[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ლგბტი უფლებები / განცხადება

EMC 8 ნოემბრის მოვლენებს ეხმიანება

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის წინააღმდეგ ქართული მარშის ლიდერებისა და ლევან ვასაძის მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ აქციას და ხელისუფლებას მოუწოდებს მიიღოს დროული სამართლებრივი ზომები ძალადობის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ. აღნიშნული ძალადობრივი ჯგუფების საქმიანობა არსებითად არღვევს სამოქალაქო მშვიდობას და უსაფრთხოებას და სასიცოცხლო რისკების წინაშე აყენებს არა ერთ სოციალურ ჯგუფს, განსაკუთრებით ლგბტი ადამიანებს, რის გამოც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მიიღოს ადეკვატური სამართლებრივი ზომები მათი ლიდერების მიმართ და არ დაუშვას დანაშაულის შეწყნარება.

ლევან აკინის ფილმის პრემიერის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე გავრცელდა ქართული მარშის ლიდერების, ასევე ლევან ვასაძის საჯარო მიმართვები, რომლებიც ღიად მოუწოდებდნენ მათ მომხრეებს პრემიერის ჩაშლისკენ. ლევან ვასაძის განცხადებით, ისინი გაწევდნენ პოლიციის კორდონებს, დაიკავებდნენ კინოთეატრის შენობას და გამორთავდნენ ფილმს. ქართული მარშის ლიდერების მიერ კი კეთდებოდა განცხადებები კინოთეატრთან სირცხვილის კორიდორის ორგანიზების შესახებ. მუქარის შემცველ ამ განცხადებებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება არ დაუწყია. თუმცა, უწყების განმარტებით პრემიერის დროს ისინი მიიღებდნენ ადეკვატურ პრევენციულ ღონისძიებებს წესრიგის დაცვის მიზნით.

8 ნოემბერს შუა დღის შემდეგ თბილისისა და ბათუმის სხვადასხვა კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მობილიზება დაიწყო. თუმცა, პოლიციის ყველაზე დიდი მობილიზაციის ადგილი კინოთეატრი ამირანი გახდა, რომლის სიახლოვესაც, ვერის პარკშიც ხდებოდა ფილმის მოწინააღმდეგეების შეკრება. ამ ტერიტორიაზე პოლიციის კორდონები ამაგრებდა კინოთეატრის შენობას და მათი რიგები ძირითადად კინოთეატრის მიმდინარე ტროტუარებზე იყო განთავსებული.

მოწინააღმდეგეების მობილიზაცია ჩანდა სხვა კინოთეატრებშიც, თუმცა, იქ მათი ორგანიზება შედარებით სუსტი და არაძალადობრივი იყო.

საღამოს 5 საათისთვის ვერის პარკთან და ფილარმონიასთან დაიწყეს შეკრება ლევან ვასაძისა და ქართული მარშის მომხრეებმა. შეკრების მონაწილეებს შორის ჩანდნენ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის (მმკ) წევრები და ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებული სასულიერო პირები. შეკრების მონაწილეები იყენებდნენ რელიგიურ ატრიბუტებს, რიტორიკას და ჰომოფობიური სულისკვეთების განცხადებებს აკეთებდნენ.

ვერის პარკში ლევან ვასაძის საჯარო გამოსვლის შემდეგ, რომელმაც შეკრების მონაწილეებს პოლიციის კორდონის გაწევისკენ, ამ გზით კინოთეატრში შეღწევისა და ფილმის გამორთვისკენ მოუწოდა, მისი მომხრეები კინოთეატრი „ამირანისკენ“ დაეშვნენ. ფილარმონიასთან მათ შეუერთდნენ ქართული მარშის მოძრაობის წევრებიც.

ამ მომენტში ფილარმონიიდან კინოთეატრი ამირანისკენ გზაზე პოლიციის მობილიზაცია არსებითად სუსტი იყო, რის გამოც შეკრების მონაწილეებმა ადვილად მოახერხეს კინოთეატრის გარშემო სივრცის, მათ შორის, გზის სავალი ნაწილის დაკავება. კინოთეატრის გარშემო შეკრების მონაწილეების მაღალი კონცენტრაციის პირობებში ისინი პერიოდულად აწვებოდნენ შენობის წინ მობილიზებული პოლიციის კორდონს და მის გარღვევას ცდილობდნენ. პოლიციის კორდონთან მიწოლის პროცესში დაფიქსირდა არა ერთი ძალადობრივი ინციდენტი. მათ შორის, შეკრების მონაწილეებმა ქვა ან სხვა მყარი ნივთი ესროლეს კინოთეატრთან მყოფ სამოქალაქო აქტივისტს ანა სუბელიანს, რომელმაც თავზე მძიმე დაზიანება მიიღო და საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზება. დაფიქსირდა აგრესიის ფაქტი პოლიტიკოსი დავით ბერძენიშვილის მიმართ. შეკრების მონაწილეები პერიოდულად იყენებდნენ პიროტექნიკას. დაფიქსირდა ჟურნალისტების მიმართ აგრესიის და მუშაობისთვის ხელშეშლის ფაქტიც. რაღაც ეტაპზე შეკრების მონაწილეების მხრიდან სიტუაციის ესკალაციის პირობებში კინოთეატრის ტერიტორიაზე სამინისტრომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯგუფები დაამატა.

არსებული დაძაბულობისა და ძალადობრივი ინციდენტების ფონზე საბოლოოდ კინოთეატრებში ფილმის პრემიერა შედგა.

აღსანიშნავია, რომ 8 ნოემბერს საღამოს ასევე შედგა საგანგებო შეხვედრა საპატრიარქოში, თუმცა სასულიერო პირებს არ გაუკეთებიათ არც ერთი განცხადება, რომელიც მათ მომხრეებს ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა.

EMC უთითებს, რომ შეკრების მართვის დროს პოლიციის მხრიდან დაშვებული იყო სტრატეგიული შეცდომა და მან სათანადოდ ვერ უზრუნველყო ძალადობრივი ჯგუფის დისტანცირება კინოთეატრის სიახლოვიდან, რის გამოც მან ამ სივრცეში პოლიციის კორდორებთან და კინოთეატრის შენობასთან მყოფ ვიზიტორებთან აშკარად ძალადობრივი განზრახვების მქონე შეკრების მონაწილეების ფიზიკური შეხებისა და საბოლოოდ, ძალადობის მაღალი რისკები შექმნა. არსებითი იყო პოლიციას კინოთეატრის შენობის სიახლოვეს არ დაეშვა შეკრების მონაწილეების მასების გადაადგილება და მათი მოძრაობა მოშორებით, მინიმუმ ფილარმონიის ტერიტორიასთან გაძლიერებული კორდონით/ტექნიკით ჩაეკეტა. პოლიციის ამ წინააღმდეგობის გარღვევის შემთხვევაში კი შეკრების მონაწილეების მიმართ ადეკვატური სამართლებრივი ზომები მიეღო.

ამასთან, არსებითი შეცდომა, რომელიც ხელისუფლებამ დაუშვა პრემიერამდე გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადებების იგნორირება და მათზე გამოძიების დაწყებისგან თავის შეკავება. გამოძიებას და შეკრების ორგანიზატორების დაკითხვას პრევენციული ფუნქცია ექნებოდა და მათ ძალადობრივ ინიციატივებს შეზღუდავდა. ლევან ვასაძისა და ქართული მარშის მიერ წარსულში ორგანიზებული ძალადობრივი შეკრებების კონტექსტის, ასევე უშუალოდ შემთხვევის ადგილზე გაკეთებული დანაშაულის შემცველი განცხადებების გათვალისწინებით, აშკარა იყო, რომ ისინი გავიდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფეროდან და არსებითი იყო პოლიციის დროული და სათანადო რეაგირება მათ გადაადგილებაზე. სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ხელისუფლების წარმომადგენლები ძალადობრივი ჯგუფების შეკრების თავისუფლების დაცვისა და „ორივე მხარის“ ინტერესის შესახებ უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებდნენ და ამგვარად მათ მოქმედებას ლეგიტიმაციას აძლევდნენ.

შსს-ს ინფორმაციით მიმდინარე მოვლენების დროს მათ 11 შეკრების მონაწილე დააკავეს. უწყების თქმით, ასევე დაკავებულია ის პირი, რომელმაც ანა სუბელიანზე იძალადა.

აღსანიშნავია, რომ მედია მთელი დღის განმავლობაში პირდაპირ ეთერში აშუქებდა მოვლენებს და მათ შორის, შეუზღუდავ ფორუმს აძლევდა ლევან ვასაძესა და ქართული მარშის ლიდერებს, რაც ირიბად უთანასწორობასა და ძალადობაზე დაფუძნებული იდეების გავრცელებას უწყობს ხელს და აძლიერებს ძალადობის მხარდამჭერი ლიდერების გავლენებს.

ბოლო წლებში, ძალადობრივი ჯგუფები მოქალაქეების მიერ ორგანიზებული მასობრივი სოციალური პროტესტების საწინააღმდეგოდ აქტიურდებოდნენ (მათ შორის, 2018 წლის მაისს კლუბებში საპოლიციო რეიდების საწინააღმდეგო მასობრივი ახალგაზრდული პროტესტი, 2019 წლის ივნისს ახალგაზრდების მრავალრიცხოვანი ანტისაოკუპაციო აქციები, 2019 წლის ივნისს თბილისი პრაიდის სპონტანური შეკრება მთავრობის კანცელარიასთან) და სწორედ ამ ჯგუფებიდან მომდინარე საფრთხეები არა ერთხელ გახდა მშვიდობიანი შეკრებების (თვით)დაშლის და შეზღუდვის საფუძველი. იმ პირობებში, როდესაც აშკარაა, რომ ეს ჯგუფები აქტიურდებიან სწორედ იმ პროტესტების დროს, რომელსაც ძლიერი წინააღმდეგობის მუხტი და ხელისუფლებასთან მკვეთრი დაპირისპირების შინაარსი აქვს, და ამავდროულად ჩანს, ხელისუფლების მხრიდან ამ ჯგუფების „სამართლებრივი შეწყნარების“ აშკარა ნიშნები, ჩნდება ეჭვები ხელისუფლების მიერ ამ რადიკალური ჯგუფების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების შესახებ.

ცხადია, ჩვენ გვესმის, რომ ულტრაკონსერვატიული იდეები ჩვენს სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტში შეიძლება გავრცელების ნოყიერ საფუძვლებს პოულობს. მზარდი სიღარიბე, ეკონომიკური უთანასწორობა სოციალურ უიმედობას იწვევს და ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის წუხილები, ინტერესები და საჭიროებები პოლიტიკურად რეპრეზენტირებული არ არის, რაც ვასაძისა და ქართული მარშის მსგავს ჯგუფებს მანიპულირების შესაძლებლობას უქმნის. ამასთან, იმ პირობებში როდესაც ხელისუფლებას არ გააჩნია თანასწორობაზე დაფუძნებული თანმიმდევრული პოლიტიკა (მათ შორის, საგანმანათლებლო და საინფორმაციო პოლიტიკა), რომელიც ხელს შეუწყობდა პროგრესული პოლიტიკური იდეების და კულტურის შემოტანას პოლიტიკურ ველშია, ცხადია, რომ ანტიდემოკრატიული იდეები ადვილად ახერხებს გავრცელებას. სწორედ ამიტომ არსებითია, დავინახოთ ულტრაკონსერვატიული ჯგუფების გაძლიერების სისტემური სოციალური, პოლიტიკური და კულტურული მიზეზები და სახელმწიფოს პასუხი ამ ჯგუფებში გაერთიანებული ჩვენი მოქალაქეების მიმართ არ უნდა იყოს მხოლოდ დასჯა. თუმცა, ამ ჯგუფების ლიდერებისა და ორგანიზატორების მიმართ, ისევე როგორც აშკარა ძალადობასა და დანაშაულში მონაწილე სხვა წევრების მიმართ, ჩვენ სახელმწიფოს მკაცრ მიდგომას და სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ვთხოვთ.

საზოგადოების განვითარება სამართლიანი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიღმა, სწორედ მონაწილეობითი დემოკრატიული დისკუსიებით არის შესაძლებელი. ცხადია, ამ დისკუსიაში ყველა იდეოლოგიურ ჯგუფს უნდა ქონდეს მონაწილეობის შესაძლებლობა და პოლიტიკური ჯგუფები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ნამდვილ დიალოგს უნდა ახალისებდეს. ცხადია, დასაშვებია კონსერვატიული ჯგუფების პროტესტიც ცალკეული საკითხებისა და აქციების მიმართ, მაგრამ ეს წინააღმდეგობა არ შეიძლება გავიდეს მშვიდობიანი პროტესტისა და დისკუსიის ჩარჩოდან. ეს დაარღვევს ჩვენს მშვიდობას და გაანადგურებს განვითარების ყველა შესაძლებლობას. ქართული მარშის, ვასაძის ჯგუფის შეუზღუდავი ძალადობრივი მოქმედებები საგანგაშოა და არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლებს.

8 ნოემბრის მოვლენები კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს საზოგადოებაში მზარდ ჰომოფობიას და მის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას, რაც პირველ რიგში ლგბტი ადამიანებს აზიანებს და მათ უსაფრთხოების მაღალ რისკებს უქმნის. ეს საგანგაშო მდგომარეობა სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულობას მიიღოს ეფექტიანი ზომები ჰომოფობიის შესამცირებლად. თუმცა, რაიმე მცდელობები ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით არ ჩანს. მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში თავად ხელისუფლების მხრიდან ჩანს ჰომოფობიის პოლიტიკური გამოყენების პრაქტიკა.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს

  • შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას

სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის საფუძველზე (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა ლევან ვასაძის, ქართლი მარშის ლიდერებისა და ძალადობრივი შეკრების სხვა ორგანიზატორების წინააღმდეგ;

ეფექტიანად და დროულად გამოიძიოს შეკრების მონაწილეების სხვა დანაშაულებრივი ინციდენტები შეკრების ადგილზე;

იმის გათვალისწინებით, რომ თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში გრძელდება ფილმის ჩვენება შემდეგ დღეებშიც, არსებითია, შსს-მ მიიღოს ადეკვატური ზომები ძალადობრივი თავდასხმისა და ინციდენტების ეფექტიანი პრევენციისთვის;

არსებითია დაიხვეწოს მასშტაბური აქციების საპოლიციო მართვის სტრატეგიები და ტაქტიკები და პოლიციამ რეალურად უზრუნველყოს სხვადასხვა ჯგუფების დაშორიშორება და ფიზიკური შეხების რისკების აღკვეთა.

  • პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს მთავრობას

ძალადობრივი ჯგუფების შეწყნარებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, დროულად შეიმუშავოს სისტემური პრევენციული პოლიტიკა ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფების მიმართ;

შეიმუშავოს თანმიმდევრული საინფორმაციო და საგანმანათლებლო პოლიტიკა თანასწორობის და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად და ჰომოფობიის შესამცირებლად

პრემიერ-მინისტრმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა გააკეთონ თანასწორობის უპირობო მხარმდაჭერი განცხადებები, რომელიც შეაკავებს მზარდ ჰომოფობიურ რიტორიკას.

  • პოლიტიკურ ჯგუფებს

გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობის წილი მსგავსი ძალადობრივი ჯგუფების რადიკალიზების პროცესში და საკუთარი რიტორიკა და პოლიტიკური დღის წესრიგი უფრო ინკლუზიური და სამართლიანი გახადონ.

  • მედიას

სათანადოდ გაიაზროს რადიკალური ძალადობრივი ჯგუფების ლიდერებისთვის საჯარო ფორუმის შეუზღუდავი დათმობის რისკები და გაშუქების დროს გაიაზრონ რაციონალური, დემოკრატიული საჯარო დისკუსიის მნიშვნელობა.

  • საპატრიარქოს

გაიაზროს ძალადობის შეწყნარების და ლეგიტიმაციის რისკები და საზოგადოებაზე მისი მაღალი გავლენების გათვალისწინებით, უპირობო მშვიდობაზე ორიენტირებულ იდეებს დაუჭიროს მხარი;

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“