[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

EMC-ის განცხადება დემურ სტურუას დედის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე

470_14017587_10154047053868800_300324411_n_-_Copy_1

როგორც ცნობილია დღეს, 2016 წლის 3 სექტემბერს, ღამის სამ საათზე, დემურ სტურუას დედის - ნონა ჯოჯუას და მისი შვილის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში მოწმედ დაკითხული ერთ-ერთი პირის მიერ. დემურ სტურუას დედას აღენიშნება დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში.

დაზარალებულის მიერ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისთვის“ მიცემული განმარტების თანახმად, მასზე თავდასხმა უკავშირდება აღნიშნული მოწმის უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნონა ჯოჯუამ დემურ სტურუას საქმის გამოძიების პროცესში იგი გარკვეულ კონტექსტში დაასახელა სამართალდამცავ ორგანოებთან, რის შემდეგაც მოხდა ამ პირის მოწმის სახით დაკითხვა პროკურატურაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს სამტრედიის პოლიციის განყოფილება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული ცემის ფაქტზე.

დემურ სტურუას დედის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გვსურს განვაცხადოთ, რომ სტურუას ოჯახის უსაფრთხოებისთვის პირველ რიგში არსებითი მნიშვნელობა აქვს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტის დროულ გამოძიებას და დასრულებას, ისევე როგორც უკვე ახალი ძალადობის საქმეში ობიექტურ, სწრაფ და სრულყოფილ გამოძიებას. იმ პირობებში, როცა დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში ბრალდებული პოლიციის თანამშრომელია და ადგილობრივი პოლიციის მიმართ ოჯახს ნდობა არ გააჩნია, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია, რომ ნონა ჯოჯუას ფიზიკური შეურაცხყოფის საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინსიტრომ აწარმოსს. ამდენად, მიგვაჩნია, რომ საქმე დროულად უნდა გადაეცეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას, რომელიც პოლიციის თანამშრომელთა მონაწილეობის გარეშე გამოიძიებს ხსენებულ შემთხვევას.

როგორც ითქვა, დემურ სტურუას ოჯახის წევრებზე განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები გამოძიების მიერ ამ ეტაპზე დაკვალიფიცირებულია ცემად (სსკ-ის 125-ე მუხლი). ნონა ჯოჯუას ახსნა-განმარტების მიხედვით, მასზე ფიზიკური თავდასხმის მომენტიდან მოძალადე პირის მიერ სატელეფონო ზარებით და მესიჯებით გრძელდება სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რაც გამოძიების მიერ ასევე უნდა იქნეს გათვალისწინებული და გამოძიება მათ შორის უნდა გაგრძელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს.

გამოძიების სწორად და ეფექტურად მიმდინარეობის მიმართ ასევე ეჭვს ბადებს ერთის მხრივ დაზიანებების ხარისხი, ისევე როგორც გამოძიების მხოლოდ ცემის ფაქტზე დაწყება. ცემის დანაშაული სასჯელის სახით არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, რაც პროცესუალურად არ იძლევა იძულებითი ღონისძიების - დაკავების გამოყენების საშუალებას. ასევე მოძალადის მიერ ნონა ჯოჯუას მიმართ დღეს არაერთხელ განხორციელებული მუქარის მხედველობაში მიუღებლობა გამოძიების მიერ იძლევა გამოძიების უნდობლობის საფუძველს. ასევე, მიგვაჩნია, რომ დღევანდელი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი არ უნდა იყოს აღქმული დემურ სტურუას საქმის გამოძიებისგან იზოლირებულად. გამოძიებამ აღნიშნული ძალადობა, მათ შორის, უნდა შეაფასოს დაზარალებულზე და მოწმეებზე (მათ შორის, პოტენციურ მოწმეებზე) შესაძლო ზეწოლის ფაქტად.

გარდა ამისა გაუგებარია აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ნონა ჯოჯუას ცემა ხსენებულ პირთან პირადი ხასიათის კონფლიქტის შედეგია. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე გამოძიება დღეს დაიწყო, საგამოძიებო მოქმედებები ამ მომენტამდე ხორციელდება და საქმის მოტივი ჯერ გამოკვეთილი არ არის ეჭვს ბადებს შსს-ს მიერ ძალადობის მოტივის წინასწარი დასახელება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ეს კიდევ ერთი დამატებითი მიზეზია ნიშანია დემურ სტურუას დედის ცემის საქმის პროკურატურის მიერ დაქვემდებარებისთვის.

ასევე, დემურ სტურუას ოჯახის წევრთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია მსგავსი ძალადობრივი შემთხვევების პრევენციის მიზნით მათ მიმართ გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიება, ვინაიდან გარდაცვლილი სტურუას ოჯახის წევრები შიშის და დაუცველობის ქვეშ იმყოფებიან და მათზე განმეორებითი თავდასხმის თავიდან აცილებისთვის ამ ეტაპზე არანაირი ღონისძიება არ არის მიღებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, EMC-ის მიაჩნია, რომ დემურ სტურუას დედის ფიზიკური შეურაცხყოფის საქმის სწორად გამოძიებისთვის აუცილებელია:

  • საქმეზე გამოძიება გააგრძელოს პროკურატურამ;
  • კვალიფიკაციის შეცვლა მოხდეს ნონა ჯოჯუას სხეულის დაზიანებების სიმძიმის გათვალისწინებით და გამოძიება ასევე დაიწყოს შემდგომი მუქარის ფაქტებზე;
  • ნონა ჯოჯუასა და მისი შვილის მიმართ გამოყენებული იქნას დაცვის სპეციალური ღონისძიები მათი უსაფრთხოების მიზნით;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავი შეიკავოს დანაშაულის შესაძლო მოტივებზე მითითებისგან, სანამ შესაბამისი დეტალები გამოძიების მხრიდან არ იქნება გამოკვეთილი.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“