[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

EMC და საია: მოვუწოდებთ პარლამენტს გაატაროს შრომის რეფორმა

EMC და საია მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, გაატაროს დასაქმებულების ბაზისური უფლებების გარანტირებისთვის აუცილებელი შრომის კანონმდებლობის რეფორმა.

ქვეყანაში მასობრივად ირღვევა შრომითი უფლებები. საფრთხის შემცველი და ღირსების შემლახავი სამუშაო გარემო, დაურეგულირებელი სამუშაო დრო, შესვენებისა და დასვენების გარეშე მუშაობა, არაანაზღაურებადი ზეგანაკვეთური შრომა, სამუშაო ადგილზე დისკრიმინაცია და უფლებების შელახვის სხვა გავრცელებული პრაქტიკა, შრომის კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმების სისუსტის ფონზე, მშრომელების მასობრივ ექსპლუატაციასა და მოწყვლადობას განაპირობებს.

დადებითად ვაფასებთ შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ისეთ ცვლილებებს, როგორიცაა: შესვენებისა და დასვენების დროის დარეგულირება; დასაქმებულის შრომითი დისკრიმინაციისგან დაცვის სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესება და გონივრული მისადაგების ცნების განსაზღვრას; ნორმირებული სამუშაო დორის ახლებურად მოწესრიგება; ზეგანაკვეთური სამუშაოს გაზრდილი ტარიფით ანაზღარუების გარანტირება, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირება და სხვ. გარდა ამისა, მივესალმებით, შრომის ინსპექციის ინსტიტუციურ გაძლიერებასა და მისი მანდატის გაზრდას, რაც შრომითი უფლებების ეფექტური აღსრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

თუმცა, სამწუხაროდ, კანონპროექტთა პაკეტი კვლავ არ ითვალისწინებს ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ჭერს, არ გვთავაზობს ხელშეკრულების შეწყვეტის ამომწურავ საფუძვლებს, არ შემოაქვს სოლიდარული გაფიცვის თუ მამობის შვებულების უფლება, ძალაში ტოვებს დეკრეტული შვებულების უკიდურესად დაბალ ანაზღაურებას და სხვა მიმართულებებით რჩება არასრულყოფილი.

ინიცირებული კანონპროექტთა პაკეტი ითვალისწინებს მნიშვნელოვან დებულებებს, ევროდირექტივებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებით დაწესებულ სტანდარტებს, რომელთა კანონმდებლობაში ასახვა და რეგულირება დასაქმებულთა უფლებების გაძლიერებასა და მათ პრაქტიკაში რეალიზებას არსებითად შეუწყობს ხელს. თუმცა, ამავე დროს, რიგი საკითხების სუსტი რეგულირება თუ გაუთვალისწინებლობა პაკეტის მნიშვნელოვან ნაკლად რჩება. მოვუწოდებთ პარლამენტს, მხარი დაუჭიროს მშრომელების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი გარანტიების კანონმდებლობაში ასახვასა და აღსრულების მექანიზმების გაძლიერებას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“