საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საზოგადოებისთვის ცნობილია რომ, 14 თებერვლიდან კაზრეთის საბადოს მუშათა სრულმასშტაბიანი გაფიცვა მიმდინარეობს.
გაფიცვის მიზეზად კომპანია RMG Gold-ის და RMG Copper-ის თანამშრომლები არასათანადო ანაზღაურებას, ფაქტობრივად გამოუსადეგარი სადაზღვევო პაკეტს და მძიმე სოციალურ პირობებს ასახელებენ. მათი განცხადებით, საწარმოში შექმნილი პირობები და სამუშაო გარემო არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებს, სპეციალური აღჭურვილობისა და ტანსაცმლის არარსებობა, შრომის მძიმე პირობები და არაჰიგიენური გარემო მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია. 14 თებერვლის გაფიცვას წინ უძღვოდა კოლექტიური დავის უშედეგო პროცესი, რის შემდეგაც დასაქმებულებმა, კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით, მასობრივი გაფიცვის პროცესი დაიწყეს.
კოლექტიური დავის მიმდინარეობისას, გაფიცვამდე რამდენიმე დღით ადრე, სამუშაო ძალის შემცირების მოტივით შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა 184 დასაქმებულს. მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე საწარმომ 1700 თანამშრომელს, მათ შორის მოგვიანებით გათავისუფლებულ დასაქმებულებს, უვადო ხელშეკრულება გაუფორმა, რაც გამოხატავდა დამსაქმებლის მზადყოფნას განუსაზღვრელი ვადით ეთანამშრომლა დასაქმებულებთან. თუმცა, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელად შეიცვალა 184 პირის მიმართ. საწარმოს ადმინისტრაციის ამგვარ გადაწყვეტილებას თავად მუშები კოლექტიური დავის პროცესში მათ მონაწილეობას უკავშირებენ. გაფიცულთა მოთხოვნას გათავისუფლებული მუშების სამსახურში აღდგენის მოთხოვნა დაემატა.
გაფიცვის მიმდინარეობის პირობებში და იმის გათვალისწინებით რომ, დასაქმებულთა მოთხოვნები არსებითია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი და ვალდებულებები, კოლექტიური დავის პროცესში ჩართულობის თვალსაზრისით, მით უფრო როდესაც საწარმომ დავის გადაწყვეტის მიზნით გარკვეული პირობები შესთავაზა გაფიცვის მონაწილებს, რომელსაც ამ დროისთვის დასაქმებულები არ ეთანხმებიან.
შრომის კოდექსის ახალი რეგულაცია კოლექტიური დავის წარმოებისას, წერილობითი მიმართვის შემთხვევაში, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მედიატორად ჩართვას ითვალისწინებს. ასეთ შემთხვევაში სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი ვალდებულია შემათანხმებელ პროცედურებში მედიატორის როლი შეასრულოს, თუმცა ამ პროცესის ფარგლებში, 13 თებერვალს გამართული უშედეგო შეხვედრის შემდეგ, დასაქმებულებმა გაფიცვა დაიწყეს. დავის სტატიკური მდგომარეობა კიდევ უფრო ზრდის სამინისტროს მედიატორის ფუნქციის სათანადო ამოქმედების მნიშვნელობას, დავის ეფექტურად და შრომის უფლების სტანდარტებთან შესაბამისად გადასაწყვეტად.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი 184 დასაქმებულის სავარაუდო უკანონო გათავისუფლებას შეეხება. ამ პროცესში ცალსახად იკვეთება სამსახურიდან დათხოვნის პროცედურის დარღვევა საწარმოს მხრიდან და ასევე, ეჭვქვეშ დგება გათავისუფლების საფუძვლის ნამდვილობის/რეალურობის საკითხი. ამ დრომდე ასეთი დასაბუთება გათავისუფლებულ პირებს არ მიუღიათ. თუმცა, როგორც ცნობილია, დასაქმებულთათვის შრომითი ურთიერთობის შეწვეტის ოფიციალურ მიზეზად შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ა) ქვეპუნქტი - სამუშაო ძალის შემცირება სახელდება. გათავისუფლებულ მუშათა რაოდენობის და გათავისუფლების საფუძვლის გათვალისწინებით, შრომის კანონმდებლობა დამსაქმებლის ამგვარ ქმედებას მასობრივ დათხოვნად მიიჩნევს და მას განსაკუთრებული რეგულირების ფარგლებში აქცევს. მასობრივი დათხოვნის მექანიზმის გამოყენება გულისხმობს, დამსაქმებლის ვალდებულებას გადაწყვეტილების მიღებამდე 45 დღით ადრე, ამის შესახებ აცნობოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დასაქმებულებს. მუშათა განცხადებით, მათი გათავისუფლება ამ წესის დაცვით არ მომხდარა. ამასთან, მუშები საუბრობენ იმაზეც, რომ კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან მოლაპარაკების პროცესში მუდმივად იყო მითითება კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
შრომის არასათანადო პირობების, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების არარსებობა და ამ პრობლემის სისტემურობა გაფიცვებისა და პროტესტის იმ ფორმებში ვლინდება, რომელსაც წლებია სხვადასხვა ორგანიზაციის დასაქმებულები მიმართავენ. მათ შორის, კაზრეთის საბადოს მუშათა გაფიცვის პარალელურად, ფარავნის ჰესის მშენებელი კომპანიის დასაქმებულებმა, შრომის არასათანადო პირობების გამო, 31 იანვარს მუშაობის შეწყვეტით გამოხატეს პროტესტი. ამ ხარისხის უფლებათა შელახვის ფაქტები არღვევს დასაქმებულთა შრომით უფლებებს და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ აყენებს.
პრობლემის ასეთი მასშტაბი აჩვენებს სახელმწიფოს არაეფექტურ პოლიტიკას, რომელმაც დასაქმებულთა უფლებების დაცვა დამსაქმებლებს გადაანდო და უარი თქვა, მის როგორც ეფექტური აქტორის როლზე, ჩაერიოს და შრომის უფლებათა გარანტირების მიზნებისათვის, იკისროს რეგულირების ფუნქცია. ამ პოლიტიკას ადასტურებს, რატიფიცირების მიღმა დარჩენილი არაერთი საერთაშორისო დოკუმენტი შრომითი უფლებების, განსაკუთრებით კი შრომის უსაფრთხოების სფეროში. არსებული ვითარება, ნათლად აჩვენებს სახელმწიფოს მიერ შრომის უფლების დაცვის სტანდარტების გაძლიერებისა და აღსრულების ეფექტური მექანიზმების შექმნის საჭიროებას.
შესაბამისად, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მოვუწოდებთ, ეფექტურად განახორციელოს მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება, კოლექტიური დავის პროცესში მედიატორის ფუნქციის შესრულების თაობაზე, რათა მიმდინარე დავა დასრულდეს მოლაპარაკების გზით, მხარეთა ინტერესების სამართლიანი ბალანსის პირობებში.
ამასთან, მივმართავთ ხელისუფლებას, არსებითად გადახედოს შრომის პოლიტიკას და უზრუნველყოს დასაქმებულთა სათანადო და უსაფრთხო შრომის პირობების ეფექტური გარანტირება მონიტორინგის მექანიზმების შექმნის გზით.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
ინსტრუქცია