საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2022 წლის შემოდგომაზე, აბაშის ხეობის სამხრეთი ნაწილი, რომელსაც ბალდის კანიონს უწოდებენ, დაცული ტერიტორიების სააგენტომ აუქციონზე გაიტანა. აუქციონის შედეგად, მარტვილში მდებარე კანიონი, რომელიც 2013 წლიდან ბუნების ძეგლის სტატუსს ატარებს, ორმოცწლიანი იჯარის წესით კერძო ინვესტორს გადაეცა.
ისედაც დისტოპიური მოცემულობა კიდევ უფრო შემაშფოთებელი ხდება, როცა აუქციონში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელი, მედიასთან საუბრისას, სურათს დეტალებით ავსებს: „ადგილზე ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა მოვაწყოთ, რომელიც 390-400 მეტრის ბილიკს, საფეხმავლო ბილიკს, დაკიდულ ბილიკს, გასართობ დიდ ატრაქციას მოიცავს“, - განმარტავს „კანიონი 350”-ის დირექტორი და იქვე ყურადღებას ამახვილებს პროექტის ინოვაციურ ხასიათზე: „ამ შემთხვევაში ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ზიპლაინი გვაქვს აშენებული და აქ რაიმე ახლის შემოტანა გადავწყვიტეთ. ეს ე.წ. „როლერია“, იგივე ზიპლაინი, თუმცა არა სწორხაზოვანი, არამედ კანიონის რელიეფს იმეორებს“.
როგორც ჩანს, ჯერაც დასაზუსტებელია, ბილიკი 390 მეტრი იქნება, თუ ათი მეტრით უფრო გრძელი, მაგრამ პროექტის შინაარსი დამაბრმავებლად ნათელია, როგორც მზიანი დღე თოვლით დაფარულ კანიონში. იქაურობა უნდა „მოწესრიგდეს“, „გასუფთავდეს“, გახდეს „უსაფრთხო“ და „მიმზიდველი“. კანიონი უნდა იქცეს „დიდ ატრაქციად“ - ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტების მაგნიტად, რომელსაც ყოველ წელს 100,000 ადამიანი ესტუმრება. „ვიზიტორები“ გადაიხდიან ბილეთის საფასურს, იყიდიან სუვენირებს, ჩამოსრიალდებიან ზიპლაინზე და მოძებნიან ფულის დახარჯვის სხვა და მრავალფეროვან გზებს. ამ ფულის ნაწილი ადგილობრივ მოსახლეობასთან დარჩება, როგორც ბიუჯეტში გადახდილი თანხის, ისე ანაზღაურების სახით, რომელსაც ახალ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულები მიიღებენ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა პრეტენზია შეიძლება გვქონდეს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, რომელმაც ჩაატარა აუქციონი, შეარჩია კომპანია და ბალდის კანიონი 40 წლით კერძო ინვესტორს გადასცა?
სააგენტოს გადაწყვეტილებაში ტერიტორიის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის შესახებ, ირონიული მხოლოდ ის არ არის, რომ კანიონი დღეს მიმზიდველი ზუსტად იმიტომაა, რომ ის მიუთვისებელი, საერთო სივრცეა - ხელუხლებელი თუ არა, უფრო ნაკლებად ხელშევლებული, ვიდრე ის ქუჩები და ქალაქები, სადაც მის სანახავად ჩასული ვიზიტორები ცხოვრობენ. ირონიულია ისიც, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო, არათუ არ იცავს ამ სივრცეს კომერციული გარდაქმნისგან, არამედ თავად გადასცემს მას ბიზნესს, რომლისგან დაცვაც საქართველოს ეკოსისტემებს ყველაზე მეტად სჭირდება.
დაცული ტერიტორიების სააგენტო, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებს მთავარს - დღეს, საქართველოში, კომერციალიზაცია არა ბუნებრივი სივრცეების „მოწესრიგების“, „გასუფთავების“ ან მიმზიდველად ქცევის, არამედ მათი დეგრადაციის, გაერთფეროვნების და გაუფასურების ინსტრუმენტია. კომერციალიზაცია - განსაკუთრებით იმ ტიპის, რომელსაც ბალდის კანიონის ახალი პროექტი მოიაზრებს - მორგებულია არა ზოგადად ადამიანის კანიონში მიზიდვასა და მის შესაძლო ინტერესებზე, არამედ ბუნებრივ გარემოსთან ურთიერთობის ერთ კონკრეტულ და განსაკუთრებით საზიანო ფორმაზე.
ჯოზეფ საქსი, თავის მოკლე და ძალიან დახვეწილ წიგნში, „მთა მოაჯირის გარეშე“, ამ ტიპის „დასვენებას“ კონსუმერისტულ რეკრეაციას უწოდებს. ჯერ კიდევ ოთხმოციანი წლების დასაწყისში, საქსი წერდა ტურისტული „გამოცდილებების“ ახალ და პოპულარულ ფორმებზე, რომლებიც უპირატესობას ანიჭებს არა ბუნების „უბრალოდ მონახულებას“ - რაც თანამედროვე ვიზიტორისთვის ძალიან მოსაწყენია - არამედ მრავალფეროვან აქტივობებს ბუნებაში. ხედები, მდინარის ხმა და ბიომრავალფეროვნებაზე დაკვირვება თანდათან დამარცხდნენ ისეთ ტურისტულ პროდუქტებთან კონკურენციაში, როგორიცაა კაიაკინგი, პიკნიკი, ექსტრემალური სპორტი, სრიალი, ცოცვა და, რა თქმა უნდა, ზიპლაინი. შედეგად, ძვირფასი ბუნებრივი სივრცეები მზარდი პოპულარობის აქტივობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით და მათი ფულისმხარჯველი მომხმარებლებით გადაიჭედა. საქსთან საუბრისას მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ეროვნული პარკის მთავარი ეკოლოგი ვიზიტორების ინტერესის ცვლილებას ასე აფასებდა: „ადრე აქ ხალხი სიმშვიდისა და სილამაზისთვის ჩამოდიოდა. დღევანდელ ვიზიტორს ხალხის სიმრავლე არც აწუხებს - პირიქით, მოსწონს კიდეც. ის აქ ექშენისთვის ჩამოდის“.[1]
ძვირფასი ბუნებრივი სივრცეების კომერციული აქტივობებით გადატვირთვის ტენდენცია, მთელ მსოფლიოში, მას შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. საქსი მკითხველს აფრთხილებდა, რომ მომხმარებლური ტურიზმის მზარდი პოპულარობა განსაკუთრებული სიფრთხილისკენ უნდა უბიძგებდეს დაცულ ტერიტორიებზე პასუხისმგებელ უწყებებს, რომლებმაც დატვირთვა ისე უნდა გაანაწილონ, რომ მათი ძირითადი ფუნქცია - ღირებული ბუნებრივი ტერიტორიების დაცვა - კომერციალიზაციის ტალღას არ შეეწიროს. ყველაზე ღირებული ეკოსისტემები ყველაზე მომხმარებლური გამოცდილებების დეკორაციად რომ არ იქცეს, კომერციული დატვირთვისთვის უნდა გამოინახოს არა ისეთი სივრცეები, რომლებიც პირველ რიგში თავიანთი ბუნებრივი სილამაზით თუ ეკოლოგიური ღირებულებითაა მნიშვნელოვანი, არამედ ისეთი საჯარო თუ კერძო ტერიტორია, სადაც კომერციული აქტივობა კონსერვაციის პრიორიტეტთან წინააღმდეგობაში არ მოვა. უფრო მოკლედ - მოეწყოს ზიპლაინი მათთვის, ვისაც ეს აქტივობა უყვარს და ვისაც ამაში ფულის გადახდა სურს, მაგრამ ნუ მოეწყობა ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე.
საქსის „კონსუმერი-დამსვენებლის“ აჩრდილი საქართველოს კურორტებს დასტრიალებს მშიერ მოჩვენებასავით, რომელსაც სჭირდება სასტუმროები, კაფეები და რესტორნები, მაღაზიები 24/7, ყოველთვის ხელმისაწვდომი ყველა სახის პროდუქტი და, რაც ყველაზე მთავარია, უწყვეტი გართობა. ტურისტის მზერა თავის თავზე ირგებს მისთვის მიმზიდველი სივრცის მთლიანობას, აწესებს მისი მართვის პრიორიტეტებს. მისი ინტერესი ისახება სამშენებლო მტვრის ვერცხლისფერ ღრუბელში, ისმის ბურღის ბიძგებს შორის, კრთება გადანათებული სარეკლამო აბრის შუქზე.
საქართველოს ეკოსისტემების ნაწილი კომერციალიზაციის ალყაშია, ნაწილში კი კონსუმერისტულმა ტურიზმმა უკვე ღრმად გაიდგა ფესვი. კომერციალიზაცია ზოგან განაშენიანების სახეს იღებს, ზოგან ტურისტული ინფრასტრუქტურის, ზოგან კი სამონადირეო მეურნეობის. ჭარბმა კომერციულმა ინტერესმა ბაკურიანი სამშენებლო მოედნად აქცია. მახლობლად, ბორჯომის პარკში მიმსვლელი ვერსად გაექცევა ხმამაღალ და ყველაფერ ბუნებრივთან შეუსაბამო მუსიკას, რომელიც პარკის ღობეს მიბჯენილი კაფეებიდან მოდის. კვარიათი დაემსგავსა ბაგებს, მწვანე კონცხი კი იმდენად გადაივსო ახალი სახლებითა და სასტუმროებით, რომ იქ ჩასული ტურისტები მალე გიდს ჰკითხავენ - რატომ დაარქვეს ამ ადგილს მწვანე კონცხი?
თუმცა ადგილი, რომელიც ყველაზე უკეთ განასახიერებს მომხმარებლური ტურიზმის აღმასვლას, წალკაში მდებარეობს. იქ, დაშბაშის კანიონის ორ მხარეს დღეს საფეხმავლო ხიდი აკავშირებს, რომლის ცენტრშიც გიგანტური შუშის ბრილიანტი კიდია. დაშბაშის კანიონიც ბუნებრივი ძეგლია.
„წალკის ბრილიანტი“, რომლის მონახულებაც საქართველოს მოქალაქეებს შეღავათიან ფასად, 29 ლარად შეუძლიათ, მიუღებელია არა მხოლოდ მათთვის, ვინც შესაძლოა სკეპტიკური იყოს ზოგადად ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მიმართ, არამედ თავად საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციისთვისაც, რომელიც მიიჩნევს, რომ „მოწყობილმა ინფრასტრუქტურამ შენარჩუნების ნაცვლად სრულად შეცვალა არსებული ბუნებრივი ლანდშაფტის გარეგნული მხარე“, და რომ „საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული ცოცხალი კულტურის კომპონენტი. შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხრიდან ამ კონკრეტული ინვესტიციის „უნიკალურ ეკოტურისტულ სივრცედ“ წარმოჩენა შეუსაბამობაში მოდის თავად ეკოტურიზმის არსთან და მის ძირითად პრინციპებთან“. „ეკოტურიზმი“, როგორც ტურიზმის ქვეკატეგორია, სწორედ იმ უდავო ფაქტის გაცნობიერების შედეგად გაჩნდა, რომ ტურიზმი ხშირად ბუნებრივ სივრცეებს შეუქცევადად აზიანებს. თუმცა ბუნებრივი გარემოს კომერციალიზაციის უახლესი ქართული გამოცდილება მიუთითებს, რომ ტურისტული შეჭრა ბუნებრივ სივრცეებში, მიუხედავად პრეფიქსისა, ამ სივრცეებს გაცილებით უფრო დიდი საფრთხის წინაშე აყენებს, ვიდრე უბილიკობა ან უხიდობაა.
ბუნებრივი სივრცეების ამ ტიპის „განვითარებას“ არაფერი აქვს საერთო წესრიგსა თუ სისუფთავესთან. ასეთ სივრცეებში, ბუნებრივ მრავალფეროვნებას მომხმარებლური ერთფეროვნება ანაცვლებს. კომერციული მონოკულტურა მასპინძელ ეკოლოგიურ სისტემებს ერთგვაროვან თარგზე ჭრის. შედეგად, სივრცეებსა და გამოცდილებებს შორის განსხვავება ისევე მცირდება, როგორც განსხვავება ზიპლაინსა და როლერს შორის.
უნიკალური ბუნების ძეგლი არ უნდა იმართებოდეს იმ ვიზიტორისთვის, რომლისთვისაც კანიონი უინტერესოა, თუ იქ ზიპლაინით ვერ ჩამოსრიალდება. ეს ტიპური კონსუმერია, რომლისთვისაც ბუნებრივი გარემო ნაყიდი გამოცდილებების დეკორაციაა. როგორც არ უნდა მოვინდომოთ, მის კაპრიზულ, ცვალებად გემოვნებას ვერ დავეწევით, როგორც აქილევსი ვერ დაეწევა კუს. ზიპლაინის „როლერით“ ჩანაცვლება, მიუხედავად ამ არქიტექტურული გადაწყვეტის უდავო ინოვაციურობისა, მხოლოდ გადაავადებს ეგზოტიკურის გარდაუვალ გაშინაურებას - სიახლე წარმავალია, პოპულარობას აუცილებლად მოსდევს ყავლგასულობა.
დაცული ტერიტორიების სააგენტო ხელს უწყობს ბალდის კანიონის ისეთ ვიზიტორზე - ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ისეთ მომხარებელზე - მორგებას, რომლის ვიზიტსაც ინფასტრუქტურა, კომერციული პროდუქცია და კომერციული გამოცდილებები სჭირდება და რომელსაც კუდში დამლაგებლების არმია უნდა მოსდევდეს. ამის ნაცვლად, სააგენტო ამ სივრცეს იმ მიზნით უნდა მართავდეს, რომ მიმსვლელებს შორის ბუნებრივი გარემოს მიმართ არამომხმარებლური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი. ისეთი დამოკიდებულების, რომელიც იქაურობის სისუფთავეს თუ უსაფრთხოებას არ დაემუქრება.
თუმცა სააგენტო ცდილობს ბუნებრივი გარემო თვითონ აქციოს სამომხმარებლო გამოცდილებად. სწორედ ამისთვის სჭირდება მას ინფრასტრუქტურა და მისი მომწყობი კერძო ინვესტორი. ინფრასტრუქტურა სჭირდება ტურისტულ ინდუსტრიას, რომელმაც კანიონი არა უბრალოდ „მიმზიდველი“, არამედ კომერციულად მიმზიდველი უნდა გახადოს. თორემ მიმზიდველი ბალდის კანიონი ისედაც არის - უბრალოდ ის დღეს არ არის მომგებიანი.
ცხადია, ჩარევასა და სივრცის მაქსიმალურად ხელუხლებლად შენარჩუნებას შორის კონფლიქტი მხოლოდ კომერციული ინტერესის პირობებში არ ჩნდება. უნდა იყოს თუ არა ეროვნული პარკები შშმ-ადაპტირებული? ტურისტული ინფრასტრუქტურის რა ნაწილია აუცილებელი, და რა - ზედმეტი? რამდენად შეთავსებადია ლაშქრობა და კომფორტი? როგორ შეიძლება რეკრეაციის მრავალფეროვანი ფორმების თანაგანვითარება ურთიერთდაუზიანებლად? რამდენად თავსებადია სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ბუნების კონსერვაციასთან?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ფრთხილი და წინდახედული გადაწყვეტილებები სჭირდება. სენსიტიური და წინდახედული მართვისთვის დაცული ტერიტორიების სააგენტოს აქვს სივრცის დაცვის განსხვავებული სტატუსების არსენალი, რომელთა დახმარებითაც მას დატვირთის გონივრულად განაწილება და კონსერვაციის და სხვა მიზნების ერთმანეთთან შეთავსება შეუძლია. თუმცა ამის ნაცვლად დღეს ის პრობლემების წყაროს - კომერციალიზაციას - მათი გადაჭრის გზად წარმოსახავს.
[1] „People used to come for the beauty and serenity. Those who come now don’t mind the crowds; in fact they like them... They come for the action“. Sax, Joseph L. Mountains without handrails: Reflections on the national parks. University of Michigan Press, 2018. p.83.
ინსტრუქცია