[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

EMC: 1 მაისის შესახებ

პირველი მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა. წელს საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, პირველი მაისი უჩვეულო, პანდემიურ ვითარებაში დგება. კორონავირუსი საყოველთაო სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისს იწვევს, რომელიც მასშტაბურ რისკებს აჩენს, თუმცა, ამავდროულად, ის არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური სტრუქტურების გადააზრების, დღის წესრიგისა და პოლიტიკური წარმოსახვის გაფართოების საშუალებასაც ქმნის.

ახალი კორონავირუსის გლობალური პანდემია მშრომელების მნიშვნელობასა და მოწყვლადობას ერთდროულად ააშკარავებს. დღეს ყველაზე უკეთ ჩანს რამდენადაა დამოკიდებული სოციალური კეთილდღეობა, თანამედროვე ცხოვრების წესი და არსებული ეკონომიკური წესრიგი საცალო ვაჭრობის ქსელებში დასაქმებული კონსულტანტების, ექიმებისა და ექთნების, მკერავების, მეეზოვეების და სხვების ფიზიკურად მძიმე და არასათანადოდ ანაზღაურებულ ყოველდღიურ შრომაზე. დღეს, როცა ტყიბულში, რუსთავში, ჭიათურაში და სხვაგან, მძიმე და სამთო-მოპოვებით ინდუსტრიებში დასაქმებულები მუშაობას პანდემიის მიუხედავად, გაზრდილი საფრთხის პირობებში აგრძელებენ, განსაკუთრებით თვალსაჩინოა, რამდენად მნიშვნელოვანია მათი შრომა ქვეყნის ეკონომიკისთვის. თვალსაჩინოა ისიც, რომ ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის შემცველი სამუშაო გარემო მათთვის უკვე წლებია უცვლელი მოცემულობაა.

აშკარაა, რომ არსებული ეკონომიკური პოლიტიკა მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ვერ აწარმოებს უსაფრთხო, ღირსეულ, სტაბილურ სამუშაო ადგილებს, რომლებსაც ეკონომიკური რყევებისას მყისიერად არ დაკარგავდნენ, რომლებიც მათ მინიმალური დანაზოგის დაგროვების საშუალებას მაინც მისცემდა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი მშრომელთათვის არა ახალი, არამედ არსებული, მუდმივი კრიზისული ვითარების გაგრძელებაა.

პანდემია ავლენს იმ სოციალური დაცვის მექანიზმების აუცილებლობასაც, რომელთა შექმნაც საქართველოში წლებია ვერ ხერხდება. მაშინ, როცა სხვა ქვეყნებში სამსახურისა თუ შემოსავლის გარეშე დარჩენილი მშრომელები სხვადასხვა სოციალური უზრუნველყოფის ინსტრუმენტებითა და შრომითი უფლებების დაცვის სამართლებრივი ბერკეტებით სარგებლობენ, საქართველოში დამსაქმებლის გადაწყვეტილებასა და მყისიერად უშემოსავლოდ, სიღარიბესთან პირისპირ დარჩენას შორის არაფერი დგას. უმუშევრობის შემწეობისა და დაზღვევის, ძლიერი შრომის ინსპექციისა და ღირსეული მინიმალური ხელფასის გარეშე მშრომელები უკიდურესი დაუცველობის პირობებში ცხოვრობენ. ამ ბერკეტების გარეშე დასაქმებულები მოწყვლად, დამოკიდებულ პოზიციაში რჩებიან და დამსაქმებელთა პირისპირ თავისი ინტერესების დაცვას ვერ ახერხებენ. ამ მხრივ, დღეს განსაკუთრებით მძიმედ დგას არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ქალების საკითხიც, რომლებიც ძიძებად, მომვლელებად, მოსამსახურე-დამლაგებლებად მუშაობენ. დღეს, ეს ქალები, რომლებმაც შემოსავალი დაკარგეს, ანტიკრიზისული სოციალური დახმარების მიღმაც კი დარჩნენ.

არსებული კრიზისი ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ტრაექტორიას და ააშკარავებს პოლიტიკას, რომელიც მასშტაბურ სიღარიბეს, უკიდურეს უთანასწორობას და უწყვეტ სოციალურ კრიზისს აწარმოებს.

მშრომელთა ინტერესების მეორეხარისხოვნება და მათი უფლებების სისტემატიური დარღვევა, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე კერძო ინტერესის ღრმა და მრავალმხრივი გავლენის შედეგია. გარდა არაფორმალური და ირიბი გავლენებისა, სხვადასხვა სამთავრობო და საპარლამენტო ფორმატში დაუბრკოლებლად მონაწილეობენ კომერციული ინტერესის მატარებელი ჯგუფები. ისინი აქტიურად განსაზღვრავენ სხვადასხვა დარგობრივ მიმართულებასა და ზოგად ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას.

მშრომელთა უფლებებს ეფექტურად ვერც სასამართლო ხელისუფლება იცავს, რომელიც გადატვირთული და ბევრისთვის მიუწვდომელია. მედია გარემო გაჯერებულია კომერციული ინტერესის მატარებელი არგუმენტებითა და მათი გამჟღერებელი ხმებით, სოციალური და შრომითი თემატიკა კი, ხშირად, ეთერს მიღმა რჩება. სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი ხშირად უგულებელყოფს შრომითი უფლებების სფეროში არსებული გამოწვევების სიღრმესა და ცენტრალურობას.

წელს პირველი მაისი კვლავ ძლიერი და თვითმყოფადი პროფკავშირული მოძრაობის გარეშე დგება. კარგად ორგანიზებული, სახელმწიფო სტრუქტურებთან დაახლოვებული ბიზნეს-ასოციაციებისა და სხვადასხვა სექტორული დამსაქმებელთა კავშირების პირისპირ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა მშრომელებს ხშირად მარტო უწევთ. მშრომელთა ინტერესების დამცველი, ერთიანი და თანმიმდევრული ორგანიზაციული ინფრასტრუქტურის არარსებობის პირობებში შეუძლებელია ჩიხში შესული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლა. მათ გარეშე მყიფე და მოწყვლადია მშრომელთა მოძრაობების მიერ აქამდე დაგროვებული მონაპოვარიც.

პირველი მაისი საქართველოში - უამრავი სხვა და ევროპის თითქმის ყველა ქვეყნისგან განსხვავებით - დასვენების დღედ აღარ ითვლება. თუმცა ფორმალური აღნიშვნა, ამ დღის რიტუალიზება, მის ისტორიულ მნიშვნელობას არც შეესაბამება. მეცხრამეტე საუკუნეში, მის ინსტიტუციონალიზებამდე, პირველი მაისის აღნიშვნა გაფიცულების მიმართ პროფკავშირების მიერ სპონტანურად ორგანიზებული სოლიდარობის გამოხატვის ფორმა იყო. 150 წლის შემდეგაც, გაფიცვა, სოლიდარობა და პროფკავშირები მშრომელთა ბრძოლის ფუნდამენტურ, და ხშირად ერთადერთ ხელმისაწვდომ ბერკეტებად რჩება ღირსეული შრომითი პირობებისა და ანაზღაურებისთვის ბრძოლაში.

პირველი მაისის ისტორია ხაზს უსვამს მშრომელთა გაძლიერების ცენტრალურობას საყოველთაო კეთილდღეობის და სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლაში. ბრძოლა შრომითი უფლებებისთვის ნიშნავს ბრძოლას სამართლიანი ეკონომიკური წესრიგისთვის, თანასწორობისთვის, ეკოლოგიური მდგრადობისთვის, დემოკრატიისა და მშვიდობისთვის.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“