[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა / განცხადება

EMC დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თვითნებურ პრაქტიკას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. EMC მიიჩნევს, რომ არაკონსტიტუციურია კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებიც ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად ართულებს პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების პროცესს, მეორე მხრივ კი, სტატუსის მინიჭების შემთხვევაშიც, სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულის მონაწილეობას არსებითად ზღუდავს.

მოსარჩელე პირები არიან მალხაზ მაჩალიკაშვილი და ქობულეთში მდებარე მუსლიმური პანსიონატის ადმინისტრაციის წარმომადგენელი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე საქმეში არსებობდა გარემოებები, რის გამოც როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილს, ისე პანსიონატის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დაზარალებულისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი უნდა მინიჭებოდათ, მათ ამგვარი სტატუსი დღემდე არ აქვთ, რაც არსებითად ზღუდავს მათ მონაწილეობას სამართალწარმოების პროცესში.

დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მოქმედი კანონმდებლობა იძლევა თვითნებური განმარტების შესაძლებლობას, რასაც პრაქტიკაში, პროკურორი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე დაუსაბუთებელი უარის თქმის საფუძვლად იყენებს ხოლმე. შესაბამისად, დაზარალებულისთვის გაურკვეველი რჩება სტატუსზე უარის თქმის მიზეზი.

გარდა ამისა, პრობლემურია ის საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც საშუალებას აძლევს პროკურატურას, დაზარალებულის სტატუსის მქონე პირს, „გამოძიების ინტერესებიდან“ გამომდინარე, უარი უთხრას საქმის მასალების გაცნობაზე. იმ შემთხვევაში კი, როდესაც დაზარალებულს საქმის მასალების გაცნობის უფლება ეძლევა, მას არ აქვს შესაძლებლობა გააკეთოს მასალების ასლები, რაც არსებითად ართულებს გამოძიების პროცესში პირის სრულფასოვან მონაწილეობას.

იმ შემთხვევაში კი, როდესაც ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულებზე პროკურატურა წყვეტს ან არ იწყებს სისხლისსამართლებრივ დევნას, დაზარალებულს, არსებული კანონდებლობით, არ ეძლევა უფლება, პროკურორის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.

EMC მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ნორმები არაკონსტიტუციურია კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებით. ხოლო კანონმდებლობის ის ნორმები, რომლის მიხედვითაც, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ან არდაწყების დროს, პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შედეგაგად დაზარალებულებს აქვთ, აგრეთვე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-11 მუხლით აღიარებულ თანასწორობის პრინციპს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“