[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

ეკონომიკის სამინისტროს განცხადება ადასტურებს, რომ ნამახვანი ჰესის პროექტზე კანონმდებლობით მოთხოვნილი ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი არ მომზადებულა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ეხმაურება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებას ნამახვანი ჰესის ეკონომიკური სარგებლიანობის საკითხზე ჩატარებული კვლევების შესახებ, რომელიც  სამინისტრომ პროექტზე ხარჯთსარგებლიანობის ანალიზის არსებობის დადასტურების მიზნით გაავრცელა. თუმცა,  თავად სამინისტროს განცხადების შინაარსი ადასტურებს,  რომ პროექტის მომზადების ეტაპზე კონკრეტულად ნამახვანი ჰესის პროექტის ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი არ ჩატარებულა, რითიც უხეშად დაირღვა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.

საკუთარ განცხადებაში ეკონომიკის სამინისტრო ასახელებს ოთხ დოკუმენტს, რომლებიც, მისი მტკიცებით, ნამახვანი ჰესის ეკონომიკურ სარგებლიანობას ადასტურებს. სამინისტროს განცხადებაში მოხმობილი პირველი ასეთი დოკუმენტია 2007 წლის დეკემბერში მომზადებული „საქართველოს ენერგოსისტემის განვითარების სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება“. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეფასების მიხედვით, „ყველა განხილულ ვარიანტში, ნამახვანჰესის პროექტი ითვლება საუკეთესო პროექტად საქართველოს ენერგოსისტემაში მიერთებისათვის.“ აღსანიშნავია, რომ მითითებული კვლევა, სამინისტროსვე ცნობით, 2007 წელს მომზადდა, როდესაც ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელება ამჟამინდელი მახასიათებლებით არ განიხილებოდა (პროექტის მახასიათებლები წლების განმავლობაში იცვლებოდა და არსებული სახით 2019 წელს ჩამოყალიბდა); გარდა ამისა, სამინისტროს მიერ მოხმობილ ციტატაში არაფერია ნათქვამი პროექტის სარგებლიანობაზე; ეკონომიკის სამინისტრო ციტირებს შეფასებას, რომელიც ჰესის ენერგოსისტემაში მიერთებას (ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან მიერთება) შეეხება. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებაში პროექტის ირგვლივ  არსებული უმთავრესი შეკითხვები მიემართება არა ნამახვანი ჰესის ქსელთან მიერთების ტექნიკური გადაწყვეტის ოპტიმალურობას, არამედ პროექტის საჯარო სარგებლიანობას და მის თავსებადობას სახელმწიფოებრივ ინტერესებთან, რის შესახებაც ამ დოკუმენტში, როგორც ჩანს, არაფერია ნათქვამი.

სამინისტროს განცხადებაში ნახსენები მეორე დოკუმენტი 2015 წელს „გამა კონსალტინგის“ მიერ მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშია. აღსანიშნავია, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომელზეც სამინისტრო მიუთითებს, მხოლოდ ერთ-ერთია იმ დოკუმენტთაგან, რომელსაც საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების განხორციელების მარეგულირებელი კანონმდებლობა მოითხოვს. კანონმდებლობა ასევე ადგენს, რომ უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი დოკუმენტი - პროექტის ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი,[1] რომელმაც უნდა შეაფასოს და განსაზღვროს პროექტის ხარჯთსარგებლიანობა, კერძოდ, ის დანახარჯი და სარგებელი რომელსაც გულისხმობს კონკრეტული პროექტი და მათი მიმართება ერთმანეთთან. ამასთან, ეკონომიკის სამინისტრო აპელირებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) 2015 წლის ანგარიშზე, მაშინ, როდესაც პროექტში შესული ცვლილებების გამო, 2019 წელს ნამახვანი ჰესი ხელახალ გზშ პროცედურას დაექვემდებარა და მომზადდა ახალი ანგარიში. 

კიდევ ორი დოკუმენტი, რომელზეც სამინისტროს უთითებს არის კომპანია McKinsey & Company-ის მიერ მომზადებული საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგია და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Nera-ს მიერ შესრულებული ელექტროენერგეტიკული ბაზრის შეფასების ანგარიში. დასახელებული ორივე დოკუმენტი ზოგადი ხასიათისაა და არ შეეხება უშუალოდ ნამახვანი ჰესს, ამასთან, შინაარსობრივადაც, არც ერთი მათგანი არ არის პროექტის ხარჯთარგებლიანობის ანალიზი.

იმ ფონზე, როდესაც ნამახვანი ჰესის პროექტზე დიდი ხანია ვითხოვთ კანონმდებლობით განსაზღვრული ცენტრალური დოკუმენტების: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნისა და პროექტის ხარჯთსარგებლიანობის ანალიზის გასაჯაროებას, ეკონომიკის სამინისტრო საპასუხოდ აქვეყნებს ინფორმაციას ოთხი სხვა დოკუმენტის შესახებ, რომელთაგან სამი უშუალოდ ნამახვანი ჰესის პროექტს საერთოდ არ შეეხება, ხოლო ერთი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშია. ეს აჩვენებს, რომ ნამახვანი ჰესის პროექტზე სამინისტროს არ აქვს მომზადებული ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი, რაც პროექტის ეკონომიკური სარგებლიანობის დასაბუთებისთვის მთავარი და კანონმდებლობით სავალდებულო დოკუმენტია. ამგვარი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, სამინისტრო სწორედ ამ დოკუმენტს გაასაჯაროვებდა. ანალოგიური ვარაუდი არსებობს ფისკალური რისკების შესახებ ფინანსთა სამინისტროს დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც არა ერთი მოთხოვნისა და სამართლებრივი დავის მიუხედავად, დღემდე არ არის საჯარო. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დოკუმენტების სრულად გამოქვეყნების ნაცვლად, სამინისტრომ საზოგადოების ინფორმირება მათი შინაარსის ერთ აბზაცად შეჯამების გზით გადაწყვიტა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი დასახელებული დოკუმენტი არ არის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროექტის ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ეკონომიკის სამინისტროს, არსებული კვლევების/შეფასებების შინაარსის სელექციური გადმოცემის ნაცვლად, უმოკლეს ვადებში სამინისტროს ვებ-გვერდზე განათავსოს განცხადებაში ჩამოთვლილი ყველა დოკუმენტი.

სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ნამახვანი ჰესის „კონტრაქტი აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც არაერთი აუდიტორული კომპანიის მიერაა დადასტურებული.“ უნდა ითქვას, რომ საერთოდ გაუგებარია კერძოდ რა საერთაშორისო სტანდარტებზე და, ასევე, რა მანდატით მოქმედ, რომელ აუდიტორულ კომპანიებზე უთითებს სამინისტრო, იმ პირობებში, როდესაც საჯარო უწყებების მიერ პროექტზე  მომზადებული ფუნდამენტური დოკუმენტები და დასკვნები ამ დრომდე ხელმიუწვდომელია საზოგადოებისთვის. ამასთან, თუ ამგვარი დასკვნები ნამდვილად არსებობს, ჩნდება შეკითხვა: რატომ არ ასაჯაროებს მათ ეკონომიკის სამინისტრო და რატომ აცხადებს იუსტიციის სამინისტრო იურიდიული კომპანიის შერჩევას, რომელმაც სწორედ ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობა უნდა დაადგინოს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ეკონომიკის სამინისტროს განცხადება ნამახვანი ჰესის ირგვლივ  მთავრობის ქმედებების არათანმიმდევრულობის კიდევ ერთი დასტურია და აღრმავებს ეჭვებს, რომ ხელისუფლება არა პრობლემის რეალურ გადაწყვეტაზე, არამედ საზოგადოების წუხილების გადაფარვაზეა ორიენტირებული. ამასთან, ეკონომიკის სამინისტრო აგრძელებს იმგვარი ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც შესაბამისი დოკუმენტაციით და კონკრეტული მტკიცებულებებით გამყარებული არ არის და რომელთა გადამოწმების შესაძლებლობა, ენერგეტიკული სექტორის უკიდურესი დახურულობის და გაუმჭვირვალობის გამო, საზოგადოებისთვის, ხშირად, შეუძლებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) უკვე მერამდენედ მოუწოდებს მთავრობას და შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს ნამახვანი ჰესის პროექტზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნა და პროექტის ხარჯთარგებლიანობის ანალიზი.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] იხ., საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს #426 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის“ მე-10 მუხლი, რომლის თანახმად, პროექტის „ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უნდა მოიცავდეს... ....ხარჯთსარგებლიანობის ანალიზს, რომელიც ადგენს და, რამდენადაც შესაძლებელია, რაოდენობრივად და ფულად გამოსახულებაში ზომავს პროექტის ზეგავლენას (პროექტის საზოგადოებრივ ხარჯსა და სარგებელს, ალტერნატიული ღირებულების შეფასების საფუძველზე) საზოგადოებაზე, მის სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს, მათ შორის, დასაქმებაზე გავლენის ჩათვლით.“ ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2Txnou6

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“