საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ანგარიში მოამზადა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ.
ანგარიშის მიხედვით, 2019 წლიდან დღემდე მაუწყებლობის ახალი დირექტორატი უხეშად არღვევს როგორც ჟურნალისტების ინდივიდუალურ უფლებებს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლობის უმთავრეს პრინციპებს - იყოს სახელმწიფო გავლენებისგან თავისუფალი, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გამტარებელი, სამართლიანი და მიუკერძოებელი. ამავე პერიოდიდან იწყება უკანონო გადაწყვეტილებების მიღების მთელი ციკლი, რაც გამოიხატა შიდაორგანიზაციულ ცვლილებებში, ჟურნალისტების ტოტალურ კონტროლში, მათ დისციპლინურ დევნაში, შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტაში/შეცვლაში. მაუწყებელი უხეშად და მიზანმიმართულად ერეოდა და ერევა კრიტიკულად განწყობილი, პროფკავშირში გაწევრიანებული ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ აშკარა მითითებებით, საქმიანობის შეზღუდვით, საქმიანობიდან ფაქტობრივი ჩამოშორებით.
„მიმდინარე უსამართლო სარედაქციო, ადმინისტრაციული და შრომითი გადაწყვეტილებების ფონზე აშკარა გახდა, რომ იცვლებოდა მაუწყებლის მუშაობის შინაარსი და სარედაქციო პოლიტიკაც. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ 2019 წლის 25 დეკემბრიდან 2020 წლის 4 ივნისის ჩათვლით[1] პერიოდში ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ საკადრო ცვლილებების განხორციელების შემდგომ სარედაქციო პოლიტიკა გარკვეულ გადაცემებში შეიცვალა. მაგალითად, ცვლილებები შეინიშნებოდა 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში, რაც გამოიხატებოდა „მნიშვნელოვანი ამბების მიჩქმალვა/არგაშუქებაში, ბალანსის ხელოვნურად დაცვასა და კრიტიკისგან დაცლილი კონტენტის გავრცელებაში.“ ამავდროულად, თუ მონიტორინგის დასაწყისში აღნიშნული საინფორმაციო გამოშვება კრიტიკული იყო სტუმრების მიმართ, საკადრო ცვლილებების შემგომ ეს მიდგომა შეიცვალა - სტუმრებს აღარ უსვამდნენ კრიტიკულ შეკითხვებს“ - ვკითხულობთ ანგარიშში.
ორგანიზაციების შეფასებით, ბოლო წლებში, აჭარის მაუწყებელში მიმდინარე ნეგატიური პროცესები, გარდა იმისა, რომ ათეულობით ადამიანის შრომითი უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევას უკავშირდება, ქვეყანაში მედიის თავისუფლების მდგომარეობაზე ახდენს გავლენას და ვნებს საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური ინსტიტუტის იდეას. ნიშანდობლივია ისიც, რომ მაუწყებელში მიმდინარე ნეგატიური პროცესები, მთლიანობაში, ქვეყანაში პოლიტიკური და მედია კლიმატის გაუარესების ტენდენციას ემთხვევა. პოლიტიკური პოლარიზებისა და მასთან დაკავშირებული პოპულიზმის კვალდაკვალ, ხელისუფლება ხშირად სწორედ ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისგან ქმნის მტრის ერთგვარ ხატს, რომელთანაც ბრძოლა პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის მოტივით მართლდება. თუმცა, ამ სტრატეგიის უკან დემოკრატიული სივრცის შეკუმშვისა და ხელისუფლების კონტროლის და ანგარიშვალდებულების ავტორიტარული ინსტინქტები უფრო იკითხება.
[1] 2020 წლის 11 მარტიდან ამავე წლის 20 აპრილამდე მედიამონიტორინგი შეჩერებული იყო, რისი მიზეზიც აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები და საგაფიცვო პროცესის დაწყება გახდა - გადაცემები, ძირითადად, ეთმობოდა თავად მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს.
ინსტრუქცია