[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

EMC ეხმიანება რკინიგზელთა საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავების შემთხვევებს

ფოტო:ლიბერალი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება 24 აგვისტოს, რკინიგზის ადმინისტაციის შენობის წინ შიმშილობის აქციის მონაწილეებისა და აქტივისტების მიმართ პოლიციის მიერ სავარაუდო ძალის გადამეტებისა და აქციის მონაწილეთა თვითნებური დაკავების ფაქტებს. ორგანიზაცია პროკურატურას მოუწოდებს დაიწყოს გამოძიება პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე.

შრომით დავასთან დაკავშირებით რკინიგზის თანამშრომლების შიმშილობის აქცია 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობს, რასაც რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან სათანადო რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია, რაც შრომითი დავის გადაწყვეტის პროცესს აჭიანურებს და მოშიმშილეებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარების რისკების წინაშე აყენებს. ამასთან, მთელი ამ დროის განმავლობაში პოლიცია მოშიმშილეებს ადმინისტრაციის შენობის წინ კარვების გამართვის შესაძლებლობას არ აძლევდა, რაც შეკრების თავისუფლებაში უკანონო და უხეშ ინტერვენციას წარმოადგენს და მოშიმშილეებს უფლებით სრულყოფილი სარგებლობის შესაძლებლობას უზღუდავს.

24 აგვისტოს მოშიმშილეების მოთხოვნების სრული უგულებელყოფისა და ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, რომლითაც პროფკავშირის სარჩელი კარვების გაშლის დაშვების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, შეკრების მონაწილეებმა შიმშილობის გაგრძელება ქუჩიდან ადმინისტრაციის შენობაში გადაწყვიტეს. მოშიმშილეების მხრიდან ადმინისტრაციის შენობაში შესვლის ინიციატივას პოლიციის ინტენსიური წინააღმდეგობა მოჰყვა, რის დროსაც აქციის 3 მონაწილე დააკავეს. დაკავებული პირები პოლიციას რამდენიმე საათის განმავლობაში რკინიგზის ადმინისტრაციის შენობაში ჰყავდა მოთავსებული.

მოგვიანებით, დაკავებული პირების პოლიციის მანქანებით გაყვანას ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეების მშვიდობიანი წინააღმდეგობა მოჰყვა. ისინი გზაზე განთავსდნენ, პოლიციის მანქანებს წინ აღუდგნენ და ამ ფორმით შეეცადნენ დაკავებისგან მოშიმშლილეების და აქტივისტების დაცვას. აღნიშნულ მოქმედებას, პოლიციის აგრესიული საპასუხო რეაგირება მოჰყვა. პოლიციამ ყოველგვარი გაფრთხილებისა და გონივრული დროის მიცემის გარეშე, დაიწყო გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება და შეკრების მონაწილეების გზიდან გადაყვანა უხეში და არაპროპორციული საპოლიციო ძალის გამოყენებით.

მას შემდეგ რაც პოლიციამ გზის გათავისუფლება და პოლიციის მანქანებით დაკავებულების გაყვანა მოახერხა, მიმდებარე ქუჩაზე მყოფი შეკრების მონაწილეების დაკავება უხეში საპოლიციო ძალის გამოყენებით დაიწყო, რასაც თან ახლდა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ ეპიზოდში, პოლიციამ დამატებით 7 აქტივისტი დააკავა. ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდა აქციის ორი მონაწილე, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაპირისპირების დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლებიც. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულების ნაწილს სხეულზე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ.

მედიაში გავრცელებული ვიდეო მასალა და EMC-ის მიერ თვითმხილველებისაგან აღებული ახსნა-განმარტებები, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან საპოლიციო ძალის უხეში და არაპროპორციული გამოყენების ფაქტებზე მიუთითებს. ამასთან, არსებული ვიდეო მასალა აჩვენებს რომ პოლიციის მხრიდან აქტივისტების ნაწილის დაკავება უხეში საპოლიციო ძალით იმ პირობებში განხორციელდა, როდესაც მათი მხრიდან რაიმე წინააღმდეგობა არ მომდინარეობდა და არც რაიმე სახის სამართალდარღვევის ჩადენას ჰქონდა ადგილი. ამასთან, მოქალაქეების მიმართ პირდაპირი საპოლიციო ძალის გამოყენება და დაკავება პოლიციამ ყოველგვარი გაფრთხილებისა და ახსნა-განმარტების გარეშე მოახდინა.

EMC მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას განგრძობითად და უხეშად არღვევდნენ აქციის მონაწილეების შეკრების თავისუფლებას, რაც კარვების განთავსების შეზღუდვაში გამოიხატებოდა. 24 აგვისტოს კი პოლიციამ უხეში და არაპროპორციული ძალის გამოყენებით დააკავა აქციის მონაწილეები, რაც შეკრების მონაწილეთა უფლებების არათანაზომიერ შეზღუდვაზე მიუთითებს. ადამიანის უფლებათა სტანდარტებზე დაფუძნებული ქმედებები პოლიციის მხრიდან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მხარეებს შორის ისეთი შრომითი დავების შემთხვევაში, რომელიც შიმშილობისა და ქუჩის საპროტესტო აქციების პირობებში მიმდინარეობს. ცხადად ჩანს, რომ რკინიგზელების 10 დღიანი პროტესტის განმავლობაში, პოლიციის ქმედებები მიმართული იყო დასაქმებულთა წინააღმდეგობის დასუსტებისკენ, რაც დამსაქმებელი საწარმოს ინტერესების მიმართ ლოიალობაზე მიუთითებს.

შეკრებებისა და მანიფესტაციების მიმდინარეობისას პოლიციის ქცევის ანალიზი აჩვენებს, რომ ამ დრომდე პრობლემურია პოლიციის მიერ მოქალაქეებთან სათანადო კომუნიკაციისა და შეკრების თავისუფლების მაღალი სტანდარტით დაცვის საკითხი. შეკრების მიმდინარეობის დროს ესკალაციის შემთხვევებზე პოლიციას არ გააჩნია შეკრების თავისუფლების სასარგებლოდ სიტუაციის მართვის გამოცდილება და შესაბამისი პოლიტიკური ნება. პოლიცია მეტწილად ადმინისტრაციული და ბიზნეს ინტერესების დამცველ ინსტრუმენტად ოპერირებს, რომელიც დაცლილია ადამიანის უფლებებზე და სამართლიანობაზე დაფუძნებული მიდგომებისგან.

EMC, პოლიციის ქმედებების გათვალისწინებით, მიმართავს საქართველოს პროკურატურას შესაბამისი საგამოძიებო ქვემდებარეობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყოს გამოძიება პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამატების ფაქტზე, რამაც უფლებების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“