[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური ანგარიში საქართველოში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობაზე

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწიურად მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობას სპეციალურ ანგარიშში აფასებს.

საქართველოზე გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კონსტიტუციით სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის მუხედავად, კანონმდებლობა და სახელმწიფო პოლიტიკა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრეფერენცირებას ახდენს და სხვა რელიგიური ორგანიზაციებისგან განსხვავებით პრივილეგიებს ანიჭებს.[1] მაგალითისთვის ანგარიში უთითებს პატრიარქის ექსკლუზიურ იმუნიტეტზე, დისკრიმინაციულ საგადასახადო კანონმდებლობაზე, სახელმწიფო საკუთრების  გადაცემის დისკრიმინაციული წესზე, სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოს სკოლების დაფინანსებაზე. ანგარიშის თანახმად, იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობა კრძალავს სკოლის სივრცის რელიგიური ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმისთვის გამოყენებას, კონსტიტუციური შეთანხმება და კანონმდებლობა საპატრიარქოს აძლევს სასწავლო დაწესებულებებში ქადაგების შესაძლებლობას ‘ნებაყოფლობითი გადაწყვეტილების შემთხვევაში’. ასევე მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს სამლოცველოები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში. [2]

ანგარიშის თანახმად, რელიგიური უმცირესობები კვლავ რჩებიან დისკრიმინაციული რესტიტუციის პოლიტიკის მსხვერპლი. იმის გარდა, რომ სახელმწიფო არ ცდილობს საკითხის ინსტიტუციურ დონეზე გადაწყვეტას, პრობლემები გადაუჭრელი რჩება ინდივიდუალურ დონეზე რელიგიური ჯგუფებისთვის. მაგალითად ანგარიში უთითებს სომხეთის სამოციქულო ეკლესიაზე, რომელიც მარტო თბილისში უკვე წლებია ითხოვს საბჭოთა კავშირის დროს ჩამორთმეული 5 ეკლესიის დაბრუნებას (რომელზეც პრეტენზიას აცხადებს საპატრიარქოც), ასევე ქვეყნის მასშტაბით დანარჩენი 57 ეკლესიის გადაცემას, თუმცა უშედეგოდ. სააგენტოში შესული ეკლესიის შესაბამისი განცხადებები წლის  ბოლომდე არ იყო გადაწყვეტილი. ანგარიში სხვა რელიგიური უმცირესობების, მათ შორის მუსლიმი თემის ანალოგიურ მდგომარეობაზეც საუბრობს. ანგარიში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს 2014 წელს საგანგებოდ შექმნილ მოხის კომისიის საქმიანობასაც, და მითითებას აკეთებს სახალხო დამცველის პოზიციაზე, რომლის თანახმად შექმნილმა კომისიამ მუსლიმ და მართლმადიდებელ თემს შორის სადავო შენობა-ნაგებობის წარმომავლობის დადგენასთან დაკავშირებით განსაზღვრული მიზანი ვერ შეასრულა.

ანგარიში ეხმიანება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კრიტიკასაც, რომლის თანახმად, სააგენტოს საქმიანობა არ არის გამჭვირვალე და რესტიტუციის პოლიტიკის ფარგლებში საპატრიარქოს ინტერესების მიმართ რჩება ლოიალური. დეპარტამენტი მათ შორის ეხება საბჭოთა კავშირის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოდელის ექსკლუზიურობას, დაფინანსებიდან იმ რელიგიური ორგანიზაციების გამორიცხვას, რომელთაც შერჩეული ოთხი რელიგიური ორგანიზაციის (ისლამური, იუდეური, რომაულ–კათოლიკური და სომ­ხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიურ გაერთია­ნებები) მსგავსად ასევე მიადგათ ზიანი მოცემულ პერიოდში.  ანგარიშში მითითებულია, რომ ამ ოთხ რელიგიური ორგანიზაციას შორის გადასაცემი თანხის ოდენობის დასაბუთებისას, სააგენტო უთითებს კანონმდებლობით კომპენსაციის „ნაწილობრივ და სიმბოლურ“ ბუნებაზე და კომპენსაციის მიზანზე, გაითვალისწინოს მიყენებული ზიანით რელიგიური ჯგუფებისთვის გამოწვეული „დღეს არსებული ნეგატიური შედეგები“. 2017 წელს კომპენსაციის აღნიშნული მოდელის საფუძველზე ოთხი რელიგიური ორგანიზაციის მიერ ჯამურად მიღებული 4.5 მილიონი ლარის ფონზე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საბჭოთა კავშირის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით ყოველწლიურად მართლმადიდებელი ეკლესიის  მიერ მიღებულ 25 მილიონსაც ახსენებს.

როგორც ანგარიში უთითებს, არასამართავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი მიმდინარე გამოწვევად ასახელებენ არადომინანტი რელიგიური ორგანიზაციების მხრიდან საკულტო ნაგებობის მშენებლობისთვის ნებართვის მოპოვების დროს შექმნილ პრობლემებს. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად წარმოდგენილია ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის დროს შექმნილი დაბრკოლებები, კერძოდ ბათუმის მერიის დისკრიმინაციული უარი მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, რაც კიდევ უფრო აფერხებს ბათუმში არსებულ ერთადერთ მეჩეთში გადატვირთულობის პრობლემის აღმოფხვრას. ანგარიში მიმოიხილავს ამ საქმეზე მიმდინარე სამართალწარმოებასაც, და აღნიშნავს, რომ ივნისში შეტანილ სარჩელზე დეკემბრის მდგომარეობით არცერთი სხდომა არ იყო ჩატარებული. ანგარიში აღნიშნავს, რომ მუსლიმი თემის მიერ შესყიდულ მიწაზე აგებული დროებითი კონსტრუქციების აგების გამო (რა სივრცეშიც ღვთისმსახურება უკვე მიმდინარეობდა), თემი დაჯარიმდა 3000 ლარით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უყურადღებოდ არ ტოვებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუსლიმი თემის კრიტიკასაც, რომლის თანახმად, მთავრობა ცდილობს სრულიად მუსლიმთა სამმართველოზე გავლენების მოხდენას, მათ შორის რელიგიური ლიდერების დანიშვნაზე კონტროლით.

მართალია, პროკურატურა უთითებს რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძვლით მიმდინარე 7 გამოძიების საქმეზე, ანგარიშის თანახმად, არასამათავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი კვლავ გამოთქვამენ წუხილს რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების დღემდე გამოუძიებელ საქმეებზე. ანგარიშის თანახმად, ამ წელს იეჰოვას მოწმეებმა მათი წევრების წინააღმდეგ განხორციელებულ 10 ფიზიკური ძალადობის ფაქტზე მიუთითეს.[3] ანგარიში რელიგიური უმცირესობების მოსაზრებაზე აკეთებს მითითებას, რომლის თანახმად საზოგადოებრივი აზრი სხვა რელიგიურ ჯგუფებს საპატრიარქოსა და ქვეყნის კულტურული ღირებულებებისთვის საფრთხედ მოიზარებს.

ანგარიში იხსენებს ქობულეთის პანსიონატის გარშემო 2014 წლის სექტემბრიდან მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის პანსიონატის შენობის კარებზე ღორის თავის მიჭედების და პანსიონატის წინ ბარიკადების, ჯვრის აღმართვის ეპიზოდებს და ეხმიანება მიმდინარე სამართალწარმოებას. ანგარიში განმარტავს, რომ უზენაესი სასმართლოს გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაადასტურა მუსლიმი თემის თანასწორობის უფლების დარღვევის ფაქტი. ანგარიშის თანახმად, უფლებების დარღვევის დროს შინაგან  საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობის საკითხზე უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

აქვე ანგარიში ეხმიანება საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტისა და თანასწორობის დარღვევებსაც, მათ შორის მართლმადიდებელი რწმენის ღია მხარდაჭერის სხვადასხვა ფორმებს, მათ შორის სასწავლო პერიოდში ლოცვების და სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების განთავსების პრაქტიკებს.

საზოგადოებრივ განწყოებებთან მიმართებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას ამახვილებს იანვრიდან ოქტომბრამდე მედია საშუალებების მონიტორინგის შედეგად[4] გამოვლენილ რელიგიური სიძულვილის ენის 92 შემთხვევაზე (წინა წლის ანგარიშის თანახმად 69 ასეთი შემთხვევა გამოვლინდა), რომელთაგან 49 „ისლამოფობიურ“ და „თურქოფობიურ“ გამონათქვამებს მოიცავდა და ახალი მეჩეთების მშენებლობას შეეხებოდა (წინა წლის მონაცემებით 31), 4 კათოლიკე თემის, 24 იეჰოვას მოწმეების, 2 ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის, 1 ეთნიკურად სომხების და 6 სხვა რელიგიური ჯგუფების წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ კონტექსტში, ანგარიში იხსენებს ივლისში გამართულ მარშსაც, სადაც ათასობით ადამიანი მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის მოთხოვნით, ძირითადად მუსლიმური ქვეყნებიდან იმიგრაციის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ გამოვიდნენ.

ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული რელიგიური საქმიანობის შეზღუდვის ინციდენტებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომელიც ცენტრალური მთავრობის ფაქტობრივ კონტროლის მიღმა რჩება.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის დასაწყისში, მსგავსი შინაარსის ანაგირიში „რასიზმისა და შეუწყნარებლობის ევროპული კომისიისა და ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტმაც გამოაქვეყნა.

 

საქართველოს შესახებ ანგარიში ინგლისურ ენაზე იხილეთ აქ⇓

Report_on_Georgia_1527691880.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ანგარიში ეხება კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტში რელიგიის თავისუფლების დამდგენ ნორმაში დაგეგმილ ცვლილებას შეზღუდვის საფუძვლებს შორის ეროვნული უსაფრთხოების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, რაც საბოლოოდ სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ექსპერტების მწვავე კრიტიკის შედეგად არ განხორციელდა.

[2] ანგარიში უთითებს რამდენიმე ასეთ დისკრიმინაციულ კანონმდებლობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავებზეც.

[3] ანგარიში ეხმიანება იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ დარღვეულ უფლებებზე ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასაც.

[4] მონიტორინგი განახორციელა მედიის განვითარების ფონდმა (MDF)

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“