საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: liberali.ge
გვსურს გამოვეხმაუროთ დღეს, 11 ივნისს, საპროტესტო აქციაზე “ნუ მომკლავ” განვითარებულ მოვლენებს. კიდევ ერთხელ, გამოვხატავთ სოლიდარობას ზაზა სარალიძის, მალხაზ მაჩალიკაშვილის და მათი ოჯახების მიმართ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ საქმეებზე გამოძიების დროული პროგრესი და ყველა პასუხისმგებელი პირის გამოკვეთა და დასჯა საზოგადოების მთავარ მოთხოვნად და ხელისუფლების პასუხისმგებლობად რჩება.
აქვე, გვსურს გამოვეხმაუროთ დღის განმავლობაში, აქციაზე და მასთან კავშირში განვითარებულ ინციდენტებს. მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლებით სარგებლობა და მისცეს აქციის მონაწილეებს საშუალება, კანონის ფარგლებში, მათთვის სასურველი ფორმით გამოხატონ საკუთარი აზრი. ასევე, მნიშვნელოვანია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამატებით განმარტოს დეპუტატ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული საპოლიციო ღონისძიების შინაარსი. პარლამენტის წევრის დაკავება, დასაშვებია მხოლოდ პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, თუ სახეზე არ არის დანაშაულზე წასწრების შემთხვევა. ამ საკითხზე გაკეთდა განმარტება, რომ პოლიციამ დეპუტატი ადგილს “გაარიდა”, თუმცა მედიაში გავრცელებული კადრები მიუთითებს, რომ პოლიციამ მას შეუზღუდა გადაადგილების თავისუფლება, ჩასვა პოლიციის მანქანაში და აქციის პერიმეტრიდან გაიყვანა, რაც პირის დაკავებას შეიძლება უთანაბრდებოდეს.
რაც შეეხება, კარვების დაშლის საკითხს, კანონმდებლობის მიხედვით, მანქანის სავალი ნაწილის გადაკეტვა, დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, აქციის ჩატარება სხვაგვარად შეუძლებელია. ასევე, კანონი არ იცნობს კარვებითა და სხვა კონსტრუქციებით, მანქანის სამოძრაო ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვის უფლებას. კანონის ამ მოთხოვნების და დღის პირველ ნახევარში, აქციაზე მყოფი პირების რაოდენობის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ პოლიციის მხრიდან რუსთაველის გამზირზე განთავსებული კარვების ტროტუარზე გადატანა, შესაბამისობაში იყო კანონთან და მანიფესტაციის უფლების არსთან.
თუმცა, მოგვიანებით, პოლიციის მხრიდან ტროტურაზე გადატინილი კარვების დემონტაჟი იყო თვითნებური და წარმოადგენდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში დაუსაბუთებელ ჩარევას. მანქანების სამოძრაო ნაწილისგან განსხვავებით, კანონი არ უკრძალავს დემონსტრანტებს, კარავი განათავსონ ტროტუარზე. ამ შემთხვევაში, კარვები განთავსებული იყო სწორედ რუსთაველის გამზირის ტროტუარზე, რაც ხელს არ უშლიდა ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას და ასევე არ აფერხებდა პარლამენტის ნორმალურ ფუნქციონირებას. ამის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ პოლიციის მხრიდან კარვების დაშლა იყო უკანონო, რამაც დამატებით, სიტუაციის ესკალაციის რისკი გააჩინა.
დაზარალებულთა და მათი მხარდამჭერების სამართლიანი და ლეგიტიმური პროტესტის გამოხატვის მიზნით, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, გაითვალისწინონ კანონის მოთხოვნები და უზრუნველყონ აქციის მშვიდობიანი და კანონიერი ხასიათის შენარჩუნება. ასევე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას იმოქმედოს შეკრების და მანიფესტაციის უფლების დაცვის პრინციპებით. საჭიროების შემთხვევაში, აწარმოოს მოლაპარაკებები აქციის ორგანიზატორებთან და მონაწილეებთან და არ დაუშვას დაუსაბუთებელი და არაპროპორციული საპოლიციო ღონისძიებების გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ღია საზოგადოების ფონდი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
ადამიანის უფლებათა ცენტრი
ინსტრუქცია