საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავა კვლავ ჭიანურდება, რაც სასამართლო გზით მუსლიმი თემის დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობას არსებითად ართულებს.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2017 წლის 5 მაისს, ბათუმის მერიამ მუსლიმი თემის თვითორგანიზებულ ფართე ჯგუფს, უარი უთხრა მათ მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ნაბართვის გაცემაზე. მუსლიმი თემი მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასა და დისკრიმინაციულობაზე სასამართლოში დავობს. ეროვნული სასამართლოების წინაშე მუსლიმი თემის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) წარმოადგენენ.
სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2017 წლის 13 ივნისს დარეგისტრირდა, თუმცა მითითებულ საქმესთან დაკავშირებით დღემდე მხოლოდ ერთი სასამართლო სხდომა გაიმართა 2018 წლის 20 თებერვალს. ამ სხდომაზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა, დავის საგანზე მოსარჩელე მხარესთან მოლაპარაკებების წარმოების მოტივით, სხდომის გადადება მოითხოვა. ორივე მხარის თანხმობით სასამართლო სხდომა სწორედ მითითებული საფუძვლით გადაიდო და სასამართლოს მიერ მხარეებს მიეცათ 1 თვიანი ვადა დავის საგანზე მოლაპარაკებების წარმოებისათვის. მერიის მიერ შემოთავაზებული უსამართლო პირობების მიუღებლობის გამო, მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა. ამ საკითხზე ეცნობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, თუმცა, დღემდე სხდომა ჩანიშნული არ არის.ამ საკითხზე ეცნობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, თუმცა, დღემდე სხდომა ჩანიშნული არ არის.
მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლო მსგავსი კატეგორიის საქმეს განიხილავს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე, დავის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 თვისა. მოცემულ შემთხვევაში კი, სარჩელის შეტანიდან 20 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი სასამართლო სხდომა გაიმართა.
სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემის მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ სასამართლო აღნიშნულ საქმეში დავის განხილვის ყველა გონივრულ ვადას არღვევს. ეს გარემოება საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და მუსლიმი თემისთვის მეჩეთის მშენებლობის საჭიროების გათვალისწინებით, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისადმი უნდობლობას აღრმავებს.
მოვუწოდებთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს უზრუნველყოს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმის დროული და სამართლიანი განხილვა და საქმის განხილვის პროცესის დროული განახლება.
ფოტო: DFwatch.net
ინსტრუქცია