საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო პერიოდში მიმდინარე მძიმე პროცესებს, მათ შორის, რამდენიმე საათის წინ მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის შორენა ღლონტის გათავისუფლების საკითხს და მიიჩნევს, რომ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა საგანგაშო რისკების წინაშე დგას და დაუყოვნებელი ზომების მიღებას საჭიროებს.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში EMC ინტენსიური სამუშაო შეხვედრები გამართა მაუწყებლის რედაქტორებთან და ჟურნალისტებთან და მიიჩნევს, რომ მაუწყებელში არსებული მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. აჭარის მაუწყებელმა ბოლო წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის მიმართ ნდობა გააჩინა და ის პოლიტიკური და კომერციული გავლენებისგან თავისუფალი, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის საჯარო სივრცის მიცემისა და პროგრესული იდეების გავრცელების უნიკალური სივრცე გახდა. თუმცა, მაუწყებელში ახალი მენეჯმენტის მოსვლის, რასაც წინ უძღოდა ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის თვითნებური და პოლიტიკური კონოტაციის მქონე იმპიჩმენტი, შემდეგ სისტემაში შემაშფოთებელი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.
ახალმა დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები, რომელთა როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის, სხვადასხვა პროცედურითა და საფუძვლით შეზღუდა. კონტაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების მკვეთრი შემცირებისა და შევიწროების პრაქტიკის შემდეგ მალევე 2020 წლის 2 თებერვალს მაუწყებელი დატოვა დირექტორის მოადგილემ ნათია ზოიძემ. პროცედურებისა და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესის დარღვევით საშტატო ნუსხაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, 2020 წლის 19 თებერვალს მაია მერკვილაძე ახალი ამბების სამსახურის სარედაქციო მიმართულებით უფროსის მოადგილის პოზიციიდან გადაყვანილი იქნა რადიო მაუწყებლობის სამსახურში. ახალი ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი, თვითნებური და უსაფუძვლო დისციპლინური დევნის შემდეგ, დღეს 2020 წლის 28 თებერვალს დირექტორმა გაათავისუფლა. რეალურად ახალმა დირექტორმა სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრაზე პასუხისმგებელი ყველა საკვანძო პოზიციის მქონე პირი გაათავისუფლა და მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა საგანგაშო რისკების წინაშე დააყენა.
მაუწყებლის თანამშრომლებმა ჩვენთან შეხვედრის დროს მიუთითეს, რომ მათი ის ნაწილი, ვინც საჯარო გამოხატავს კრიტიკას ახალი დირექტორის გადაწყვეტილებების მიმართ, ხდება შევიწროების ობიეტი. ასევე, ადგილი აქვს მათთან დაკავშრებული ინფორმაციის შეგროვებას, რაც ჟურნალისტების მიმართ მტრულ სამუშაო გარემოს ქმნის და იქმნება გონივრული ეჭვი რომ ის ჟურნალისტები და ტელეწამყვანები, რომლებიც ამ პერიოდის მანძილზე ღიად იბრძვიან სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვის მიზნით, შესაძლოა ასევე გახდნენ შევიწროვების, პოზიციური ცვლილებებისა და უკანანო გათავისუფლების მსხვერპლები.
განსაკუთრებით სიმტომატური აღმოჩნდა 2020 წლის 19 თებერვლის მოვლენები, როდესაც მაუწყებლის სამურვეო საბჭომ საშტატო ნუსხაში ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაპირისპირებული ჯგუფების აქტიური მობილიზაციის პირობებში ჩაატარა, ისე რომ თავად ჟურნალისტებს საკუთარი პოზიციების გამოხატვის შესაძლებლობა არ მისცეს. სხდომის დარბაზი დილითვე უკვე წინასწარ ქონდათ დაკავებული იმ ჯგუფებს, ვინც ღიად არიან დაკავშირებული ქართულ ოცნებასთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრესული იდეების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი. ჟურნალისტების თქმით, სხდომის ადგილას ასევე ამოიცნეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.
EMC მიიჩნევს, რომ სარედაქციო დამოუკიდებელობაზე პასუხისმგებელი პირების გათავისუფლება, მათი უკანონო გადაყვანა საინფორმაციო სამსახურის მნიშვნელოვანი პოზიციებიდან და მათი იძულევა სამსახურის დატოვების მიზნით, მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში მენეჯმენტის უხეშ ინტერვენციას წარმოადგენს და მაუწყებლის დამოუკიდებლობას არყევს. შექმნილი მდგომარეობა საგანგებო და დაუყოვნებლივი ზომების მიღებას საჭიროებს.
მიმდინარე უკანონო პრაქტიკების მიღმა, პრობლემურია თავად აჭარის მაუწყებლის ინსტიტუციური მოწყობის საკითხი. სისტემის ანალიზი აჩვენებს, რომ სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესი მკვეთრად პოლიტიზირებულია და ამ პროცესში, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთვის გათვალისწინებული დემოკრატიულობის და ინკლუზიურობის გარანტიცებიც კი არ არის გათვალისწინებული. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამურვეო საბჭოს არჩევის პროცესში სახალხო დამცველს არ აქვს საკუთარი კანდიდატების წარდგენის შესაძლებლობა, საბჭოს 5 წევრის კვოტების გადანაწილება კი აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციების პროპორციულად ხდება და არ არის დადგენილი უფრო მყარი, წინასწარ განსაზღვრული კვოტირების სისტემა.
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ დრომდე არ აქვს პრიორიტეტების დოკუმენტი და სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი. მიუხედავად იმისა, რომ წინა მენეჯმენტმა თანამშრომების აქტიური მონაწილეობით დაიწყო ამ პროცესზე მუშაობა, სამეურვეო საბჭოს მიერ შექმნილი კრიზისისა და ნათია კაპანაძის მოულოდნელი იმპიჩმენტის შემდეგ, მისი დასრულება შეუძლებელი გახდა. ნიშანდობლივია, რომ ახალმა დირექტორმა მისი საქმიანობა სწორედ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევით დაიწყო და რეფორმებზე და განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივები არც კი დაუყენებია.
მაუწყებლის ჟურნალისტებმა ჩვენს წინაშე კრიტიკულად დააყენეს შრომის უსაფრთხოების, სამართლიანი შრომითი პირობების, სახელფასო სისტემის, დაზღვევის, კარიერული ზრდის სქემების არ არსებობის პრობლემატიკა, რომელიც ამ დრომდე არ ექცევა ახალი დირექტორის პრიორიტეტებში.
მაუწყებელში განვითარებული მოვლენების დინამიკა და კონტექსტი აჩვენებს, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი მდგომარეობა საგანგაშო და კრიტიკულია და ის საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას და პლურალიზმს. ის ანადგურებს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის მიმართ საზოგადოების ნდობას და უპირისპირედება ფუნდამენტურ კონსტიტუციურ მოთხოვნებს. ამ პირობებში EMC მიიჩნევს, რომ არსებითია 1. მყისიერი ზომების მიღება და ახალი დირექტორის და სამეურვეო საბჭოს მხრიდან სარედაქციო პოლიტიკაში თვითნებური ინტერვენციის დროული აღკვეთა და უკანონოდ გათავისუფლებული ან უფლებაშეზღუდული თანამშრომლების ძველ პოზიციებზე აღდგენა; 2. მაუწყებლის მოწყობაში და მართვაში სისტემური ინსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებების გატარება, რომელიც მაუწყებლის სტრუქტურას უფრო დემოკრატიულს და ანგარიშვალდებულს გახდის. არსებითია ეს პროცესი, მაუწყებლის ჟურნალისტებისა და პროფესიული კავშირების, ასევე ადამიანის უფლებებზე მომუშავე აქტორებთან აქტიური კონსულტაციების გზით მომზადდეს.
მიგვაჩნია, რომ არსებითია საქართველოს პარლამენტმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ დაუყოვნებლივ გამოიყენონ საპარლამენტო კონტროლის ქმედითი მექანიზმები აჭარის მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობისა და აქ მომუშავე ჟურნალისტების შრომითი უფლებების დაცვისა და მაუწყებლის სარედაქციო და ორგანიზაციული დამოუკიდებლობის ინსტიტუციური გარანტიების გაძლიერების მიზნით.
ინსტრუქცია