[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ლგბტი უფლებები / განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება 17 მაისის თაობაზე

logos3-1080x60517 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ლგბტ ადამიანებს 2012 და 2013 წლებში არ მიეცათ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, 2014 წელს კი მაღალი რისკების გამო მათ არ ჩაატარეს საჯარო აქტივობა.

2012 წლის 17 მაისის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აცხადებს:

“სხვადასხვა სექსუალური უმცირესობის ფუნდამენტურ უფლებათა შესახებ კამპანიის წარმოებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, კონვენცია გამოხატვის საჯარო ფორმებს იცავს, მათ შორის, მშვიდობიანი შეკრების გამართვის უფლებასა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას”.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და აქტივისტებს გვსურს, 2015 წლის 17 მაისს, ლგბტ ადამიანთა მიმართ სოლიდარობა გამოვხატოთ. ჩვენი მიზანია გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვნების თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. გვსურს, საზოგადოებასა და ხელისუფლებას 2012 წლის 17 მაისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გავაცნოთ.

წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, წელს არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაიცვას ადამიანების უსაფრთხოება და მომავალში უფრო ეფექტურად აღკვეთოს ნებისმიერი სახის ძალადობა და დისკრიმინაცია. ასევე, მნიშვნელოვანია ყველამ გაიაზროს ის პირადი პასუხისმგებლობა, რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერი აქტივობის ორგანიზებასთან.

იმედს გამოვთქვამთ, რომ 2015 წელს მაინც, საქართველოს ხელისუფლება შეძლებს ეფექტიანად დაიცვას საკუთარი მოქალაქეების გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება მიუხედავად მისი სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.

რეგისტრაციის ფორმის შევსებით, სოლიდარობის გამოხატვა ყველას შეუძლია. გთხოვთ შეავსოთ თანდართული ფორმა. თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

  1. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  2. იდენტობა (Identoba)
  3. ინტეგრაცია - ევროატლანტიკური არჩევანი
  4. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)
  5. კონსტიტუციის 42 მუხლი (Article 42)
  6. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  7. მრავალეროვანი საქართველო (PMMG)
  8. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR)
  9. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  10. სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA)
  11. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  12. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
  13. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  14. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (GASW)
  15. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  16. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  17. ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო (OSGF)რეგისტრაციის ფორმის შესავსებად, გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე
  18. ასევე, გთხოვთ, გაეცნოთ სავალდებულო წესებს

სავალდებულო წესები

1. მობრძანდით დათქმულ დროს;2. თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;3. პარკირების საშუალება არ გექნებათ. მობრძანდით მხოლოდ საზოგადო ტრანსპორტით ან ტაქსით;4. არ იქონიოთ პოსტერი, ბანერი, პლაკატი, სასტვენები, დროშა, ჯოხი, სელფის ჯოხი, მინის ბოთლი, ძვირფასეულობა, ჩანთები და ზურგჩანთები ან სხვა ბლაგვი ან მჭრელი საგნები;5. ნუ იმგზავრებთ დიდ ჯგუფებად (3 და მეტი ადამიანი) და წინასწარ არ შეიკრიბოთ სხვა ადგილას;6. თან იქონიეთ მხოლოდ კარგად დატენილი მობილური ტელეფონი;7. აკრძალულია ხმაური, სასტვენები, ყვირილი, აგრესიული ქცევა. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორები ვიხსნით ყოველგვარ პასუხისგებლობას. პოლიცია დააკავებს ნებისმიერ პირს, რომელიც ოდნავ მაინც იქნება შემჩნეული დაპირისპირებაში;8. თქვენი უსაფრთხოდ მოსვლის და წასვლის მიზნით, ნუ მოიხატავთ სახეს, ჩაიცვით სადად, არ ატაროთ ტანსაცმელი რომელზეც გამოსახულია მყვირალა შინაარსის მოწოდებები და არ ატაროთ ისეთი ნიშანი, რომელიც პოტენციურ მოძალადეს თქვენი იდენტიფიცირების საშუალებას მისცემს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“