საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის გამოშვების წამყვანისა და რეპორტიორის, თეონა თურმანიძის ეთერიდან მოხსნის გადაწყვეტილებას და აღნიშნულ ფაქტს მაუწყებელში კრიტიკული ჟურნალისტების დევნის მორიგ მაგალითად მიიჩნევს. მაუწყებლის ხელმძღვანელობა ბოროტად იყენებს ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებას და კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს მაუწყებელში აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და სარედაქციო პოლიტიკაზე სრული კონტროლის მოპოვებისკენ.
2020 წლის 08 აპრილს, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში დირექტორის N02-03/10 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს თანამშრომლ(ებ)ის ინტერნეტში/სოციალურ ქსელებში ქცევის წესები“[1]. აღნიშნული წესების თანახმად, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში თანამშრომლებს სრულად (მათ, შორის არასამუშაო დროსაც) ეზღუდებათ საკუთარი სოციალური ქსელების თავისუფლად, საკუთარი შეხედულებისამებრ მართვის და აქტივობის უფლება. თანამშრომლებს საკუთარ სოციალურ გვერდებზე შეეზღუდათ თავისუფლად ისეთი ფოტო, ვიდეო და ჩანაწერების გავრცელებაც, რომლებიც არ ეკუთვნის მაუწყებელს (იხ. მე-2 მუხლი). ასევე, თანამშრომლებს აეკრძალათ მაუწყებლის სამუშაო პროცედურებთან და სამაუწყებლო პროცესებთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება (იხ. მე-12 მუხლი) და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით რაიმე სახის პოზიციის დაფიქსირება (იხ. მე-9 მუხლი). მეტიც, ბრძანება ყველა თანამშრომელს ავალდებულებს მის უშუალო ხელმძღვანელს მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც აჭარის მაუწყებლის კრიტიკას უკავშირდება (იხ. მე-5 მუხლი). ამასთან ახალი წესები თანამშრომლებს თხოვს სრულ ლოიალობას (იხ. მუხლი 13) და შეიცავს ბუნდოვან ჩანაწერს, რომ თანამშრომლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ უნდა აზიანებდეს მაუწყებლის რეპუტაციას (იხ. 14 მუხლი).
2020 წლის 21 აპრილს ახალი ამბების სამსახურის გამოშვების წამყვან/რეპორტიორ თეონა თურმანიძის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება და ის დროებით ჩამოშორებულ იქნა ეთერს, მის მიერ 2020 წლის 14 აპრილს სოციალური ქსელის (FACEBOOK) საკუთარ ანგარიშზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომელშიც მან უკმაყოფილება გამოთქვა ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებზე მაუწყებლის ვებ-პლატფორმასთან დაკავშირებით და დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების სამსახურში უნდა იყოს და არა რამდენიმე პირის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი - უნდა გაუქმდეს.
აღსანიშნავია, რომ ინტერნეტში/სოციალურ ქსელებში ქცევის წესების მარეგულირებელი აქტი მაუწყებლის თანამშრომლებს მხოლოდ 2020 წლის 20 აპრილს, მაუწყებლის პორტალზე გამოქვეყნებით, გააცნეს. აქტი დირექტორის მიერ ერთპიროვნულად ისე იქნა მომზადებული და მიღებული, რომ მაუწყებლის თანამშრომლების და პროფესიული კავშირის ინფორმირება არ მომხდარა, მათ არ მიეცათ საკუთარი პოზიციების და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა, რაც შრომის კანონმდებლობისა და მაუწყებლის შინაგანაწესის მოთხოვნათა უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
თეონა თურმანიძის მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო იმ პოსტთან დაკავშირებით, რომელიც გაკეთებულია 2020 წლის 14 აპრილს, მანამ ვიდრე მისთვის ცნობილი გახდებოდა არსებული აკრძალვების შესახებ. მოქმედი შრომის კანონმდებლობის თანახმად, დაუშვებელია დასაქმებულს დაეკისროს პასუხისმგებლობა შინაგანაწესით აკრძალული ქმედების განხორციელებისთვის, თუ მისთვის ობიექტური მიზეზების გამო უცნობია აღნიშნული დანაწესის შესახებ, არ გასცნობია შინაგანაწესი ან/და მასში შეტანილი ცვლილებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ეჭვს არ ტოვებს ის ფაქტი, რომ თეონა თურმანიძის მიმართ სოციალურ ქსელში საკუთარი პოზიციის დაფიქსირების გამო დისციპლინური წარმოების დაწყება აზრისა და მისი გამოხატვის გამო დევნაა და მაუწყებელში არსებულ ცენზურაზე მიუთითებს. მით უფრო, რომ თეონა ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების აქტიური წევრია და ახალი მენეჯმენტის მიერ მიღებულ პრობლემურ გადაწყვეტილებებს ღიად აკრიტიკებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თანამშრომლ(ებ)ის ინტერნეტში/სოციალურ ქსელებში ქცევის წესებთან დაკავშირებით მიღებული აქტი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონთან და საერთაშორისო კონვენციებთან. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. მაუწყებლობის შესხებ საქართველოს კანონი კრძალავს პროგრამებში საკუთარი აზრის/პოზიციის გამოთქმას, თუმცა არანაირი შეზღუდვას არ ითვალისწინებს ჟურნალისტის მიერ პირად სივრცეში აზრის გამოთქმასთან დაკავშირებით, რადგანაც აღნიშნული საკითხი ცდება მაუწყებლის კომპეტენციას. არსებული საკანონმდებლო მოთხოვნებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს არ აქვს უფლება თავისი აქტით შეზღუდოს ან რაიმე სახით განსხვავებულად მოაწესრიგოს კანონით და კონსტიტუციით გარანტირებული სიტყვისა და გამოხატვის უფლება, რა მიზნითაც არ უნდა მოქმედებდეს იგი. ამასთან ბრძანების ნორმების დიდი ნაწილი ბუნდოვანი და არაგანჭვრეტადია და მათი თვითნებური გამოყენების მაღალ რისკებს შეიცავს, რაც გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირების ზოგადი დაუშვებლობის ფონზე, მისი ხელყოფის უკიდურესად მაღალ რისკებს ქმნის. ამასთან, აშკარაა, რომ აღნიშნული აქტის მიღების მიზანი მაუწყებელში გაჩენილი უნიკალური პროფესიული გაერთიანების წევრების კრიტიკის და საქმიანობის შესუსტებაა და მას გამყინავი ეფექტის მოხდენის მიზანი აქვს მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების მიმართ. მაუწყებლის თანამშრომლების ამ ხარისხით კონტროლის რეგულაციებისა და პრაქტიკის შექმნა არსებით წინააღმდეგობაში მოდის საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეასთან, რომელიც პლურალიზმის, დემოკრატიის იდეებზე დგას და შეუძლებელს ხდის დამოუკიდებელი შინაარსის და სარედაქციო პოლიტიკის შექმნასაც.
უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში მაუწყებლის ხელმძღვანელობამ ახალი ამბების სამსახურში საკვანძო პოზიციებზე დასაქმებული პირების მნიშვნელოვანი ნაწილი ან გაათავისუფლა, ან სხვა სამსახურში დაუსაბუთებლად გადაიყვანა, დახურა კრიტიკული გადაცემა "ჰეშთეგი" და, ჩვენი ინფორმაციით, კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მიმართ დისციპლინური წარმოება მიმდინარეობს. აღნიშნული გადაწყვეტილებები კრიტიკულად შეაფასა ადგილობრივმა[2] და საერთაშორისო ორგანიზაციებმა (OSCE, CoE, RWB). შრომითი უფლების დარღვევის ფაქტებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები რამდენიმე დავას აწარმოებენ სასამართლოში.[3]
EMC მოუწოდებს
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს
აჭარის უმაღლეს საბჭოს
[1]http://ajaratv.ge/files/shares/mauyebeli/11111111111.pdf?fbclid=IwAR3hpiKZfstpg4vVfZXS9L2hzLlxjwKiPc58XmnvdMc_tBVRAzPriynUyHQ
[2] https://emc.org.ge/ka/products/sazogadoebrivi-organizatsiebi-acharis-mautsqebelshi-mimdinare-sagangasho-protsesebze-saertashoriso-organizatsiebs-kolektiurad-mimartaven
[3] https://emc.org.ge/ka/products/emc-acharis-sazogadoebrivi-mautsqeblis-tanamshromelta-interesebs-sasamartloshi-daitsavs
ინსტრუქცია