საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მალკოლმ იქსის ეს გამოსვლა გაიმართა 1964 წლის 12 აპრილს ქ. დეტროიდში (მიჩიგანის შტატი). აღნიშნულ წელს, ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართებოდა და პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი მეორედ იყრიდა კენჭს. ამ გამოსვლიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 1965 წლის 21 თებერვალს მალკოლმ იქსი ერთ-ერთი საჯარო გამოსვლის დროს მოკლეს.
მთარგმნელი: ქამრან მამედლი
მოგესალმებით ბატონო მოდერატორო, ბატონო რევერენდ ქლიგ, დებო და ძმებო, მეგობრებო. ასევე, ვხედავ ზოგიერთ მტერსაც! უფრო მეტიც, სულელია ის ვინც ფიქრობს, რომ ამ მასშტაბის შეხვედრაზე ჩვენი მტრები ჩვენს გვერდით არ არიან მოკალათებულნი.
დღევანდელ ჩვენს თემას ჰქვია „ბიულეტენი ან ტყვია“. მგონი, ასეთ სათაურს დამატებითი გამარტებები არ სჭირდება. რადგანაც ეს წელი ჩვენთვის „ბიულეტენის ან ტყვიის“ წელია. ამიტომ, სანამ ამ თემაზე საუბარს დავიწყებ, მინდა განვმარტო რამდენიმე საკითხი, რაც ჩემს პირად პოზიციას ეხება.
მე ახლაც მუსლიმი ვარ. ჩემი მრწამსი ისევ ისლამია. ახლაც, ბატონ მუჰამედს ვუმადლი იმას, რაც ვიცი და ვინც ვარ. იგი იყო ადამიანი, რომელმაც თვალები ამიხილა. ამჟამად, მე მუსლიმების მიერ ახლად შექმნილი ორგანიზაციის წინამძღვარი გახლავართ. ამ ორგანიზაციის ოფისები სასტუმრო ტერესაშია, ჰარლემის ცენტრში, რომელიც ქალაქ ნიუ-იორკის შავი ზოლია.
როგორც იცით, ადამ კლეიტონ ფოველი ქრისტიანი მოძღვარია აბისიანურ ბაპტისტურ ეკლესიაში, მაგრამ ის უფრო მეტად ცნობილია მისი პოლიტიკური მოღვაწეობით. ხოლო დოქტორი მართინ ლუთერ ქინგი ასევე არის ქრისტიანი მოძღვარი ატლანტადან, ჯეორჯიის შტატიდან, მაგრამ ის მისი სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლითაა ცნობილი. ასევე, ნიუ-იორკში სხვა ქრისტიანი სასულიერო პირებიც არიან. მაგალითად, რევერენდ გალმისონი, შესაძლოა არ იცნობდეთ მას. ის ქრისტიანი მოძღვარია ბრუკლინიდან, მაგრამ ის ბრუკლინის სეგრეგირებული სკოლების სისტემის წინააღმდეგ ბრძოლითაა უფრო ცნობილი. ჩემს გვერდით მჯდომი რევერენდ ქლიგიც ქრისტიანი მოძღვარია დეტროიდში. ის „თავისუფლება ახლა პარტიის“ თავმჯდომარეა. ყველა ეს ადამიანი ქრისტიანი სასულიერო ლიდერია, მაგრამ ჩვენ მათ არ აღვიქვამთ მხოლოდ ქრისტიან სასულიერო ლიდერებად. ჩვენ მათ სხვადასხვა სფეროს მებრძოლებად აღვიქვამთ. ასე, რომ როგორც ისინი არიან ქრისტიანი სასულიერო ლიდერები, მეც სასულიერო ლიდერი ვარ, ოღონდ მე ვარ მუსლიმი სასულიერო ლიდერი. ხოლო თუ ნამდვილად გვინდა არსებული უსამართლობების შეცვლა, მაშინ ერთობლივი ძალებით უნდა ვიბრძოლოთ, რადგანაც ცალ-ცალკე ვერაფერს ვცვლით. სწორედ, ამგვარ გაერთიანებას ქადაგებს შავკანიანთა ნაციონალიზმი და მე შემიძლია გითხრათ, რომ მე ვარ თავისუფლებისთვის მებრძოლი შავკანიანი ნაციონალისტი.
ისლამი ჩემი რელიგიაა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემი რელიგია ჩემი პირადი საქმეა. ის მართავს ჩემს პირად ცხოვრებას, პირად მორალს. ჩემი რელიგიური ფილოსოფია ჩემსა და ღმერთს შორის უნდა დარჩეს. ისევე როგორც, ზემოთ ჩამოთვლილი სასულიერო ლიდერების რელიგიური ფილოსოფია მათსა და მათ ღმერთს შორის უნდა დარჩეს. ეს საუკეთესო გზა. თუ დავიწყებთ რელიგიის განხილვას, აღმოვაჩენთ ძალიან ბევრ განსხვავებულობას. შედეგად, კი ჩვენ ვერასდროს ვერ შევძლებთ გაერთიანებას. ასე რომ, თუმცა, ჩემი რელიგიური ფილოსოფია არის ისლამი. ჩემი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ფილოსოფია არის შანკანიანთა ნაციონალიზმი. როგორც აღვნიშნე, თუ მე და თქვენ რელიგიაზე საუბარს დავიწყებთ, გვექნება განსხვავებები, გვექნება კამათი და ვერასდროს შევძლებთ გაერთიანებას. ჩვენ ჩვენი რელიგიები სახლში, კარადაში უნდა შევინახოთ. რელიგია ჩვენსა და ჩვენს ღმერთს შორის უნდა დარჩეს, აქ კი საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლოსითვის უნდა გამოვიდეთ.
მაგრამ რას არის შავკანიანთა ნაციონალიზმი? შავკანიანთა ნაციონალიზმის პოლიტიკური ფილოსოფია გულისხმობს იმას, რომ შავკანიანმა კაცმა საკუთარ თემში პოლიტიკა და პოლიტიკოსები თავად უნდა მართოს. დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა თეთრკანი ხალხი მოდიოდა ჩვენს თემში, გვაიძულებდა მისთვის ხმის მიცემას, ხდებოდა ჩვენი პოლიტიკური ლიდერი და გვკარნახობდა, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა და რისი არა. იგივე გაგებით, ის დროც წარსულს ჩაბარდა, როცა იგივე თეთრკანიანი კაცი, იმის ცოდნით, რომ ჩვენ ფართედ გახელილი თვალები გვქონდა, ჩვენს პოლიტიკურ ლიდერად ვინმე შავკანიანს გამოგვიგზავნიდა, რომელიც ისევ და ისევ არასწორი მიმართულებით წაგვიყვანდა. შავკანიანთა ნაციონალიზმის პოლიტიკური ფილოსოფია გულისხმობს იმას, რომ თუ მე და თქვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ შავკანიანთა თემში - და ეს არის ის ადგილი, სადაც ვიცხოვრებთ ყოველთვის, რადგანაც როგორც კი თქვენ მათ სამეზობლოში გადადიხარ საცხოვრებლად, ის სამეზობლო ცოტა ხნის გამნავლობაში შერეულია, მაგრამ ისინი მალევე ტოვებენ ამ სამეზობლოს და შენ ისევ მარტო რჩები - ჩვენ უნდა გავიგოთ ჩვენი თემის პოლიტიკა. უნდა ვიცოდეთ, თუ რას აწარმოებს პოლიტიკა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა როლს თამაშობს პოლიტიკა ჩვენს ცხოვრებაში. მეგობრებო, სანამ, ჩვენ პოლიტიკურად მოვმწიფდებით, ყოვეთვის მოგვატყუებენ, დაგვაბნევენ, ან დაგვარწმუნებენ, რომ მხარი დავუჭიროთ ისეთ ვინმეს, რომელსაც ჩვენი თემის კეთილდღეობა არ აქვს განზრახული. შესაბამისად, შავკანიანთა ნაციონალიზმის პოლიტიკური ფილოსოფია ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გავატაროთ პოლიტიკური პროგრამა, რომელიც ჩვენს ხალხს ხელახლა გაანათლებს და თვალს აუხელს, რომელიც პოლიტიკურად ცნობიერს გაგვხდის, პოლიტიკურად მომწიფებულს. მხოლოდ ამის შემდეგ ვიქნებით მზად ბიულეტენისთვის და საარჩევნო ურნისთვის. მხოლოდ ამის შემდეგ, შევძლებთ ავირჩიოთ ადამიანი, რომელსაც ჩვენი თემის კეთილდღეობა აქვს განზრახული.
შანკანიანთა ნაციონალიზმის ეკონომიკური ფილოსოფია გულისხმობს იმას, რომ ჩვენს თემში ჩვენ უნდა ვიყოთ მესაკუთრეები, ჩვენ უნდა ვმმართვდეთ და ვაკონტროლებდეთ ეკონომიკას. იცით რატომ არ არსებობს შავკანიანთა მაღაზია თეთრების სამეზობლოში? რადგანაც, თეთრკანიანი კაცები შენი მომხმარებლები არასდროს იქნებიან. თქვენ წარმოიდგინეთ და ისინი ამაში მართლებიც არიან. რადგანაც, მათ აქვთ საკმარისი ჭკუა, რომ იზრუნონ საკუთარ ხალხზე. ხოლო, თქვენ არ გაქვთ საკმარისი ჭკუა, რომ იზრუნოთ საკუთარ თავზე. თეთრკანიანი კაცი იმდენად ჭკვიანია, რომ ის არ დაუშვებს ვინმე უცხომ მისი თემის ეკონომიკა გააკონტროლოს. მაგრამ თქვენ უშვებთ, რომ უცხომ გააკონტროლოს თქვენი თემის ეკონომიკა, გააკონტროლოს სახლის იჯარის ფასები, გააკონტროლოს განათლების სისტემა, გააკონტროლოს სამუშაო ადგილები, გააკონტროლოს ბიზნესები. ეს ყველაფერი ეფუძნება წინასწარ მომზადებულ ტყუილს, რომ თქვენ გინდათ ინტეგრაცია. არა, მეგობრებო, სინამდვილეში, თქვენ, თავში ჭკუა არ გაქვთ.
შავკანიანთა ნაციონალიზმის ეკონომიკური და პოლიტიკური ფილოსოფია გულისხმობს იმას, რომ ჩვენ იძულებული ვართ ჩავერთოთ ხელახალი სწავლების პროგრამაში, სადაც ჩვენ ხალხს ავუხსნით, რომ როცა დოლარს ხარჯავენ არა საკუთარ თემში, არამედ სხვა თემში, მაშინ ის სხვა თემი მდიდრდება, ხოლო მათი საკუთარი თემი ღარიბდება. და რადგანაც ეს დაბნეული და გზა აბნეული შავკანიანები წელებზე ფეხს იდგამენ, რომ ფული მათ მჩაგვრელ თეთრებთან დახარჯონ, შედეგად მათი მჩაგვრელები უფრო და უფრო მდიდრდებიან, ხოლო თქვენ უფრო და უფრო ღარიბდებით. რა ხდება ამის შემდეგ? ის სამეზობლო, რომელშიც შენ ცხოვრობ ხდება ჭაობი, ხდება გეტო. ხოლო შენ ურცხვი გამბედაობით აკრიტიკებ შენს ცუდ საცხოვრებელ პირობებს. სინამდვილეში, შენს საცხოვრებელ პირობებს თემიდან და სამეზობლოდან ფულის გატანით შენ თავად აუარესებ.
უფრო მეტიც, მე და თქვენ ორმაგ პრობლემასთან გვაქვს საქმე. რადგანაც, მაშინაც კი როცა ჩვენს ფულს ვხარჯავთ ჩვენივე სამეზობლოში, ამ ფულს ჩვენთან ვერ ვინარჩუნებთ. იცით რატომ? იმიტომ, რომ ჩვენს სამეზობლოში მაღაზიები და ეკონომიკა ჩვენ არ გვეკუთვნის. ის, ვინც ჩვენთან მაღაზიებს მართავს, არ არის ჩვენიანი. ის ჩვენ არ გვგავს. ის არც კი ცხოვრობს ჩვენთან. შედეგად, მე და თქვენ რომც მოვინდომოთ და დავხარჯოთ ჩვენი ფულები ჩვენს სამეზობლოში, მაინც ვხარჯავთ ისეთ კაცთან, რომელიც შებინდებისას შეავსებს ფულით სავსე კალათას და წავა სხვაგან.
ასე რომ ჩვენ ხაფანში ვართ, ორმაგ ხაფანგში, სამმაგ ხაფანში. სადაც არ უნდა წავიდეთ აღმოვაჩენთ, რომ ხაფანგში ვართ. და ყველა ახლად შემოთავაზებული გამოსავალი უბრალოდ სახე შეცვლილი ხაფანგია, გარდა შავკანიანთა ნაციონალიზმისა. შავკანიანთა ნაციონალიზმის ეკონომიკური ფილოსიფია გვაჩვენებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენივე მცირე მაღაზიების გახსნას, განვითარებას და მათი ოპერაციების გაფართოებას. ვულვორთმა (სუპერმარკეტების ქსელი - თარჯ.) თავის დროზე, საქმიანობა ასე ფართო მასშტაბებით არ დაიწყო. მათ ათცენტიანი მაღაზიიდან დაიწყეს, მაგრამ შემდეგ გაფართოვდნენ და გაძლიერდნენ დღევანდელ დღემდე. ხოლო დღეს, ისინი მთელს მსოფლიოში არიან წარმოდგენილნი. დღეს უკვე ისინი ყველა ჩვენგანის ფულების მოზიარენი არიან. მე და თქვენ ახლა უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯები, ხოლო ამისთვის საუკეთესო ადგილი ის სამეზობლოა, სადაც ჩვენ თვითონ ვცხოვრობთ. შესაბამისად, ჩვენი ხალხი არამხოლოდ ხელახლა უნდა განათლდეს შავკანიანთა ბიზნესების მხარდაჭერის მნიშვნელობისთვის, არამედ შავკანიანებმა თავად უნდა იფიქრონ ბიზნესის დაწყებაზე. და როცა მე და თქვენ დავიწყებთ ბიზნესს, როგორც მინიმუმ, ჩვენივე თემში ბიზნესებს ჩვენ გავაკონტროლებთ. ისეთ სიტუაციას ჩამოვაყალიბებთ, რომ ჩვენი ხალხისთვის სამუშაო ადგილებს ჩვენ თვითონ შევქმნით. და როცა ეს მოხდება, მაშინ შემცირდება სულელური და სამარცხვინო მოქმედებების საჭიროებაც, ბოიკოტირების და პიკეტირების პრაქტიკები, რაც სინამდვილეში სამსახურების გამო მტრისთვის ხვეწნაა. ხოლო, ნებისმიერ დროს, როცა სამუშაო ადგილებისთვის შენს მტერზე ხარ დამოკიდებული, მაშინ შენ ხარ ცუდ ფორმაში. და ის ნადვილად არის შენი მტერი. ნება მიბოძეთ გითხრათ, რომ თქვენ ამ ქვეყანაში არ იქნებოდით, თქვენს მტერს თქვენი წინაპრები რომ არ მოეტაცა და აქ არ წამოეყვანა.
ამასთანვე, ზოგიერთი თქვენგანი ფიქრობს, რომ თქვენ აქ მეიფლოვერით (გემის სახელწოდება, რომელიც პირველი ჩავიდა ამერიკის კონტინენტზე, იგულისხმება რელიგიური ბედნიერება - თარჯ.) მოხვედით. როგორც გახსოვთ, დებო და ძმებო, დღეს ჩვენი განზრახვა რელიგიაზე საუბარი არ არის. დღეს რელიგიას გვერდი უნდა ავუაროთ. რელიგიაზე საუბარი კამათისკენ გვიბიძგებს, ხოლო საუკეთესო გზა ამის თავიდან ასაცილებლად, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენი რელიგიების სალხში დატოვებაა. შეინახე შენი რელიგია შენსა და შენს ღმერთს შორის, რადგანაც არ აქვს მნიშვნელობა ქრისტიანი ხარ, მუსლიმი, თუ ნაციონალისტი. ჩვენ ყველას ერთი და იგივე პრობლემა გვაქვს. ისინი (იგულისხმება რასისტი თეთრკანიანები - თარჯ.) ბაპტისტობის გამო არ გკიდებენ თოკზე, არამედ იმიტომ რომ თქვენ ხართ შავკანიანები. ისინი ჩემი მუსლიმობის გამო კი არ მებრძვიან, არამედ იმიტომ რომ მე ვარ შავკანიანი. ყველა ჩვენგანს ჯოჯოხეთი ერთი მტრისგან გვერგო. ჩვენ ყველანი ერთ კალათში ვართ, ერთ ნავში ვზივართ. ჩვენ განვიცდით პოლიტიკურ ჩაგვრას, ეკონომიკურ ექსპლოატაციას და სოციალურ დეგრადაციას. ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი მტრისგან მომდინარეობს. სახელწიფომ იმედები გაგვიცრუა. ამას ვერ უარყოფთ. როცა ცხოვრობ მეოცე საუკუნეში, 1964 წელს, დადიხარ და მღერი „We Shall overcome”, ნიშნავს იმას, რომ სახემწიფომ იმედები გაგვიცრუა. ესეც ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ რას აკეთებთ არასწორად. თქვენ ბევრს მღერიხართ. მაგრამ ახლა დროა, რომ მღერა შეწყვიტოთ და მოძრაობა დაიწყოთ. სიმღერით თავისუფლებას ვერ მიაღწევთ. მაგრამ მოძრაობით შეგიძლიათ თავისუფლებას მიაღწიოთ. კასიუს კლეის სიმღერა შეეძლო, მაგრამ ის მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი სიმღერით არ გახდა. ის ჩემპიონი მოძრაობით გახდა. მართლაც და, სახელმწიფომ იმედები გაგვიცურა. ასეთ სიტუაციაში სახელწიფომ თავად ჩაგვაგდო. ხოლო თეთრკანიანმა ლიბერალებმა, რომლებიც პოზიციონირებდნენ ჩვენს მეგობრებად, მათაც იმედები გაგვიცრუეს. და როცა ჩვენ ვხედავთ, რომ ყველამ იმედები გაგვიცურა, უნდა შევწყვიტოთ სხვის იმედზე ყოფნა და მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე ყოფნა ვისწავლოთ. ჩვენ გვჭირდება საკუთარი თავის დახმარების პროგრამა, გააკეთე შენ თვითონ ფილოსოფია, გააკეთე ახლავე ფილოსოფია, უკვე ძალიან დაგვინებულია ფილოსოფია. ეს არის ის, რაც მე და თქვენ გვჭირდება. ერთადერთი გზა, რითიც ჩვენ შეგვიძლია მოვაგვაროთ ჩვენი პრობლემები არის საკუთარი თავის დახმარების პროგრამა. ხოლო სანამ საკუთარი თავის დახმარების პროგრამა გვექნება, ჩვენ უნდა დავიწყოთ საკუთარი თავის დახმარების ფილოსოფიის კულტივირებით.
შავკანიანთა ნაციონალიზმი საკუთარი თავის დახმრების ფილოსოფიაა. რატომაა შავკანიანთა ნაციონალიზმი საუკეთსო გზა? იმიტომ რომ შენ შეგიძლია დარჩე შენს ეკლესიაში და გქონდეს შავკანიანთა ნაციონალიზმის ფილოსოფია. შენ შეგიძლია დარჩე ნებისმიერ სამოქალქო საზოგადოებაში და გქონდეს შავკანიანთა ნაციონალიზმის ფილოსოფია. შენ შეგიძლია იყო ათეისტი და გქონდეს შავკანიანთა ნაციონალიზმის ფილოსოფია. ეს არის ფილოსოფია, რომელიც ანადგურებს ყველანაირი დაყოფის და კამათის საჭიროებას. რადგანაც, თუ შენ ხარ შავკანიანი, მაშინ შენ უნდა იფიქრო, როგორც შავკანიანმა, და თუ შენ ხარ შავკანიანი და დღემდე არ ფიქრობ როგორც შავკანიანი, მაშინ ვწუხვარ შენთვის მეგობარო.
როცა შეცვლი შენს ფილოსოფიას, მაშინ შენი აზროვნების პატერნიც იცვლება, ხოლო აზროვნების პატერნის ცვლილება შენს განწყობებს ცვლის. განწყობები თავის მხრივ შენს ქცევის პატერნებს ცვლის. შედეგად, შენ მოქმედებაში გადადიხარ. მაგრამ სანამ გაქვს მჯდომიარე პროტესტის ფილოსოფია, შენ გაქვს მჯდომიარე აზროვნების პატერნი. ხოლო სანამ ფიქრობ, რომ ამ მოძველებული მჯდომიარე პროტესტის აზროვნებით რაიმე მოქმედებას განახორცილებ, იქამდე სულ იჯდები. როცა აცხადებ, რომ აორგანიზებ მჯდომარე აქციას, ეს არ არის კარგი. ეს მაშინვე კასტრაციას გიკეთებს. ეს მაშინვე მიწასთან გასწორებს. რა მოაქვს ამას? წარმოდგინე სურათი, სადაც ვიღაცა ზის. ბებერ ქალსაც შეუძლია იჯდეს. ბებერ კაცსაც შეუძლია იჯდეს. სულელს შეუძლია იჯდეს. მშიშარას შეუძლია იჯდეს. ყველას შეუძლია იჯდეს. მე და თქვენ დიდი ხანია ვსხედვართ, და ახლა დროა ფეხზე წამოვდგეთ და შევებრძოლოთ.
თუ სამყაროში სხვა ქვეყნებს დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ შავკანიანი, ფერადკანიანი, და ყვითელკანიანი ხალხები აფრიკაში და აზიაში საკუთარ თავისუფლებებს აღწევენ. ისინი ამას აკეთებენ არა სიმღერით „We Shall overcome“, არამედ ნაციონალიზმით. ნაციონალიზმია, რამაც აზიელ ხალს დამოუკიდებლობა მოუტანა. აზიის კონტინენტის ყველა ერმა დამოუკიდებლობას ნაციონალიზმის ფილოსოფიით მიაღწია. აფრიკის კონტინეტის ყველა ერმა საკუთარი დამოუკიდებლობა ნაციონალიზმის ფილოსოფიით მიიღო. ამ ქვეყანაში, კი შავკანიანთა ნაციონალიზმი 22 მილიონიან აფრო-ამერიკელ ხალხს თავისფულებას მოუტანს, სადაც ჩვენ ბოლო 400 წლის გამავლობაში კოლონიზაციის მსხვერპლნი ვიყავით. ამერიკა ისეთივე კოლონიური ძალაა, როგორიც ინგლისი და საფრანგეთია. უფრო მეტიც, ამერიკა უფრო ბოროტი კოლონიკური ძალაა, ვიდრე ისინი, რადგანაც ამერიკის უკან ფარისეველი კოლონიური ძალა დგას. რას ნიშნავს მეორეხარისხოვანი მოქალაქე? სწორედ, ეს არის კოლონიალიზმი. მეორეხარისხოვანი მოქალაქეობა მე-20 საუკუნის თანამედროვე მონობაა. როგორ უნდა მითხრა, რომ მე მეორე-ხარისხოვანი მოქალაქე ვარ. დედამიწის ზურგზე, სხვა არც ერთ ქვეყანაში მეორეხარისხოვანი მოქალაქეობა არ არსებობს. სხვაგან მხოლოდ არიან მონები და თავისუფალი ადამიანები. ასე, რომ ეს ქვეყანა არის ფარისეველი. ისინი ცდილობენ და გვაფიქრებინებენ, რომ გაგვანთავისუფლეს, როცა გვიწოდებენ მეორეხარისოვან მოქალაქეებს. სინამდვილეში კი, შენ ხარ მე-20 საუკუნის მონა. როგორც ნაციონალიზმმა შეძლო აფრიკის და აზიის ქვეყნების კოლონიალიზმისგან განთავისუფლება, ასევე, ამ ქვეყანაში შავნაკნიანთა ნაციონალიზმიც 22 მილიონიანი აფრო-ამერიკელი ხალხის მხრებს და გონებას კოლონიალიზმისგან გაანთავისუფლებს.
მიმაჩნია, რომ 1964 წელი ბიულეტენის ან ტყვიის წელი იქნება. რატომ ვფიქრობ, რომ ეს წელი ბიულეტენის ან ტყვიის წელი იქნება? იმიტომ რომ, შავკანიანები უკვე ძალიან დიდი ხანია თეთრკანიანი კაცის ტყულებს და ცრუ დაპირებებს უსმენენ. და მათ ეს უკვე მოსწყინდათ. ისინი იმედგაცრუებულნი და დამცირებულნი არიან. ისინი უკმაყოფილოები არიან. ეს ყველაფერი კი შავკანიანთა ფრუსტრაციას ემატება, რომელიც ამერიკაში შავკანიანებს უფრო ფეთქებად საშიშს ხდის, ვიდრე რუსეთის ყველა ატომური ბომბი ერთად აღებული. როცა მუხლზე რასიზმის დენთით სავსე ბარელი გიდევს, ეს უფრო საშიშია, ვიდრე მაშინ როცა მუხლზე ატომური დენთით სავსე ბარელი გიდევს. რადგანაც, როცა რასიმიზის ბარელი ფეთქდება, ის არ ითვალისწინებს იმას, თუ გზაში ვის დააზიანებს. გაიაზრეთ, რომ ის საშიშია. ხოლო 1964 წელი თითქოს ამის გააზრების წელია. რადგანაც, ვაშინგტონის მარშის არად ჩაგდების შემდეგ, თეთრკანიან კაცი თქვენს გასულელებას ვეღარ შეძლებს. თეთრკანიანმა კაცმა თქვენ მოგატყუათ. ჩაგიყვანათ ვაშინგტონში. თქვენ, კი ერთი მკვდარი თეთრკანიანი კაცის საფლავიდან სახელად ლინკოლნი მეორე თეთრკანიანი კაცის საფლავამდე სახელად ჯორჯ ვაშინგტონი, „We Shall overcome”-ის მღერით იარეთ. მაგრამ მან თქვენ გაგასულელათ. გაფიქრებინათ, რომ სადმე მიდიოდით, მაგრამ აღმოაჩინეთ, რომ ლინკლონისა და ვაშინგტონის საფლავებს ვერ გაცდით. ასე რომ დღეს, ჩვენი იმედგაცრუებული და დამცირებული ხალხი, უკმაყოფილოცაა. ხოლო ამ ფრუსტრაციაში, მათ მოქმედება სწყურიათ. იცოდეთ, რომ წელს თქვენ ახალგაზრდა შავკანიან კაცს ნახავთ, ახალ თაობას, რომელიც ითხოვს ან ბიულეტენს, ან ტყვიას. ბებერი ბიძია თომას მოქმედებები წარსულს ჩაბარდა. ახალგაზრდა თაობას აღარ უნდა გაიგოს, რომ შანსები ჩვენს წინააღმდეგა. საერთოდ რაში გვაინტერესებს ჩვენ შანსები?
სანამ ამერიკა შეიქმნებოდა, აქ იყო 13 კოლონია. მაშინ თეთრკანიანი ხალხი თავად იყო კოლონიზირებული. მაგრამ მათ წარმომადგენლობის გარეშე გადასახადების გადახდა მობეზრებული ჰქონდათ. შესაბამისად, ზოგიერთი მათგანი წამოდგა და დაიძახა „თავისუფლება ან სიკვდილი“. მე თეთრკანიანების სკოლაში დავდიოდი, ქალაქ მაისონში, მიჩიგანში. უნდა გითხრათ, რომ თეთრკანიანებმა შეცდომა დაუშვეს, როცა მათი ისტორიის წიგნები წამაკითეს. მათ შეცდომა დაუშვეს, როცა მასწავლეს, რომ პატრიკ ჰენრი და ჯორჯ ვაშინგტონი პატრიოტები იყვნენ. არც ბებერი პატი და არც ჯორჯ ვაშინგტონი არაძალადობრივები არ ყოფილან. თავისუფლება ან სიკვდილი იყო ის დევიზი, რამაც ამ ქვეყანას ინგლისისგან დამოუკიდებლობა მოუტანა. მათ არ აინტერესებდათ მათი შანასები. რატომ დაუპირისიპირდნენ უზარმაზარ ბრიტანეთის იმპერიის რისხვას? იმ დღეებში ბრიტანეთის იმპერია იყო იმდენად ძლიერი და ძლევამოსილი, რომ მას უწოდებდნენ იმპერიას, სადაც მზე არასდროს ჩადიოდა. ხედავთ რამდენად ძლიერი იყო ის, და მაინც, ამ პატარა 13-მა შტატმა, დაღლილმა წარმომადგენლობის გარეშე გადასახადების გადახდისგან, დაღლილმა ექსპლოატაციისგან, ჩაგვრისგან და დეგრადაციისგან, დიდ ბრიტანეთის იმპერიას განუცხადა „თავისუფლება, ან სიკვდილი“. ხოლო, ახლა თქვენ გყავთ 22 მილიონი აფრო-ამერიკელი შავკანიანი ხალხი, რომელიც უფრო დიდ ჯოჯოხეთს განიცდის, ვიდრე პატრიქ ჰენრის ოდესმე ენახა. თუ უკვე ვერ გაიგეთ, გეტყვით, რომ ამ ქვეყანაში თქვენ შავკანიანების ახალი თაობა გყავთ, ვისაც არ აინტერესებს შანსები. მათ არ უნდა ბიძია თომას ზღაპრების მოსმენა. არა, ეს არის ახალი თაობა. თუ სახლემწიფო ამ ახალგაზრდა შავკნაიან კაცებს კორეაში, ან სამხრეთ ვიეტნამში 800 მილიონიანი ჩინეთის წინააღმდეგ საბრძოლველად აგზავნის, ხოლო თქვენ იქაური შანსები არ გაშინებთ, მაშინ აქაური შანსებიც არ უნდა გაშინებდეთ.
რატომ უნდა იყოს ეს წელი პოლიტიკურად ფეთქებადი წელი? იმიტომ, რომ ეს საარჩევნო წელია. ეს არის წელი, როცა ყველა თეთრკანიანი პოლიტიკოსი მოვა შავკანიანთა სამეზობლოებში. არჩევნებამდე თქვენ მათ ვერასდროს ხედავთ და ვერსად იპოვით. მაგრამ როცა არჩევნების დრო დგება, ისინი ჩვენთან ცრუ დაპირებებით მოდიან. მაგრამ წელს, როცა ისინი დაიწყებენ ამ ცრუ დაპირებების გაცემას, ჩვენი ფრუსტრაცია უფრო გაძლიერდება და სიტუაციაც უფრო გაუარესდება. მე პოლიტიკოსი არ ვარ. მე პოლიტიკის მეცნიერების სტუდნეტიც კი არ ვარ. მე არც დემოკრატი ვარ, არც რესპუბლიკელი, და არც ამერიკელი ვარ. მაგრამ საკმარისი ცოდნა მაქვს, რომ ეს ვიცოდე. მე რესპუბლიკელების მიერ ჩაგრული 22 მილიონიანი აფრო-მაერიკელი მსხვერპლიდან ერთ-ერთი ვარ. მე დემოკრატების მიერ ჩაგრული 22 მილიონიანი აფრო-მაერიკელი მსხვერპლიდან ერთ-ერთი ვარ. მე ამერიკანიზმის მიერ ჩაგრული 22 მილიონიანი აფრო-მაერიკელი მსხვერპლიდან ერთ-ერთი ვარ. დღეს მე არ ვსაუბრობ როგორც დემოკრატი, არც როგორც რესპუბლიკელი და არც როგორც ამერიკელი. მე ვსაუბრობ, როგორც მსხვერპლი ამერიკის ე.წ. დემოკრატიის. მე და თქვენ დემოკრატია არასდროს გვინახავს. ჩვენ მხოლოდ ფარისევლობა ვნახეთ. როცა ჩვენ დღეს თვალებს ვახელთ და ამერიკას ვათვალიერებთ, ვხედავთ, რომ ჩვენ არასდროს გვისარგებლია ამერიკანიზმის პრივილეგიებით, ჩვენ ყოველთვის ვიყავით ამერიკანიზმის მსხვერპლები. ჩვენ არასდროს გვინახავს ამერიკულ ოცნება (სიზმარი). ჩვენ მხოლოდ ამერიკულმა კოშმარმა დაგვტანჯა. ჩვენ ამერიკული დემოკრატიით არ გვისარგებლია. ჩვენ ამერიკულმა ფარისევლობამ გვაწამა. ის თაობა კი, რომელიც ახლა მოდის, ხედავს ამ ყველაფერს და არ ეშინია ამაზე ხმამაღალი საუბრის. თუ ამის გამო ციხეში წახვალ, მერე რა? თუ შავკანიანი ხარ, შენ ციხეში ხარ დაბადებული სამხრეთშიც და ჩრდილოეთშიც. შეწყვიტეთ სამხრეთზე საუბარი. თუ კანადის საზღვრის სამხრეთით ხარ, შენ ხარ სამხრეთში.
არ დაუძახო გუბერნატორ ვალასს (ალაბამას შტატის გუბერნატორი - თარჯ.), რომ ის დიქსი (სამხრეთელი რასისტი - თარჯ.) გუბერნატორია. სინამდვილეში, რომნია (მიჩიგანის შტატის გუბერნატორი - თარჯ.) დიქსი გუბერნატორი. დღეს ამერიკანიზმის 22 მილიონიანი შავკანიანი მსხვერპლი იღვიძებს და ისინი ახალ პოლიტიკურ ცნობიერებას ითვისებენ. ისინი პოლიტიკურად მწიფდებიან და იზრდებიან. ამ პროცესში, კი ისინი არჩევნებზე მიმდინარე ტრენდებს კარგად ხედავენ. ისინი ხედავენ, რომ თეთრების ხმები ისე თანაბრად არის გადანაწილებულები, რომ ხშირად გამარჯვებულის გამოსავლენად მიღებული ხმების ხელახალი დათვლა ხდება საჭირო. რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანთა ნებისმიერ ჯგუფს, ნებისმიერი უმცირესობას, რომელიც ერთნაირად აძლევს ხმას, გააჩნია სტრატეგიული პოზიცია. გაიმარჯვებს ის, ვისაც შენ დაუჭერ მხარს. თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ, თუ ვინ წავა თეთრ სახლში და ვინ დარჩება ძაღლის სახლში. ზუსტადაც, თქვენ გაქვთ ეს ძალა. თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ ჯონსონი თერთ სახლში, ან თქვენ შეგიძლიათ გაუშვათ ის უკან ტექსასში, ბამბების სამკერვალოში. თქვენ იყავით ის, ვინც კენედი ვაშინგტონში გაამწესა. თეთრების ხმები თანაბრად იყო გაყოფილი. ფაქტია, რომ თქვენი ხმების 80% გაუშვით დემოკრატებთან და ამან განაპირობა დემოკრატების ყოფნა თეთრ სახლში. თუ ამას ხედავთ, ისიც დაინახეთ, რომ შანკანიანების ხმები არის გადამწყვეტი ფაქტორი. მაგრამ რას იღებთ ამის სანაცვლოდ? დღეს დემოკრატები ვაშინგტონში არიან მხოლოდ შავკანიანების ხმების გამო. ისინი იქ იყვნენ ბოლო 4 წლის განმავლობაში. ყველა კანონმდებლობა, რაც მათ ნამდვილად უნდოდათ რომ მიეღოთ, მიიღეს. ახლა კი ისევ თქვენზე დაიწყეს საუბარი. თქვენ მაშინ ისინი გაიყვანეთ პირველ ადგილზე, ხოლო მათ თქვენ ბოლო ადგილზე ჩაგაყენეს. იმიტომ რომ თქვენ ხართ სულელები. პოლიტიკური სულელები. ვაშინგტონში, კონგრესში 257 დემოკრატია და მხოლოდ 177 - რესპუბლიკელი. სენატში 67 დემოკრატია და 33 - რესპუბლიკელი. პარტია, რომელსაც თქვენ მხარი დაუჭირეთ აკონტროლებს სენატის და კონგრესის ორ მესამედს. და მაინც, მათ არ შეუძლიათ რომ თქნვეთვის მიცემული დაპირება შეასრულონ. იცით რატომ? იმიტომ, რომ თქვენ სულელები ხართ. როცა თქვენ მთელი თქვენი ძალით მხარს უჭერთ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც აკონტროლებს ხელისუფლების ორ მესამედს და ამ პარტიას არ შეუძლია თქვენთვის წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირების შესრულება, და მაინც თქვენ ჩლუნგებივით აგრძელებთ აქეთ-იქით სიარულს და საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ამ პარტიასთან, მაშინ არამხოლოდ სულელი ხარ, არამედ თქვენი ხალხის მოღალატეც ბრძანდებით.
და რა სახის გამამართლებელი საბუთი, ალიბი აქვთ მათ? მათ დიქსიკრატიის უმნიშვნელო კანონებიც კი მიიღეს. როცა თქვენ ბრმა, ყრუ, სულელი, უცოდინარი და პოლიტიკურად უმწიფარი იყავით. ბუნებრივია, რომ თქვენ ამაში პრობლემას ვერ ხედავდით. მაგრამ დღეს, როცა თვალები ფართედ გაქვთ გახელილი, როცა თქვენ პოლიტიკურად მომწიფდით და ხედავთ ყველაფერს, მიხვდებით, რომ დემოკრატი კარგად შენიღბული დიქსიკრატია.
თუ დააკვირდებით სახელისუფლებო სტურუქტურებს, აღმოაჩენთ, რომ ამ ქვეყანას სენატის 16 და კონრესის 20 კომიტეტი მართავს. აღსანიშნავია, რომ სენატის 16 კომიტეტიდან 10 სამხრეთელი რასისტების ხელშია. ხოლო კონგრესის 20 კომიტეტიდან 12 სამხრეთელი რასისტების ხელშია. რა ნამუსით გვეუბნებიან, რომ სახმრეთმა წააგო ომიო. დღეს, თქვენ სამხრეთელი სეგრეგაციის მომხრეების, რასისტების, თეთრკანიანთა უპირატესობის მხარდამჭერების ხელში ხართ. ისინი წარმოადგენენ დემოკრატთა პარტიას, მაგრამ სინამდვილეში ისინი შენიღბული დიქსიკრატები არიან. დიქსიკრატი კარგად შენიღბული დემოკრატია. ვინც მართავს დემოკრატებს, ისიც დიქსიკრატია. ხოლო ყველა დიქსიკრატის მამამარჩენალი თეთრ სახლში ზის. კიდევ და კიდევ ვამბობ; თქვენ გყავთ პრეზიდენტი, რომელიც სამხრეთელი სეგრეგაციონისტია ტექსასის შტატიდან. თქვენ ტექსასშიც ისევე სწრაფან ჩაგქოლავენ, როგორც - მისისიპიში. მხოლოდ ერთი განსხვავებით, ტექსასში ტექსასური აქცენტით ჩაგქოლავენ, ხოლო მისისიპიში მისისიპური - აქცენტით.
ხოლო, როცა ის რასისტი ძალაუფლების სათავეში მოვიდა, უპირველეს ყოვლისა ყველა შავკანიანი ლიდერი ყავაზე დაპატიჟა. ამით უნოდა ყველასთვის ეჩვენებინა, რომ ის რასისტი არ არის. ჩვენმა ბიძია თომებმა კი ერთ ჭიქა ყავაზეც უარი ვერ თქვეს. შეხვედრის შემდეგ, კი ჩვენ გვიხსნიან, რომ ის კარგი კაცია, იმიტომ რომ ის არის სამხრეთიდან. და რადგანაც ის სამხრეთიდანაა, მას შეუძლია სამხრეთის საკითხი კარგად დაალაგოს. ხედავთ რა ლოგიკას ავითარებენ? და ისთლანდზე (მისისიპის სენატორი, რომსაც „თეთრი სამხრეთის“ ხმას უწოდებდნენ - თარჯ.) რას ფიქრობენ? ისთლანდიც სამხრეთიდანაა, ბარემ ის გახადეთ პრეზიდენტი. თუ ჯონსონზე ამბობთ, რომ ის კარგი კაცია, რადგანაც ის ტექსასიდანაა და მისი ტექსასური წარმოშობა მას მისცემს შესაძლებლობას, რომ სამრეთში სიტუაცია დაალაგოს. მაშინ ისთლანდი ხომ ჯონსონზე უკეთ შეძლებს სამხრეში სიტუაციის დალაგებას. ოჰ, მეგობრებო, გეუბნებით, რომ შეცდომაში ხართ შეყვანილნი, მოტყუებულნი ხართ.
რამნდენიმე კვირის წინ ვაშინგტონში, სენატში, სამოქალაქო უფლებების შესახებ კანონპროექტის განხილვას ვესწრებოდი. როცა სენატორები დემაგოგობდნენ, სენატის უკანა ნაწილში დიდი რუკა შევნიშნე, რომელზეც ამერიკაში შავკანიანთა გადანაწილება იყო ნაჩვენები. საინტერესოა, რომ ის სენატორები რომლებიც ყველაზე მეტად დემაგოგობდნენ, იყვნენ იმ შტატებიდან სადაც ყველაზე ბევრი შავკანიანი ცხოვრობს. რატომ დემაგოგობნენ ისინი ყველაზე მეტად ამ კანონის განხილვისას? იმიტომ, რომ აღნიშნული კანონპროექტი შავკანიანებს გარანტირებულად ხმის მიცემის უფლებას აძლევს. ხოლო, ამ სენატორებმა კარგად იციან, რომ თუ შავკანიანებს გარანტირებული ექნებათ ხმის მიცემის უფლება, მაშინ ისინი წარსულს ჩაბარდებიან. ამ შტატების დღევანდელი წარმომადგენლები სახლში წავლენ. ამერიკის კონსტიტუცია ამბობს, რომ, თუ რომელიმე ტერიტორიაზე კონკრეტული ხალხის საარჩევნო უფლება ირღვევა, მაშინ აღნიშნული ტერიტორიის წარმომადგენელი კონგრესიდან დათხოვნილი უნდა იყოს. და ახლა, კონსტიტუციის ეს კონკრეტული ნაწილი რომ განხორციელდეს, რატომ უნდა გყავდეს რასისტები და სეგრეგაციონისტები ვაშინგტონში? მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ამ დიქსიკრატების დათხოვნა დემოკრატების დათხოვნას ნიშნავს. როცა დიქსიკრატების ძალას ანადგურებ, მაშინ დემოკრატების პარტიის ძალასაც ანადგურებ.
არ მესმის, როგორ შეუძლია დემოკრატების პარტიას გულწრფელად ჩვენი ხალხის მომხრეც იყოს სამხრეთში, და ამავე დროს, მათი მთელი ძალაუფლება სამხრეთზე იყოს დაფუძნებული? სინამდვილეში, ჩრდილოელი დემოკრატებიც სამხრეთელ დემოკრატებთან ტანდემში არიან. ისინი ძალიან დიდ პოლიტიკურ თამაშს თამაშობენ. ხომ იცით როგორ ხდება? ერთ-ერთი იმათთაგანი მოდის თქვენთან და გარწმუნებს, რომ თქვენ მხარეზეა, მაგრამ ის ასევე თანამშრომლობს იმასთან, ვინც თქვენი მტერია. რატომ? იმიტომ რომ არც ერთი მათგანი თქვენიანი არ არის. უბრალოდ იძულებულნი არიან, დაგარწმუნონ და რომელიმე მათგანს მხარი დაუჭიროთ. შესაბამისად, ეს უბრალოდ თამაშია. ეს ასე ხდება ამდენი წლის განმავლობაში.
როცა ჯონსონი პრეზიდენტი გახდა, თვითმფრინავიდან ჩამოვიდა, თუ არა იკითხა „სად არის დიკი“? იცით ვინ არის „დიკი“? დიკი სამხრეთელი ბებერი რასისტია, სახელად რიჩარდ რასელი. ხედავთ? ჯონსონის საუკეთესო მეგობარი, დიკი, იყო ერთ ერთი მთავარი დემაგოგი სამოქალაქო უფლებების შესახებ კანონპროექტის განხილვისას. შეგიძლიათ მითხრათ, როგორ შეიძლება ის ჯონსონის საუკეთესო მეგობარი იყოს? ან როგორ შეუძლია ჯონსონს იყოს მისი მეგობარიც და თქვენი მეგობარიც? არა, ის კაცი ძალიან დიდი მატყუარაა. როცა შავკანიანები დემოკრატებს ხელისუფლებაში ინარჩუნებთ, მაშინ თქვენ ხელისუფლებაში დიქსიკრატებსაც ინარჩუნებთ. ერთი ხმა დემოკრატებისთვის არის ერთი ხმა დიქსიკრატებისთვის. მესმის, რომ არ მოგწონთ, როცა ამას გეუბნებით. მაგრამ მე არ ვარ ადამიანი, რომელიც მოვა და გეტვყით იმას, რაც მოგწონთ. მე გეუბნებით სიმართლეს. მოგწონთ თუ არა ის.
ჩრდილოეთშიც ზუსტად იგივე რასისტი დემოკრატები არიან. თუმცა, აქ მათ სხვა მეთოდები გააჩნიათ. მათი მეთოდი აქ ჯერიმენდერინგია. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ძალაუფლების სივრციდან გაგაგდონ. ჯერიმენდერინგით, ისეთ საარჩევნო სისტემას ქმნიან, სადაც თქვენი ხმა იკარგება და არავისთან მიდის. სამხრეთში ისინი პოლიტიკური მგლები არიან, ხოლო ჩრდილეოთში - პოლიტიკური მელიები. მელიაც და მგელიც, ორივე ძაღლია, ორივე ძაღლისებრთა ოჯახს ეკუთვნის. ახლა არჩევანი თქვენზეა, ირჩევთ ჩრდილოელ ძაღლს, თუ სამხრეთელ ძაღლს? რომელი ძაღლიც არ უნდა აირჩიოთ, მე გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენ ძაღლის ხელში აღმოჩნდებით. ამიტომაც, დღეს ვაცხადებ: ბიულეტენი ან ტყვია. თავისუფლება ან სიკვიდლი. თავისუფლება ყველასთვის, ან თავისუფლება არავისთვის.
ამერიკამ დღეს საკუთარი თავი უნიკალურ სიტუაციაში აღმოაჩინა. ისტორიულად რევოლუციები ყოველთვის სისხლიანი იყო. არასდროს არ ყოფილა უსისხლო, ან არაძალადობრივი რევოლუცია. ეს ჰოლივუდშიც კი არ ხდება. არ არსებობს რევოლუცია, სადაც შენი მტერი გიყვარს. არ არსებობს რევოლუცია, სადაც ექსპლოატატორს ეხვეწები, რომ შენი ინტეგრაცია მოახდინოს. რევოლუციები ატრიალებენ სისტემებს. რევოლუციები ანადგურებენ სისტემებს. რევოლუციები სისხლისნია. მაგრამ დღეს ამერიკა უნიკალურ სიტუაციაშია. ამერიკა ერთადერთი ქვეყანაა ისტორიის გამავლობაში, რომელსაც შეუძლია უსისხლო რევოლუცია ჰქონდეს. რუსეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, კუბის რევოლუციები სისხლიანი იყო. ხოლო, ამერიკის რევოლიუციაზე უფრო სისხლიანი რევოლუცია არც კი ყოფილა. თუმცა, დღეს ამ ქვეყანას შეუძლია, რომ ჩაერთოს უსისხლო რევოლუციაში. ამისთვის, ამერიკამ შავკანიან კაცს უნდა დაუბრუნოს ყველაფერი, რაც მას წაართვა.
იმედი მაქვს, რომ თეთრკანიანი კაცი ამას ხედავს. იმიტომ, რომ თუ ისინი ამ პროცესს ვერ ხედავენ, მაშინ მათი საქმე წასულია. შენი საქმე ცუდადაა, თუ ვერ ხედავ, რომ მოგიწევს ჩაერთო ისეთ პროცესში, რომელშიც გამარჯვების შანსი არ გაქვს. მით უმეტეს, მაშინ როცა ჩვენ არ გვეშინია შენი ატომური ბომბის. ეს ბომბი არაფერში გამოგადგება, რადგანაც ატომური ბომბი სხვა ქვეყნებსაც აქვთ. როცა ორ ან სამ ქვეყანას ატომური ბომბი აქვთ, არავის არ შეუძლია მისი გამოიყენება. რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს თეთრკანიანი კაცი იარაღის გარეშეა დარჩენილი. თუ მოქმედება გინდა, მიწაზე უნდა დაეშვა. მაგრამ აქ უფრო მეტი შავკანიანია, ვიდრე თეთრკანიანი.
მე მხოლოდ რამდენიმე წუთი დამრჩა. ამიტომ მოკლედ ვისაუბრებ.
თეთრკანიანები ხმელეთზე ომს ვეღარასდროს მოიგებენ. მათი გამარჯვების დღეები წარსულს ჩაბარდა. შემიძლია, თუ არა ამის დამტკიცება? რა თქმა უნდა, კი. შევხედოთ ყველა ომს, სადაც ისინი ჩართულნი არიან. მითხარით, სად იმარჯვებენ? არსად. ბრინჯის ყანების გლეხებმა გააგდეს ისინი კორეიდან. დიახ, თეთრკანიანები კორეიდან გაიქცნენ. სავარჯიშო ფეხსაცმელში გამოწყობილმა გლეხებმა, თოფით და ერთი თეფში ბრინჯით ხელში, თეთრკანიანები გააგდეს. ტანკებმა და ბომბებმა ვერ უშველა თეთრკნაიანებს. რატომ? იმიტომ, რომ ის დღეები, როცა ისინი ხმელეთზე ომს იგებდნენ წარსულს ჩაბარდა. ფრანგულ ინდო-ჩინეთში იმ პატარა სოფლელებმა, ბრინჯის ფერმერებმა ფრანგული ჯარი დაამარცხეს და ყველა ფრანგი გააქციეს. გახსოვთ დიენ ბიენ ფუ. არა.
ზუსტად იგივე მოხდა ალჟირშიც, აფრიკაში. ალჟირელებს არაფერი ჰქონდათ, გარდა თოფისა. ფრანგებს კი ომის წარმოებისთვის მაღალტექნოლოგიური იარაღები ჰქონდათ. მაგრამ როცა ალჟირელებმა პარტიზანული მოქმედებები დაიწყეს, თეთრკანიანმა კაცმა ვეღარ იბრძოლა პარტიზანების წინააღმდეგ. პარტიზანული ომი მოითხოვს გულს, მოთხოვს ნერვებს, ხოლო თეთრკანიანებს ის არ აქვთ. თეთრკანიანები გულადები არიან, როცა მათ აქვთ ტანკები. ისინი უშიშრები არიან, როცა მათ გვერდით ძალიან ბევრი ადამიანია. მაგრამ როცა აფრიკელი და აზიელი „სუსტი“ კაცები ხმალს იმარჯვებენ, ყველაფერი თანაბრდება.
შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ: ბიულეტენი ან ტყვია. დღეს ჩვენი ხალხი ხედავს, რომ ჩვენ სახელისუფლებო კონსპირაციის წინაშე ვართ. სახელმწიფომ იმედები გაგვიცრუა. სენატორები, რომლებიც დემაგოგობენ ჩემი და თქვენი საარჩევნო უფლებების წინააღმდეგ, აი, ესაა ჩვენი სახელმწიფოს დღევანდელი სახე. არ თქვათ, რომ ისინი სამხრეთელი სენატორები არიან. მთელი სახელმწიფო ასეთია. ეს სახელმწიფო დემაგოგიაა. ეს სეგრეგაციონისტების დემაგოგია არ არის. ეს სახელწიფო დემაგოგიაა. ნებისმიერ ქმედება, რაც კონგრესში, ან სენატში ხორციელდება, წარმოადგენს სახელმწიფოს. ნებისმიერი ქმედება, რაც მიზნად ისახავს წაგვართვას ჩემი და თქვენი უფლებები, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაშია. ხოლო, როცა სახელმწიფოს კონსპირაციას ხედავ, რომელიც ჩაგრავს მოქალაქეების უფლებებს და ხალხის სამოქალაქო უფლებებს, დროს ფუჭად ხარჯავ იმის ლოდინში, რომ ეს სახელმწიფო შეიცვლება. ნაცვლად ამისა, შენ ეს სახელწიფო მსოფლიოს სასამართლოს წინაშე უნდა დააყენო და ბრალი წარუდგინო გენოციდში და სხვა დანაშაულებებში, რაზეც ის დღეს პასუხისმგებელია.
შესაბამისად, ისინი, ვინც საკუთარ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ფილისოფიად შავკანიანთა ნაციონალიზმს მიიჩნევს, ჩართულნი ვართ სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლაში. ჩვენ დავაჯერეთ საკუთარ თავს სამოქალქო უფლებებისთვის ბრძოლა. ახლა კი, ეს ბრძოლა სამოქალაქო უფლებების დონიდან ადამიანის უფლებების დონეზე უნდა გადავიყვანოთ. რადგანაც, როცა შენ იბრძვი სამოქალაქო უფლებების დონეზე, მაშინ ბიძია სემის იურისდიქციის ქვეშ ხარ. შენ მიდიხარ მის სასამართლოში და ელოდები, რომ მან გამოასწოროს პრობლემა, რომელიც თვითონ შექნა. ამ შემთხვევაში, ის თავად არის დამნაშავე. დანაშაული დამნაშავეს კი არ უნდა მისცე განსახილველად. პირიქით, დამნაშავე უნდა წარადგინო სასამართლოს წინაშე. როცა სამხრეთ აფრიკის მთავრობამ დაარღვია ადამიანის უფლებები სამხრეთ აფრიკაში, მაშინ ხალხმა მთავრობა წარადგინა გაეროს წინაშე. როცა პურტუგალიის ხელისფულებამ დაარღვია ჩვენი ანგოლელი ძმების და დების უფლებები, მაშინ პორტუგალია გაეროს წინაშე წარადგინეს. რატომ შეუძლიათ თეთრკანიანებს უნგრეთის საკითხიც კი გაეროს წინაშე დააყენონ? ამ კვირაში, მთავარმა მოსამართლემ, გოლბერგმა რუსეთში სამი მილიონი ებრაელის უფლებების შესახებ საკითხი გაეროში დააყენა. მას უნდა ადამიანის უფლებების უგულებელყოფისთვის რუსეთის დასაჯონ, იმიტომ რომ რუსეთში ებრაელებს არასწორად ექცევიან.
ნებისმიერი ხალხის ხმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში ისმის. გაეროში ყველას საკუთარი წუხილების გახმოვანება შეუძლია. მაგრამ 22 მილიონიანს აფრო-ამერიკელს ხმა არ ისმის, რომლეთა საარჩევნო უფლებაც შეზღუდულია, რომელთა გოგონებსაც ხოცავენ, რომელთა ლიდერებსაც მზის სინათლეზე კლავენ. მითხარით, აქამდე რატომ არ დააყენეს ჩვენმა ლიდერებმა ეს საკითხი გაეროში? ჩვენი შემდეგი ნაბიჯი სამოქალქო უფლებების საკითხის გაეროში გატანა უნდა იყოს, უნდა ვანახოთ მთელს მსოფლიოს, რომ ბიძია სემი 22 მილიონიანი აფრო-ამერიკელს ჩაგრავს და მათ უფლებებს სასტიკად არღვევს.
თუმცა, ბიძია სემი ურცხვი გამბედაობით საკუთარ თავს თავისუფალი სამყაროს ლიდერად წარმოგვიდგენს. ის არამოხლოდ მატყურაა, არამედ - ფარისეველიცაა. ბიძია სემი, რომელსაც ჩემი და თქვენი წინაპრების სიხლით აქვს ხელები დასვრილი, რომლის კბილებიდან, პირსისხლიანი მგლის მსგავსად, ჩვენი სისხლი წვეთავს, ურცხვად, სხვა ქვეყნებისკენ უშვერს თითებს. ჩვენ აქ სამოქალქო უფლებებიც კი არ გვაქვს უზრუნველყოფილი და ის ურცხვად სამხრეთ აფრიკაზე და ფაშისტურ გერმანიაზე საუბრობს.
მე, ჩემს შემაჯამებელ სიტყვაში გთავაზობთ, რომ გავერთიანდეთ. ხოლო, ამ ერთიანობაში შავკანიანთა ნაციონალიზმი იყოს ამოსავალი ფილოსოფია. როგორ უნდა გადავლახოთ ერთმანეთის მტრობა? საერთოდ, რატომ არსებობს ეს მტრობა? იმიტომ, რომ ეს მათი სტრატეგიაა: დაყავი და იბატონე. ისინი გადაგვკიდებენ ერთმანეთს, რომ იბატონონ ჩვენზე. გეუბნებიან, რომ მე სეპარაციას (გაყოფას) ვემხრობი, ხოლო თქვენ ინტეგრაციას. არა, მე არ მინდა სეპარაცია, ხოლო, თქვენ არ გინდათ ინტეგრაცია. მე და თქვენ გვინდა თავისუფლება. უბრალოდ, თქვენ ფიქრობთ, რომ თავისუფლებამდე ინტეგრაცია მიგიყვანთ, ხოლო მე ვფიქრობ, რომ თავისუფლებამდე სეპარაცია მიგვიყვანს. ჩვენ ერთი და იგივე მიზანი გვაქვს, ჩვენ მხოლოდ, მიზნამდე მისასვლელი გზები გვაქვს განსხვავებული.
მინდა გითხრათ, რომ მე ვაკვირდებოდი რელიგიურ ლიდერს, ბილი გრაჰამს, რომელიც თეთრკანიანთა ნაციონალიზმს ქადაგებს. ისე, რომ იცოდეთ, ამ ქვეყანაში ყველა ეკლესია ეფუძნება თეთრკანიანთა ნაციონალიზმს. შედით, დაათვალიერეთ თეთრკანიანთა ეკლესიები. იქ იესოც, მარიამიც და ღმერთიც კი თეთრკანიანია. აი, ეს არის თეთრკანიანთა ნაციონალიზმი. შესაბამისად, გრაჰამის თეთრკანიანთა ნაციონალიზმის ქადაგება ადვილად იმალება ამ ეკლესიებში. სხვა შემთხვევაში დაპირისპირება ექნებოდა სხვა ეკლესიების წინამძღვრებთან. მაგრამ ის დადის სხვადასხვა ეკლესიებში და ქადაგებს თეთრკანიანთა ნაციონალიზმს და არავინ არ ეწინააღმდეგება მას.
ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ. უბრალოდ, მისგან განსხვავებით, ჩვენი სახარება შავკანიანთა ნაციონალიზმი იქნება. როგორც უკვე გითხარით, თქვენ უნდა მართოთ თქვენი თემის და სამეზობლოს პოლიტიკა და ეკონომიკა. საზოგადოების ყველა სფერო, სადაც თქვენ ცხოვრობთ უნდა იყოს თქვენი კონტროლის ქვეშ. და როცა იგრძნობთ, რომ ეს ფილოსოფია დაგეხმარებათ თქვენი პრობლემების მოგვარებაში, წადით და შეუერთდით ნებისმიერ ეკლესიას, სადაც ამას ქადაგებენ. მაგრამ არ შეურთდეთ ეკლესიას, სადაც თეთრკანიანთა ნაციონალიზმს ქადაგებენ. თუ ხართ შავკანიანთა ეკლესიაში, მაგრამ ხედავთ თეთრკანიან მარიამს და თეთრ ანგელოზებს, მაშინ შავკანიანთა ეს ეკლესია თეთრკანიანთა ნაციონალიზმს ქადაგებს. შორს დადექით ასეთი ეკლესიებისგან. მაგრამ როცა მიდიხარ და ხედავ, რომ პასტორს გააჩნია ფილოსოფია და პროგრამა, რომელიც მიმართულია იქეთ, რომ შავკანიანი ხალხი გააერთიანოს და გააძლიეროს, გაწევრიანდი ამ ეკლესიაში. თუ ხედავ რომ NAACP (ფერადკანიანი ხალხის გაძლიერების ეროვნული ასოციაცია - თარჯ.) ქადაგებს და მუშაობს იმისთვის, რომ შავკანიანთა ნაციონალიზმის ხელშესახები გახადოს, შეურთდი NAACP-ს. გაწევრიანდი ნებისმიერ სამოქალქო, რელიგიურ, საწევრო, პოლიტიკურ ან სხვა ტიპის ორგანიზაციაში, რომელიც მიზნად ისახავს შავკანიანების გაძლიერებას.
ეს იქნება ბიულეტენი, ან ეს იქნება ტყვია. ეს იქნება თავისუფლება, ან ეს იქნება სიკვდილი. და თუ მზად არ ხარ, რომ გადაიხადო ეს ფასი, მაშინ აღარ ახსენო სიტყვა „თავისუფლება“.
ერთი საკითხიც: ამას წინათ, ილინოისში სენატორ პოლ დუგლასთან ერთად ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიყავი. როგორც ე.წ. ლიბერალმა, ე.წ. დემოკრატმა, ე.წ. თეთრკანიანმა კაცმა, მან მითხრა, რომ ჩვენი აფრიკელი დები და ძმები ჩვენით დაინტერესებულნი არ არიან. მან მითრა, რომ აფრიკელებს შავკანიანი ამერიკელები არ აინტერესებთ. მე ვიცი, რომ ის ტყუის, მაგრამ გადავწყვიტე, რომ შემდეგი ორი-სამი კვირის განმავლობაში დავგეგმო ტური ჩვენს სამშობლოში, აფრიკაში. იმედი მაქვს, როცა დავრბუნდები, შევძლებ მოგახსენოთ, თუ ჩვენს მიმართ რას განიცდიან ჩვენი აფრიკელები. სანამ წავალ იქ, ზუსტად ვიცი, რომ ვუყვარვართ. ჩვენ ერთნი ვართ. ჩვენ მსგავსნი ვართ. იგივე კაცმა, რომელმაც მოახდინა მათი კოლონიზება, მოახდინა ჩვენი კოლონიზებაც. შესაბამისად, ჩვენ გავიღვიძებთ და ვიმუშავებთ ერთიანობაში და ჰარმონიაში. შედეგად ომიც დამთავრდება.
მე მინდა მადლობა გადავუხადო „თავისუფლება ახლა პარტიას“. მინდა მადლობა გადავუხადო მილთონ და რიჩარდ ჰენლის ჩემი აქ დაპატიჟებისთვის. ასევე, რევერენ ქლიგს. და მინდა მათ იცოდნენ, რომ ერთი ზარია საკმარისი, რომ ჩავჯდე თვითმფრინავში და მოვიდე აქ. რათა გავანადგუროთ პოლიტიკური, ეკონომიკური, და სოციალური ბოროტებები, რომელიც ბარიერებს უქმნის ჩვენს ხალხს, დეტროიდში, თუ ნებისმიერ ადგილას.
ინსტრუქცია