საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), 31 მარტს, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ. სარჩელი შეეხება სამინისტროს მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ფაქტს.
მიმდინარე კვლევის ფარგლებში (2012-2013 წლებში ნარკოდანაშაულების პრაქტიკის ანალიზი), EMC-იმ, 2014 წლის 14 იანვარს, წერილით მიმართა შსს-ის და მოითხოვა საჯარო ინფორმაცია იძულებითი ნარკოტესტირების თაობაზე. კერძოდ, რა პროცედურები გამოიყენება ნარკოტესტირებისას, იძულების რა ღონისძიებებს მიმართავენ სამართალდამცავი ორგანოები წარდგენილი პირის მიერ ტესტირებაზე უარის თქმის შემთხვევებში და პირის უარი ნარკოტესტირებაზე ითვლება თუ არა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად.
აღნიშნული საკითხით დაინტერესება, გამოიწვია ნარკოტესტირების ბოლო წლების პრაქტიკამ. სტატისტიკის მიხედვით, 2008-2013 წლებში საექსპეტო დაწესებულებაში ნარკოტესტირებაზე წარდგენილი იყო 189 881 პირი, საიდანაც მხოლოდ 34%-ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.
სამინისტრომ რეაგირების გარეშე დატოვა EMC-ის 14 იანვრის განცხადება, რის საფუძველზეც მიმდინარე წლის 18 თებერვალს EMC-მ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა შესაბამის თანამდებობის პირს. თუმცა, სამინისტრომ კვლავაც უპასუხოდ და განუხილველად დატოვა ორგანიზაციის საჩივარი.
მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის მოთხოვნიდან 2 თვეზე მეტია გასული, სამინისტროსგან ინფორმაცია ამ დრომდე მიღებული არ არის. შსს-იმ წარმოადგინა მხოლოდ შუალედური წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ EMC-ის განცხადება განხილვის პროცესშია. შსს-ის ამგვარი დამოკიდებულება უხეშად არღვევს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე და მიუთითებს სამინისტროს გულგრილ დამოკიდებულებაზე საკუთარი ვალდებულებების მიმართ.
აქედან გამომდინარე, EMC-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სარჩელის მიზანია, სასამართლოს მეშვეობით, მოხერხდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მასზე კანონის მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულება და მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემა დაინტერესებული მხარისათვის.
ინსტრუქცია