[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

EMC: 1 მაისის შესახებ

1 მაისი მშომელთა საერთაშორისო დღეა.

განვითარების არსებული მოდელისა და დასაქმების პოლიტიკის ხარვეზულობით განპირობებული სიღარიბისა და უმუშევრობის, სუსტი სოციალური დაცვის სისტემის, ქალების მიერ შესრულებული უხილავი და აუნაზღაურებელი შრომისა თუ არაფორმალურ სექტორში თვითდასაქმებული ადამიანებისთვის შეზღუდვების დაწესების ფონზე, დღეს “პრივილეგიაა” იყო დასაქმებული სერვისის სექტორში, ხშირად ანაზღაურებადი შვებულების, ბიულეტენის, ზეგანაკვეთური და ღამის შრომის განსხვავებული წესით ანაზღაურების გარეშე; ანაზღაურებით, რომელიც ხშირად არ იძლევა ინდივიდუალური სამომხმარებლო ხარჯის სრულად დაფარვის შესაძლებლობას და იძულებულს გხდის, შემოსავლის დამატებითი წყარო მოიძიო, თან იმ პირობებში, როცა არსებული სამუშაოზე მომეტებული და მძიმე შრომა გიწევს, რაც განაპირობებს არანორმირებულ, ზეგანაკვეთურ შრომას დამატებითი ანაზღაურების გარეშე; ამასთან, შენს მიმართ ზეწოლის ბერკეტად გამოიყენონ დაჯარიმების უსამართლო და არამართლზომიერი პოლიტიკები.

დღეს „პრივილეგიაა“ იყო დასაქმებული სამშენებლო სექტორში, სადაც შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობის გამო, მხოლოდ მარტის თვეში 6 მუშა გარდაიცვალა. სახელმწიფო დღემდე არასათანადოდ ზედამხედველობს სამშენებლო სამუშაოებს, როგორც მშენებლობის ნებართვის გაცემამდე, ასევე უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ეტაპზე. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტს არ აქვს შესაბამისი რესურსები და კანონმდებლობით სექტემბრამდე აქვს გადადებული მანდატის გაზრდა, რაც არ აძლევს მას საშუალებას აქტიურად უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა. მუნიციპალიტეტების მიერ კი სამშენებლო ობიექტების დიდ ნაწილზე მშენებლობის ნებართვები სათანადო კვლევებისა და საექსპერტო დასკვნების გარეშე გაიცემა. ამასთან, ეს ორი ზედამხედველი ინსტიტუცია და მათ დამატებული ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ვერ ახერხებენ კოორდინირებულ საქმიანობას საწარმოო შემთხვევების პრევენციის მიმართულებით. გარდა ამისა, არაეფექტიანია სისხლისსამართლებრივი რეაგირება. საწარმოო შემთხვევებზე, მათ შორის, მშენებლობაზე მომხდარი უბედური შემთხვევებზე დაწყებული საქმეების უმრავლესობა სასამართლომდე არ მიდის.

დღეს, მძიმე ინდუსტრიებში მომუშავე, შედარებით სტაბილურ შრომაში ჩართული და პროფესიული გაერთიანებების ხანგრძლივი ტრადიციის მქონე დასაქმებულები საკუთარი უფლებების დაცვის მხრივ უფრო „პრივილეგირებულები“ ჩანან, ვიდრე სერვისის სექტორსა და მშენებლობებზე დასაქმებულები, რომელთა სამუშაოს დროებითობა, არასტაბილურობა და დასაქმების ადგილებს შორის მაღალი მობილობა ახასიათებს, რაც ართულებს მშრომელთა ორგანიზებას უფლებების დასაცავად. თუმცა რეალობა სხვაა. ინდუსტრიულ საწარმოებში მოძველებულია ინფრასტრუქტურა, მწყობრიდანაა გამოსული და არასაიმედო მდგომარეობაშია მანქანა-დანადგარები. დაბალია შრომის ეფექტიანობა და მაღალია უსაფრთხოების რისკები სამუშაო ინსტრუმენტების დანაკლისის, სიძველისა თუ უხარისხობის გამო. დღემდე მწვავე საკითხად დგას სამედიცინო სერვისებზე მშრომელთა ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობის საკითხი. ამას გარდა, სოციალური დაცვის განსაკუთრებულ გარანტიებს არიან მოკლებული მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულები. არ ტარდება პერიოდული სამედიცინო შემოწმებები პროფესიული დაავადებების კვლევის, დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში კი შესაბამისი რეაგირების მიზნით. პრობლემად რჩება დასაქმებულთა არასათანადო ანაზღაურება, უთანასწორო გასამრჯელო ერთი და იმავე პოზიციის მქონე პირებს შორის და ხელფასების ინდექსაციის მოთხოვნები ინფლაციასთან კავშირში.

დღეს „პრივილეგიაა“, იყო დასაქმებული სახელმწიფო სამსახურში სოციალურ მუშაკად და ვერ ასრულებდე შენს მოვალეობას, - საზოგადოების ყველაზე დაუცველი ჯგუფების (ბავშვების, შშმ პირების, მოხუცებულების და ა.შ) გაძლიერებას, - შესაბამისი რესურსების, ინფრასტრუქტურის და სერვისების არარსებობის გამო; იღებდე დაბალ ანაზღაურებას და ამ ანაზღაურების დიდ ნაწილს ბენეფიციარების ტრანსპორტირებაზე ხარჯავდე, არ გქონდეს დრო და საშუალება პროფესიული ზრდისთვის და შენს ოჯახთან ერთად, ისეთივე დაუცველი იყო, როგორიც შენი ბენეფიციარები არიან.

დღეს ამ ადამიანების, მშრომელების დღეა. მშრომელები ითხოვენ ადამიანის საჭიროებებზე და განვითარებაზე ორიენტირებულ სახელმწიფო პოლიტიკას, მათ შორის, შრომის კოდექსისა და შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონის აღსრულებს. ისინი დღემდე ითხოვენ იმას, რაც კონსტიტუციითა და კანონით ეკუთვნით და ჯერ კიდევ არ აქვთ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“