადამიანი გაუცხოებული და ატომიზირებულია შექმნილი ეკონომიკური, სოციალური და იდეოლოგიური სისტემების გამო. ძალადობა სტრუქტურულ ხასიათს ატარებს და ის გვხვდება ყველა დონეზე - ოჯახში, სკოლაში, საზოგადოებაში, სახელმწიფოში. ამიტომ მნიშვნელოვანია ტრადიციული სტრუქტურული სისტემების გააზრება და მათი დეკონსტრუქცია.

აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტა მოითხოვს ძალისხმევას როგორც სახელმწიფოს, ისე სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა, მათ შორის, რელიგიური ჯგუფების/ეკლესიების მხრიდან.

სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება გაატაროს სამართლიანი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა, საზოგადოებაში არსებული უთასწორობის გადაწყვეტისთვის. სახელმწიფო ვალდებულია ადამიანებს თანაბარი სასტარტო პირობები შეუქმნას განვითარებისთვის. ამ მიზნისთვის სახელმწიფომ უნდა მოახდინოს სხვადასხვა დაუცველი ჯგუფების იდენტიფიცირება და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის სათანადო პოზიტიური ვალდებულებები განახორციელოს. ამასთან, სახელმწიფომ უნდა შექმნას ხელმისაწვდომი განათლების სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება ადამიანის თავისუფლების, პლურალიზმისა და ტოლერანტობის ღირებულებებზე.

სამოქალაქო საზოგადოებამ განსაკუთრებით უნდა გაიაზროს საზოგადოებაში ტოლერანტობის დეფიციტის საკითხი და შექმნას ამ პრობლემაზე მსჯელობისა და მისი გააზრებისთვის საჭირო სივრცეები. ძალადობრივი წარმოდგენებისა და ქცევების მანიფესტაციისთვის, მათი კრიტიკისთვის სამოქალაქო საზოგადოებამ შეიძლება გამოიყენოს ყველაზე ეპატაჟური და რადიკალური ფორმებიც კი და სახელმწიფოს, უმრავლესობასა და სხვადასხვა ძალადობრივ ჯგუფებს მოსთხოვოს ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების დაცვა.

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც სწორედ ადამიანთა თავისუფლებისა და თანასწორობის ღირებულებებზეა დაფუძნებული. აღნიშნული მოძრაობის საჯარო სივრცეში რეპრეზენტაცია დაემთხვა ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, რაც სიმბოლურიაა და ემთხვევა მის ფილოსოფიას. ჩვენ გვჯერა, რომ მთავარი ღირებულებაა ადამიანი ისეთი, როგორადაც ის თავისთავს ადგენს და ის იმსახურებს აღიარებსა და პატივისცემას სხვების მხრიდან. ჩვენ სახელმწიფოს ვთხოვოთ სათანადო პირობების შექმნას, ჩვენს შორის კი ვქმნით სოლიდარულ, თავისუფალ და გახსნილ სოციალურ სივრცეს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“