[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

EMC და „აუდიტორია 115“ პროფესიული კავშირების გაერთიანებაში მიმდინარე არჩევნების პროცესს ეხმაურებიან

ფოტო: ლიბერალი

2017 წლის 14-15 სექტემბერს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (GTUC) მართავს ყრილობას გაერთიანების ახალი თავმჯდომარის არჩევის მიზნით, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია პროფესიული კავშირების, როგორც დასაქმებულთა შრომითი და სოციალური უფლებებისა და სოციალური სამართლიანობისათვის ბრძოლის მნიშვნელოვანი ინსტიტუტის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით. არსებითად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია პროფესიული კავშირების გაერთიანებამ მოახერხოს სახელისუფლებო და ასევე კაპიტალის პირდაპირი გავლენებისგან დამოუკიდებელი და დასაქმებულთა მაღალი მხარდაჭერისა და ნდობის მქონე თავმჯდომარის არჩევა, რათა მოხდეს ორგანიზაციის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა, მათ შორის, შიდა-დემოკრატიის და გამჭვირვალობის გაზრდა, საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობის მოპოვება და დასაქმებულთა უფლებებისა და შრომის პოლიტიკის სისტემური გარდაქმნისთვის ეფექტიანი ბრძოლის სტრატეგიების დასახვა.

გაერთიანებაში მიმდინარე საარჩევნო პროცესისა და მისი შედეგების მიმართ განსაკუთრებულად მაღალი მოლოდინია დასაქმებულების, პირველადი პროფესიული კავშირების, დარგობრივი გაერთიანებებისა და ზოგადად საზოგადოების მხრიდან, რამდენადაც ძლიერი პროფკავშირული გაერთიანება უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, საზოგადოების სოციალური კეთილდღეობისთვის, მოსახლეობის ეკონომიკური პოტენციალის ზრდისთვის და მშრომელთა ფიზიკური და სოციალური დაცულობის უზრუნველყოფისთვის.

სახელმწიფოს მხრიდან ბიზნეს ინტერესების სასარგებლოდ დარღვეული ბალანსის, დასაქმებულთა მძიმე უფლებრივი მდგომარეობის, სახელმწიფოს თანმიმდევრული შრომითი და სოციალური პოლიტიკის არარსებობის, შრომის ადმინისტრირების სისტემის სისუსტისა და პროფესიული კავშირების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის დეფიციტის ფონზე, პოლიტიკურ დღის წესრიგში განსაკუთრებული სიმძაფრით დგება ძლიერი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული პროფკავშირული გაერთიანების არსებობა, რომელიც მშრომელთა უფლებების დაცვითა და სოციალური პოლიტიკის გაძლიერების გზით თანაბრად ჩადგება როგორც პროფესიული კავშირების წევრი, ასევე მის არაწევრი დასაქმებულების სამსახურში.

დღეს მიმდინარე პროცესები პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. არსებული მდგომარეობა ერთის მხრივ არაჯანსაღ პროცესზე მიუთითებს, ხოლო მეორეს მხრივ მნიშვნელოვნად აზიანებს პროფესიული კავშირების იდეას და ფართო საზოგადოებაში მის მიმართ დისკრედიტაციას განაპირობებს.

წინასაარჩევნო პროცესზე დაკვირვება და კანდიდატად იმგვარი პირის პოზიციონირება რომელსაც არ გააჩნია პროფკავშირული ბრძოლის გამოცდილება და აქტიური პროფკავშირული ორგანიზაციების ნდობა აჩენს ეჭვებს პოლიტიკური ხელისუფლების ზეგავლენაზე და მაღალ ინტერესზე თავისი დაქვემდებარების ქვეშ მოაქციოს პოლიტიკური წინააღმდეგობის რესურსის მქონე ორგანიზაცია, რაც უკიდურესად დაასუსტებს პროფესიული კავშირების როლს და გაანეიტრალებს მას როგორც სოციალური სამართლიანობისათვის მებრძოლ მნიშვნელოვან აქტორს. ამასთან, პროფესიული კავშირების წევრები მიუთითებენ დელეგატებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაზე დასახელებული კანდიდატის სასარგებლოდ, რაც აძლიერებს ეჭვებს სახელისუფლებო ჯგუფების უშუალო და პირდაპირი ჩარევის შესახებ წინაასაარჩევნო პროცესში, რაც სრულიად დაუშვებელია და წინააღმდეგობაშია პროფესიული კავშირების პოლიტიკური ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლობის შენარჩუნების აუცილებლობის იდეასთან, რისი უზრუნველყოფაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

მეორეს მხრივ, თავად პროფესიულ კავშირებში მიმდინარე შიდა პროცესები კრიტიკის საფუძველს აჩენს. რამდენადაც პროფესიული გაერთიანების მიმართ არსებული მწვავე და დასაბუთებული კრიტიკის პირობებში, რაც გაერთიანების მიმართ საზოგადოების დაბალ ნდობაში, გამჭვირვალობისა და შიდა-დემოკრატიულობის დეფიციტში, პროფესიული კავშირების დაბალ გავლენაში, შრომითი დავების არაეფექტიან წარმართვაში და სხვა მნიშვნელოვან პრობლემებში გამოიხატება.

პროფესიული კავშირების ამჟამინდელი გაერთიანების სამგზის არჩეული თავმჯდომარის მხრიდან თავისი კანდიდატურის მეოთხედ წამოყენებამ, დიდი უკმაყოფილება გააჩინა თავად პროფკავშირული ორგანიზაციის წიაღში, რაც საბოლოო ჯამში შიდა განხეთქილების და დაპირისპირების საფუძველი გახდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ პროფკავშირების გაერთიანების არსებულმა ინსტიტუციურმა სისტემამ ვერ უზრუნველყო დასაქმებულების მაღალი მხარდაჭერის მქონე კანდიდატის წარმოქმნა და პირველად ორგანიზიაციებში არსებული მოლოდინების გამართლება, რაც თავის მხრივ შიდა დემოკრატიული პროცესის არარსებობაზე და არარეპრეზენტატიულ პოლიტიკაზე მეტყველებს, სადაც გადაწყვეტილებების მიღება და პროცესების მართვა არაინკლუზიურად მიმდინარეობს და სათანადოდ არ ხდება მშრომელთა სხვადასხვა ჯგუფების პროცესებში ინტეგრირება თუ მათი ინტერესების გათვალისწინება.

არსებულ მოცემულობაში, როდესაც განსაკუთრებულად მაღალია საქართველოს პროფესიული კავშირებში შიდა დაპირისპირების და გაერთიანების დაშლის საშიშროება, კიდევ უფრო მატულობს სახელისუფლებო ძალების მხრიდან პროცესებზე გავლენის მოხდენის საფრთხე, რამდენადაც თავჯდომარეობის პოზიციაზე წამოყენებული კანდიდატებიდან არცერთი მათგანი არ სარგებლობს მშრომელთა ფართო ჯგუფების მხარდაჭერით. ამ გარემოებას კი განსაკუთრებულ კრიზისში შეყავს მიმდინარე პროცესი და მაღალ რისკებს უქმნის პროფესიული კავშირების გაერთიანების დამოუკიდებლობას და ლეგიტიმაციას.

შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვნად მიგვაჩნია პროფესიულ კავშირებში მიმდინარე საარჩევნო პროცესმა შესაძლებელი გახადოს პროფესიული კავშირების როგორც ორგანიზაციის გადარჩენა და დატოვოს მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები. ქვეყნის განვითარებისთვის უპირობოდ აუცილებელია დამოუკიდებელი, ძლიერი და მშრომელთა ინტერესების გამტარებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების არსებობა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით, გამართული მმართველობითი სტრუქტურით და სწორად დაგეგმილი პოლიტიკით შეძლებს მშრომელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფას, მათ გაძლიერებას და მხარდაჭერას.

არსებულ მოცემულობაში მოვუწოდებთ:

  • ხელისუფლებას უზრუნველყოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის არჩევის პროცესში მისი სრული ჩაურევლობა, რათა პროფესიულ კავშირებს მიეცეს საარჩევნო პროცესის დამოუკიდებლად წარმართვის შესაძლებლობა;
  • მოვუწოდებთ დასახელებულ კანდიდატებს გაითვალისწინონ პროფესიული კავშირების გაერთიანების როლი და მნიშვნელობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღონ პროფესიული კავშირების განვითარებისა და მისი წევრების საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“