საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
EMC არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართულობის, წლების მანძილზე, მოუგვარებელ პრობლემას ეხმაურება. ბავშვთა სიღარიბის მაღალ მაჩვენებელთან და განათლების სისტემაში არსებულ ჩავარდნებთან ერთად, ბავშვთა აზარტულ თამაშებში მონაწილეობა მძიმე გამოწვევად რჩება, რომელიც ქრონიკული სიღარიბისა და ფსიქოსოციალური პრობლემების რისკს ზრდის. არასრულწლოვანთათვის უსაფრთხო გარემოსა და ჯანსაღი განვითარების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, EMC საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უმოკლეს დროში შეიმუშავოს აზარტული თამაშების მკაცრი რეგულირების მექანიზმები და არ დაუშვას მათში არასრულწლოვანთა მონაწილეობა.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ აზარტულ თამაშებში ჩართული არასრულწლოვნების შესახებ გამოქვეყნებული საგანგაშო კვლევის მიხედვით 15 წლამდე მოზარდთა 34%-ს ერთხელ მაინც უთამაშია აზარტული თამაში, 27%-ს კი - ბოლო 1 წლის განმავლობაში. ამგვარი აქტივობების ადრეული ასაკიდან დაწყება ზრდასრულ ასაკში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების განვითარების რისკს ზრდის.[1] ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თამაშზე დამოკიდებულება დაავადებად/აშლილობად მიიჩნია და შესაბამისი კლასიფიკაციაც მიანიჭა, ევროპის კომისიამ კი მიიღო რეკომენდაციები ონლაინ აზარტული მომსახურებების მომხმარებელთა და მოთამაშეთა დაცვისა და მცირეწლოვანთა ონლაინ აზარტული თამაშებისგან დაცვის შესახებ.[2] დოკუმენტი მოუწოდებს სახელმწიფოებს, დაარეგულირონ აზარტული თამაშები და სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით (მათ შორის, აზარტული თამაშების რეკლამირების მკაცრი რეგულირებით, ასაკის შემოწმების მექანიზმითა თუ კონტროლის პროგრამებით) უზრუნველყონ აღნიშნულ თამაშებში არასრულწლოვნების ჩართვის პრევენცია. მიუხედავად არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისაგან დაცვის შესახებ ბავშვის უფლებათა კოდექსის ჩანაწერებისა და აზარტულ და მომგებიან თამაშებში ბავშვების ჩართვის აკრძალვისა,[3] სახელმწიფოს კვლავ არ შეუქმნია ეფექტიანი საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩო როგორც პრევენციის, ისე პრობლემაზე რეაგირების მიმართულებით.
სათამაშო ბიზნესი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან სექტორად რჩება. დღეს საქართველოში მოქმედი 10 ყველაზე მსხვილი კომპანიიდან 3 ტოტალიზატორია. სექტორის ბრუნვამ, 2018 წელს, 14 მილიარდ ლარს გადააჭარბა. სათამაშო ბიზნესის დაბეგვრით მიღებული შემოსავლები ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტების ხელშესახებ წილს შეადგენენ. აზარტულ თამაშებში ჩართვა უამრავი პრობლემის საფუძველია - მათ შორისაა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ფინანსური პრობლემები, დასაქმებასთან და განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე უსახლკარობა, სუიციდი და სხვა.[4] კრიზისის პირობებში, ეს რისკები განსაკუთრებით სახიფათო ხდება. კორონავირუსის პანდემია საქართველოს უამრავ მოქალაქეს მძიმე ეკონიმიკური წნეხის ქვეშ აყენებს. ცნობილია, რომ ეკონომიკური კრიზისები აზარტულ თამაშებში ჩართულობას ზრდის, თუმცა საქართველოში მოქმედ ონლაინ ტოტალიზატორებსა და კაზინოებს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მუშაობა არ შეუწყვეტიათ და თვითიზოლაციის პირობებში მყოფი მომხმარებლების მიზიდვას ახალი მარკეტინგული კამპანიებით ცდილობდნენ.
ბავშვთა აზარტულ თამაშებში მონაწილეობა ოჯახებისთვის დამატებით ეკონომიკურ სირთულეებს აჩენს, არასწრულწლოვანთათვის კი ქრონიკული სიღარიბის რისკს ზრდის. ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფები უფრო ხშირად ერთვებიან აზარტულ თამაშებში, აზარტულ თამაშებში ჩართულობა კი, თავის მხრივ, სიღარიბის კვლავწარმოებას უწყობს ხელს. შესაბამისად, საქართველოში აზარტული თამაშების ფართო გავრცელება და სათამაშო ბიზნესის ზომა მძიმე სოციალური ფონის სიმპტომიცაა და მისი შენარჩუნების ინსტრუმენტიც. არსებული უმძიმესი სოციალური მდგომარეობის ფონზე - უახლესი მონაცემებით საქართველოში ყოველი მესამე, ანუ დაახლოებით 200,000 ბავშვი სიღარიბეში იზრდება - აზარტული თამაშებისა და მათში არასრუწლოვანთა ჩართულობის გავრცელება გადაუდებელი სახელმწიფო ინტერვენციის აუცილებლობას ქმნის.
2019 წლიდან, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციისა და ამ მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კომპონენტი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ნაწილია. თუმცა პრევენციის პოლიტიკა მხოლოდ საინფორმაციო კამპანიებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს და უნდა მოიცვას აზარტულ თამაშებში ჩაბმის განმაპირობებელი ფაქტორების კვლევა და ამ კვლევის საფუძველზე კონკრეტული ინტერვენციების დაგეგმვა. მთავრობის მიერ საკითხის არაპრიორიტეტულად მიჩნევის გამო, სახელმწიფო არათუ არ ზრუნავს ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებასა და ფინანსური რესურსების მობილიზაციაზე, არამედ წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შეამცირა იმ კომპონენტის დაფინანსება, რომელიც ნივთიერება დამოკიდებულებისა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციას ისახავს მიზნად.[5] ამასთან, ქვეყანას დღემდე არ შეუმუშავებია სუიციდის პრევენციის პროგრამები/სტრატეგია, რომლის დაგეგმვისა თუ განხორციელების პროცესში დააიდენტიფიცირებდა სუიციდისა თუ მისი მცდელობების გამომწვევ მიზეზებს, მათ შორის, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მიმართებას სუიციდთან; კვლევის შედეგებზე დაყრდნობით კი გადადგამდა შესაბამის ნაბიჯებს.
ამავდროულად, მნიშვნელოვანია დაწყებითი განათლების სისტემის როლი როგორც არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართულობის შემცირებაში, ისე სხვა ფსიქოსოციალური პრობლემების თავიდან აცილებაში. კვლევების თანახმად, სკოლაში შესაბამისი ღირებულებებისა და ნორმების დანერგვას მოსწავლეთა შორის აზარტულ თამაშებში ჩართულობის შემცირება შეუძლია.
პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად, გამოწვევას წარმოადგენს სახელმწიფოს რეაგირებითი პოლიტიკაც. მნიშვნელოვან პრობლემად უნდა ჩაითვალოს აზარტული თამაშების რეკლამირების დაურეგულირებლობა. კაზიონებისა და ტოტალიზატორების მარკეტინგული კამპანიები შესაძლოა თამაშზე დამოკიდებულების რისკს ზრდიდნენ, ხოლო მათთვის, ვინც დამოკიდებულების დაძლევას ცდილობენ, დამატებით სირთულეებს აჩენდნენ. საგულისხმოა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული თვითიზოლაციის პირობებში მარკეტინგული კამპანიები მომრავლდა, რაც მათ შესაძლო ნეგატიურ გავლენას კიდევ უფრო ზრდის.
ამასთან, სუსტია რელევანტური საკანონმდებლო ნორმების აღსრულების მექანიზმები - განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფოს არაეფექტიანი კონტროლი არასრულწლოვნების აზარტულ თამაშებში ჩართვის პროცესებთან დაკავშირებით.[6] პრობლემურია ონლაინ სამორინეებში რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რაც აზარტულ თამაშებს ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომს ხდის. შესაბამისად, არსებობს მისი მკაცრი რეგულირების აუცილებლობა. უმნიშვნელოვანესია, რომ რეგისტრაციის პროცედურებმა არასრულწლოვანთა ჩართულობა გამორიცხოს, ასაკის დაუდგენლად რეგისტრაცია კი შეუძლებელი გახდეს. ამასთან, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკაში სახელმწიფოს ვალდებულებების სიმწირე/არარსებობა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირების, მათ შორის, არასრულწლოვნების, იდენტიფიცირების, მათი საჭიროებების შესწავლის, როგორც სამედიცინო, ისე სოციალურ სფეროში მათი მხარდაჭერისა და სარეაბილიტაციო სერვისების მიწოდების მიმართულებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ
საქართველოს პარლამენტს:
საქართველოს მთავრობას:
[1] დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელი ევროპის სასკოლო კვლევა, 2016, გვ. 43; Review of the implementation of selected provisions of European Union Commission Recommendation 2014/478/EU across EU States, გვ.26, https://www.egba.eu/uploads/2018/12/181206-Consumer-Protection-in-EU-Online-Gambling-EBGA-Report-December-2018.pdf
[2] იხ. https://icd.who.int/browse11/l-m/en#/http://id.who.int/icd/entity/1041487064;
[3] იხ. ბავშვის უფლებათა კოდექსი, მ. 62, 64; ასევე, საქართველოს კანონი “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ”, მ. 32; Commission Recommendation of 14 July 2014 on principles for the protection of consumers and players of online gambling services and for the prevention of minors from gambling online (2014/478/EU).
[4] იხ. მაგ. https://www.who.int/health-topics/addictive-behaviours#tab=tab_1.
[5] მაგ. 2019 წელს დაფინანსება შეადგენდა 163 500 ლარს, ხოლო 2020 წელს - 70 000 ლარს.
[6] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2019, გვ. 340
ინსტრუქცია