[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

EMC და საია ეხმიანებიან შპს “ჯორჯიან მანგანეზის” უკანონო გადაწყვეტილებას ხელფასების ცალმხრივად შემცირების შესახებ

ჩვენი ორგანიზაციები ეხმიანებიან შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ 2020 წლის 20 მარტს გავრცელებულ განცხადებას შუქრუთის მოსახლეობის პროტესტის გამო, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის საწარმოო პროცესის ნაწილობრივ შეჩერებისა და დასაქმებულების ხელფასების შემცირების თაობაზე და მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უხეშად არღვევს საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ ნორმებს, წარმოადგენს შუქრუთის მოსახლეობისა და კომპანიაში დასაქმებული ადამიანების დაპირისპირების აშკარა მცდელობას და სახელმწიფოს მიერ კომპანიის სალიცენზიო პირობებზე სათანადო მონიტორინგის ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგია.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტის გამო, 2020 წლის 17 თებერვლიდან კომპანიის მაღაროების ფუნქციონირება შეჩერებულია და შექმნილი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიის გადაწყვეტილებით, პირველი მარტიდან 20 მარტის ჩათვლით დასაქმებულები მოცდენის პერიოდში არსებული ანაზღაურების მხოლოდ  60%-ს მიიღებენ. დასაქმებულის სურვილის შემთხვევაში, აღნიშნულ პერიოდში, ანაზღაურებადი შვებულების შემთხვევაში კი მათი ანაზღაურება 100% იქნება. 20 მარტიდან აპრილის ბოლომდე, დასაქმებულები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღურების მხოლოდ 60%-ს მიიღებენ.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მცხოვრები მოსახლეობის პროტესტის არსი. შუქრუთის მოსახლეობა ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერსა და ნოემბერში ითხოვდა შპს „ჯორჯიან მანგანეზისგან“ იმ ზიანის კომპენსირებას, რომელიც, მოსახლეობის თქმით, მათ სახლებსა და საცხოვრებელ გარემოს კომპანიის საქმიანობის გამო მიადგა. შუქრუთელები აცხადებენ, რომ ზიანის კომპენსირების შესახებ კომპანიასთან მიღწეული სიტყვიერი შეთანხმებები არაერთხელ დაირღვა, რამაც თებერვლის თვიდან ადგილობრივების მხრიდან წინააღმდეგობის კვლავ განახლება, შუქრუთის მაღაროების ბლოკირება და მათი მუშაობის შეფერხება გამოიწვია.

სახელმწიფოს მიმართ გაჟღერდა არაერთი მოწოდება უზურუნველეყო სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება, შეესწავლა მიწისქვეშა სამუშაოების ფუნქციონირებით სოფლებისათვის მიყენებული ზიანი, დაედგინა აღნიშნულ ზიანზე სამართლებრივად პასუხიმგებელი მხარე და მიეღო შესაბამისი ზომები. სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან ადგილობრივების სამართლიანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დღემდე არაფერი გაკეთებულა.

სახელმწიფოს მიერ საკუთარი ვალდებულებების უგულებელყოფამ, მათ შორის, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სახელზე გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიიის პირობების დაცვის სათანადო კონტროლის განუხორციელებლობამ, დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებზე სოციალური პასუხიმგებლობის აღებაზე უარის თქმამ და მუდმივმა უმოქმედობამ ჭიათურის მუნიციპალიტეტი და მოსახლეობა მძიმე ეკოლოგიური და სოციალური კატასტროფის წინაშე დააყენა.

თავის მხრივ, მოსახლეობის სამართლიანი პროტესტისა და მაღაროების საქმიანობის შეჩერების ფონზე, კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ხდება კომპანიაში დასაქმებული ადამიანების ხელფასების დაკლება, წარმოადგენს კანონის უხეშ დარღვევას. ასევე, ამ გადაწყვეტილებით, კომპანია აჩენს შუქრუთის მოსახლეობასა და დასაქმებულებს შორის კონფლიქტს და ცდილობს მოლაპარაკებების პროცესში დამატებითი ბერკეტების მოპოვებას.

შრომითი უფლებები დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს შრომის კოდექსითა და საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებით. არსებული სამართლებრივი სივრცე, დამსაქმებელს ავალდებულებს ყველა ღონე იხმაროს შრომითი ურთიერთობის შემაფერხებელი გარემოებების აღმოსაფხვრელად.

როდესაც შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და გადაჭრის ნაცვლად არჩევს საქმიანობის შეჩერებას, ეს ნაბიჯი უნდა ჩაითვალოს დამსაქმებლის ბრალით გამოწვეულ საქმიანობის იძულებით მოცდენად. ამ პერიოდში, შრომის კოდექსის[1] თანახმად, დასაქმებულს უნდა შეუნარჩუნდეს სამუშაო ადგილი და შრომის ანაზღაურება უნდა მიეცეს სრული ოდენობით.

კანონმდებლობის თანახმად, შრომის ანაზღაურება და გადახდის წესი, შრომის ხელშეკრულების არსებით პირობას წარმოადგენს,[2] ხოლო შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით.3  ხელფასის ოდენობის ან გადახდის პირობების შეცვლა დამსაქმებლის მხრიდან, დასაქმებულის თანხმობის გარეშე ბათილ გადაწყვეტილებას წარმოადგენს.4

შექმნილი მდგომარეობისა და კომპანიის მიერ სათანადო რეაგირებების განუხორციელებლობის ფონზე, შპს “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ მიღებული გადაწყვეტილება, დასაქმებულთა თანხმობის გარეშე შეამციროს მათი ხელფასები უკანონო და სამართლებრივად ბათილ გადაწყვეტილებად უნდა ჩაითვალოს.

გაუგებარია კომპანიის პირობა, რომლის თანახმადაც 2020 წლის პირველი მარტიდან 20 მარტამდე საქმიანობის იძულებით მოცდენისას, დამსაქმებლებს 100%-იანი სახელფასო ანაზღაურება მიეცემათ მხოლოდ ანაზღაურებადი შვებულების გამოყენების შემთხვევაში. საქართველოს შრომის კოდექსის5 თანახმად, დასაქმებული უფლებამოსილია ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში 24 სამუშაო დღით. ანაზღაურებადი შვებულება წარმოადგენს დასაქმებულის უფლებას და ვერ ჩაანაცვლებს დამსაქმებლის ვალდებულებას, დასაქმებულებს კუთვნილი ხელფასები სრულად გადაუხადოს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ:

 

შპს “ჯორჯიან მანგანეზს”:

  • არ დაარღვიოს საქართველოს შრომის კოდექსი და დასაქმებულებს იძულებითი მოცდენის პერიოდში, სრულად აუნაზღაუროს კუთვნილი ხელფასები;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს:

  • დაინტერესდეს შუქრუთის და ჭიათურის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების მოსახლეობის წუხილებით და სპეციალური კომისიის შექმნის გზით, შეისწავლოს ადამიანების ბუნებრივ და სოციალურ (მათ შორის ჯანმრთელობაზე) გარემოზე ზემოქმედების მასშტაბი და ფორმები, ასევე, შეიმუშავოს ზიანის დაანგარიშების მეთოდოლოგია და უზრუნველყოს კომისიის დასკვნითი დოკუმენტების საჯაროობა;

სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოს:

  • შეისწავლოს შუქრუთში და სხვა სოფლებში მაღაროების ოპერირების გეოლოგიური ზეგავლენა და დაადგინოს არის თუ არა კავშირი აღნიშნულსა და მოსახლეობის საკუთრებისა და ინფრასტრუქტურისათვის მიყენებულ ზიანს შორის.
  • შეამოწმოს, თუ რამდენად სრულდება შუქრუთსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში წიაღით სარგებლობისთვის დადგენილი წესები და ნორმები და შპს “ჯორჯიან მანგანეზზე” გაცემული ლიცენზიის პირობები;

სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს:

  • ჩაატაროს შუქრუთის და ჭიათურის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების მაღაროების პერიოდული სპეციალური ტექნიკური ინსპექტირება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს:

  • შუქრუთსა და ითხვისში გარემოს დაბინძურების და ბუნებრივი რესურსებით არარაციონალური (და შესაძლოა უკანონო) სარგებლობის აღკვეთისა და პრევენციისათვის განახორციელოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო კონტროლი.

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განაგრძობს ადგილზე არსებული სიტუაციის მონიტორინგს და სურვილის შემთხვევაში, შუქრუთის მოსახლეობას და შპს “ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებულებს გაუწევს სამართლებრივ დახმარებას, მათ შორის, დავის სასამართლოში წარმოების გზით.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი პუნქტი.

[2] საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი

3 საქართველოს შრომის კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი

4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი

5 საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“