საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2016 წლის 10 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობას აფასებს. ამავე წლის დასაწყისში, მსგავსი შინაარსის ანაგირიში „რასიზმისა და შეუწყნარებლობის ევროპული კომისიისა და ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტმაც“ გამოაქვეყნა.
ანგარიშის თანახმად, კონსტიტუციით სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის მუხედავად, კანონმდებლობა და სახელმწიფო პოლიტიკა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრეფერენცირებას ახდენს და სხვა რელიგიური ორგანიზაციებისგან განსხვავებით პრივილეგიებს ანიჭებს.
ასევე, მითითებულია კონსტიტუციური შეთანხმებით მართლმადიდებელი ეკლესიისათვის მინიჭებულ პრივილეგიებზე, პატრიარქის იმუნიტეტზე, სამხედრო სამსახურში მოძღვრის ინსტიტუტზე, გარკვეულ საჯარო მნიშვნელობის საკითხებზე, განსაკუთრებით კი განათლების სფეროში, საპატრიარქოს საკონსულტაციო როლზე.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიგან განსხვავებით, რელიგიური გაერთიანებები რელიგიური დანიშნულების ნივთების რეალიზებისთვის მოგების გადასახადს იხდიან. ასევე, დამატებული ღირებულების გადასახადს მსგავსი ნივთების დამზადებისა და იმპორტირებისას და ყველა ქმედების დროს, რომელიც დაკავშირებულია მშენებლობასთან, რეკონსტუქციასთან და რელიგიური ნაგებობის მოხატვასთან.
ანგარიშში საუბარია ისეთ დისრკიმინაციულ პრაქტიკებზე როგორებიცაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე რელიგიურ ორგანიზაციებს შორის პირდაპირი მიყიდვის წესით არასასოფლო სამეურნეო მიწის შეძენა, ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწის უსასყიდლო გადაცემაზე, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვისაა დაშვებული.
ზემოთ აღნიშნული შეფსაებების გარდა, ასევე საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავაზე, რომელშიც ტოლერანტობისა და მრავალფეროვების ინსტიტუტის (TDI) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა 8 რელიგიურ გაერთიანებას წარმოადგენენ და მათი სახელით საგადასახადო შეღავათების რელიგიური ორგანიზაციებისთვის გათვალისწინებული მოდელის დისკრიმინაციულობას ასაბუთებენ.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საბჭოთა კავშირის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით ყოველწლიურად მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მიღებულ 25 მილიონსაც ახსენებს. ანგარიშის თანახმად, ანალოგიურად ზიანის ანაზღაურების სახით 2014 წლის მთავრობის დადგენილების საფუძველზე ჯამში 3.5 მილიონი ლარი გადაეცა ისლამური, იუდეური, რომაულ–კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიურ გაერთიანებებსაც. ასევე საუბარია, კომპენსაციის აღნიშნული მოდელის სააგენტოს მიერ შემოთავაზებული დასაბუთებაზეც, კერძოდ კომპენსაციის მიმღები რელიგიური ორგანიზაციების შერჩევისას გამოყენებული კრიტერიუმების მიყენებული ზიანის ოდენობასთან და „დღეს არსებულ ნეგატიურ შედეგებთან“ დაკავშირებით.
ანგარიში ეხმიანება არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას ზიანის ანაზღაურების მოდელიდან იმ რელიგიური ორგანიზაციების გამორიცხვის შესახებ, რომელთაც ასევე მიადგათ ზიანი მოცემულ პერიოდში და აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დადგენილების დისკრიმინაციულობაზე მიმდინარეობს დავა, სადაც EMC სახარების რწმენის ეკლესიის ინტერესებს წარმოადგენს.
ანგარიშში ხაზგასმული იყო სააგენტოს სტრატეგიის დოკუმენტის ფოკუსი მეზობელი ქვეყნების მხრიდან ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების საშუალებით სახელმწიფო საქმეებში ჩარევის საფრთხეებზე. მიმოხოლულია რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების, EMC-ის და TDI-ის პოზიციები, რომლის თანახმად სააგენტო რელიგიურ ორგანიზაციებთან, სახალხო დამცველთან და თემზე მომუშავე არასამათავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის გარეშე შეიქმნა და მისი საქმიანობის თავდაპირველი მიზანიც სახელმწიფო თავდაცვის მიზნებისთვის რელიგიური თემების კონტროლი იყო. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მითითებას აკეთებს კვლევითი ორგანიზაციის - ნორვეგიის ადამიანის უფლებათა ცენტრის დასკვნაზეც, რომლის თანახმად სააგენტოს მანდატი და უფლებამოსილებები ბუნდოვანია, მისი საქმიანობა ქონების გადაცემისას, ასევე საბჭოთა კავშირის დროს მიღებული ზიანის ანაზღაურების პროცესში გამჭვირვალე არ არის და ის რელიგიის თავისუფლების დაცვის გარანტიების შექმნის ნაცვლად, მართლმადიდებელი ეკლესიის მატერიალური და ფინანსური ინტერესების მხარდაჭერაზე აკეთებს აქცენტს.
ანგარიში საუბრობს სახელმწიფოს მიერ რელიგიური უმცირესობებისათვის სალოცავების მშენებლობის, ასევე ქონების დაბრუნების კუთხით შექმნილ პრობლემებზე. ანგარიში ეხმიანება ტოლერანტორბის ცენტრის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული წინაღობები საზოგადოებაში არსებული განწყობების მიმართ სახელმწიფო ლოიალობას უკავშირდება და თვითმმართველობები გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მართლმადიდებელი სასულიერო პირების გავლენის ქვეშ ექცევიან. მაგალითებად ანგარიშში მოყვანილია იეჰოვას მოწმეებისა და კათოლიკური ეკლესიისათვის მშენებლობის ნებართვის მოპოვების გაჭიანურებული პროცესი, ცალკე აღინიშნა ბათუმის მეჩეთის გადატვირთულობის პრობლემა და ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის არსებული წინაღობები, ამასთან სომეხთა სამოციქულო, და კათოლიკე ეკლესიების, ასევე მუსლიმი თემის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის გადაუჭრელი პრობლემები.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ეხება 2014 წელს შექმნილ მოხის კომისიის საკითხსაც, და აღნიშნავს, რომ კონსესუსის გზით გადაწყვეტილების მიმღები კომისია არ შეკრებილა შენობა-ნაგებობის წარმომავლობის დასადგენად, რომელსაც ადგილობრივი მუსლიმები მე-20 საუკუნეში მოქმედ მეჩეთად მოიხსენიებენ, მართლმადიდებელი თემი კი ადგილზე ძველი ეკლესიის არსებობაზე დაობს. ანგარიში უთითებს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კომისიის საქმიანობის მიმართ არსებულ ზოგად კრიტიკაზეც, დაინტერესებული მხარეებისთვის, მათ შორის საქართველოს სახალხო დამცველისათვის, კომისიის დახურულობაზე, ასევე მუსლიმი თემის განწყობაზე, რომლის თანახმად, კომისია მიზანიმართულად აჭიანურებს პროცესს და არ არის ორიენტირებული პრობლემის მოგვარებაზე. ანგარიშში ასევე მოყვანილია, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პოზიცია, რომლის შესაბამისად სადავო შენობას, რომელსაც დღეს მეჩეთის ფორმა აქვს, რეალურად არასდროს ჰქონია მეჩეთის ფუნქცია.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას ამახვილებს მუსლიმი თემის მიმართ საზოგადოებაში არსებულ დისკრიმინაციულ განწყობებზე[1] და სახელმწიფოს უმოქმედობაზე, რომლის ნათელი მაგალითია ქობულეთში კერძო მუსლიმური პანსიონატის გახსნის გამიზნული შეფერხება.
ქობულეთის პანსიონატის გარშემო 2014 წლის სექტემბრიდან მიმდინარე მოვლენებს. მათ შორის პანსიონატის შენობის კარებზე ღორის თავის მიჭედების და პანსიონატის წინ ბარიკადების, ჯვრის აღმართვის ეპიზოდებს, ანგარიში დეტალურად აღწერს. ანგარიში ახსენებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დავასაც, რომელშიც EMC მუსლიმი თემის ინტერესებს იცავს და პოლიციის უმოქმედობისა და ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობის ქმედებების დისრკიმინაციულობაზე უთითებს.
ამავე თავში საუბარია, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პოზიციაზეც, რომლის თანახმად , შენობაში თავდაპირველად სასტუმრო უნდა განთავსებულიყო და მხოლოდ მოგვიანებით „შესაბამის“ ორგანოებთან კონსულტაციის გარეშე გადაწყდა რელიგიური სკოლის გახსნა, ამასთან ქობულეთში უკვე არსებობდა ერთი მუსლიმური პანსიონატი და ადგილი, სადაც ახალი პანსიონატის გახსნა იგეგმებოდა, ძირითადად მართლმადიდებელი ქრისტიანებით იყო დასახლებული.
დეპატრამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მარტის თვეში პანსიონატის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუსლიმი თემისათვის მხარდაჭერის ნიშნად ქობულეთში საელჩოს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების არაეფექტურობაზე საუბრობენ. ანგარიშის თანახმად. სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებით, იმის მიუხედავად, რომ სკოლებში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის და პროზელიტიზმის კონკრეტული შემთხვევების გამოვლენა ხდება, სახელმწიფო ამ საკითხის მიმართაც არაეფექტური რეაგირებით გამოირჩევა.
[1] ანგარიშში მოხსენიებულია მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ განხორციელებული მონიტორინგიც, რომელმაც რელიგიური საფუძვლით სიძულვილის ენის 77-მდე შემთხვევა გამოავლინა.
ინსტრუქცია