საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საქართველოში მე-20 საუკუნეში დაწყებული პოლიტიკური კრიზისების შედეგად, ქვეყანამ რამდენიმე ომი და შიდა სამხედრო და პოლიტიკური დაპირისპირება გამოიარა. დამოუკიდებლობის შემდგომი ოცდაათწლიანი ისტორია წინააღმდეგობრივი პოლიტიკური და სოციალური გამოცდილებებით ხასიათდება, რომელსაც მძიმე გამოვლინება აქვს როგორც სისტემურ, ისე მიკრო-სოციალურ და ინდივიდუალურ დონეებზე.
აფხაზეთის ომი, რომელშიც დაუზუსტებელი მონაცემებით, მთლიანობაში დაახლოებით 13 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 18 000-ზე მეტი დაიჭრა და დასახიჩრდა, 2000-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, , 300 ათასმა ადამიანმა კი იძულებით გადაადგილებულის სტატუსი მიიღო, დღემდე ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ შეუსწავლელ ეპიზოდად რჩება.
დროის სვლასთან ერთად კონფლიქტის სწრაფი მოგვარების შეუძლებლობა და მუდმივად ცვალებადი პოლიტიკური და გეოპილიტიკური კონტექსტი, კიდევ ერთხელ აყენებს დღის წესრიგში სამშვიდობო ინიციატივებისა გადახედვის და ახალი შესაძლებლობების ძიების აუცილებლობას. მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივები კონფლიქტით დაზარალებული საზოგადოებების, მათ შორის, იძულებითი გადაადგილებული პირების მონაწილეობით უნდა იყოს შექმნილი. მშვიდობის მშენებლობის თეორიები, ამ კონტექსტში, პირველ რიგში, მოიაზრებს დევნილი თემის ჩართულობას და სიმართლის, პატიების, სამართლიანობისა და მშვიდობის საკითხებზე მსჯელობისთვის სივრცეების შექმნას.
დევნილი თემის ჩართულობა, როგორც ქართულ, ისე ქართულ-აფხაზურ დისკუსიებში არ არის საკმარისად მხარდაჭერილი. უფრო მეტიც, მათ შესახებ მოლოდინები წინასწარ ზღვარდადებულია. დევნილებს, როგორც ტრავმაგამოვლილ საზოგადოებას, ხშირად მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ და ემოციური განზომილებების ჭრილში განიხილავენ, მათი სამშვიდობო პოტენციალი კი შეუსწავლელია. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა საზოგადოებრივი გამოკითხვა ცხადყოფს, რომ დევნილთა დიდი ნაწილი დიალოგისთვის და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრისთვის ღია მზადყოფნას აჩვენებს, ამ თემის ხმა სამშვიდობო პოლიტიკაში პრაქტიკულად არ არის წარმოდგენილი. რადიკალიზებული და ექსკლუზიონისტური დისკურსული ველი კი, კიდევ უფრო ართულებს ამ პერსპექტივების რეპრეზენტაციას.
წინამდებარე კვლევის მიზანია შეისწავლოს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის ხედვები და პერსპექტივები მშვიდობასთან და კონფლიქტის მოგვარებასთან მიმართებაში.
კვლევის ამოცანებია გაანალიზოს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის აღქმები წარსულთან, კონფლიქტთან და მშვიდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
კვლევის ფართო მიზანია კონფლიქტებთან და მშვიდობის საკითხებთან დაკავშირებული კრიტიკული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნის შექმნა და ალტერნატიული ხედვების წარმოდგენა კონფლიქტების სტრუქტურული მიზეზებისა და მშვიდობის მიღწევის გზებზე სამჯელოდ.
ინსტრუქცია