საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
25 აპრილს, იუთუბ არხზე "Cyber Kmara" გავრცელდა მორიგი აუდიოჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ბიზნესმენის ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარს ასახავს. ეს უკანასკნელი, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის წარმოების ფონზე, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ სანქცირებულ რუს ოლიგარქთა სიაშია. ევტუშენკოვი რუსული საფინანსო-სააქციო კორპორაცია “სისტემა”-ს დამფუძნებელი და მთავარი აქციონერი იყო, რომელმაც მიმდინარე წლის აპრილში, სანქციების დაწესების შემდეგ, საკუთარი წილის 10% შვილს გადაუფორმა და, ამჟამად, კომპანიის 49.2%-ს ფლობს. აღსანიშნავია, რომ კორპორაცია “სისტემა” მსოფლიოს 2000 უმსხვილეს კომპანიას შორისაა, ფლობს 20-ზე მეტ კომპანიას და 25-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. რუსეთში მას სისტემური (Системообразующее) საწარმოს სტატუსი აქვს მინიჭებული. გაერთიანებული სამეფოს მიერ გამოქვეყნებულ სანქცირებულ პირთა სიაში ევტუშენკოვის შესახებ ნათქვამია, რომ ის მხარს უჭერდა რუსეთის ხელისუფლებას და სარგებელს იღებდა მისგან კონგლომერატ "სისტემას" მფლობელობით და რომ ამ კომპანიას ბიზნესინტერესები აქვს რუსულ ენერგეტიკაში, საინფორმაციო, საკომუნიკაციო და ციფრული ტექნოლოგიების სექტორში, რომელთაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსეთის ხელისუფლებისათვის.
აუდიოჩანაწერის მიხედვით, ივანიშვილი და სანქცირებული რუსი ბიზნესმენი, ევტუშენკოვი სამომავლო ბიზნეს საკითხებს განიხილავენ და, ამასთან, თანხმდებიან, რომ ევტუშენკოვის წარმომადგენელს, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნდა შეხვედროდა. ასევე, რუსი ოლიგარქი სთხოვს ივანიშვილს პირადადაც შეხვდეს მის წარმომადგენელს, რათა გადასცეს მისი პირადი დანაბარები.
აუდიოჩანაწერის გავრცელებას მმართველი პარტიის თავმჯდომარისა და პარლამენტის თავმჯდომარის ორაზროვანი შეფასებები მოჰყვა. პარლამენტის სპიკერმა აუდიოჩანაწერის ავთენტურობა ოფიციალურ, კომპეტენტურ დასკვნამდე, ეჭვის ქვეშ დააყენა და თქვა, რომ [აუდიოჩანაწერები] “შეუიარაღებელი ყურით და თვალითაც ჩანს, რომ მონტაჟია”, ხოლო მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, არ იცის საუბრის ავთენტურობის შესახებ, თუმცა საუბრის შინაარსზე ამბობს, რომ არაფერია გასაკვირი რადგან „ორი ბიზნესმენი საუბრობს ერთმანეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე“. თავის მხრივ, ევტუშენკოვმა დაადასტურა, რომ მისი ნდობით აღჭურვილი პირი, ალი უზდენოვი, რომელის სახელიც ჩანაწერებში ფიგურირებს, საქართველოს პრემიერ მინისტრს-ირაკლი ღარიბაშვილს ნამდვილად შეხვდა. აუდიოჩანაწერში მოხსენიებულმა კიდევ ერთმა სავარაუდო ფიგურანტმა, დავით ხიდაშელმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და აუდიოჩანაწერის შესახებ საკუთარი, ევტუშენკოვისგან განსხვავებული ვერსია წარმოადგინა. ხიდაშელი ღარიბაშვილთან და ივანიშვილთან შეხვედრას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ის მოლაპარაკებებისთვის ღარიბშვილმა ბიზნეს სექტორთან გადაამისამართა. უზდენოვის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა უარყო ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმაც.
აღნიშნული აუდიოჩანაწერის შინაარსი განსაკუთრებით შემაშფოთებელია უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად დაწესებული სანქციების შესახებ, საქართველოს ხელისუფლების ორაზროვანი და პოპულისტური რიტორიკის გათვალისწინებით. მაშინ, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველოს სტრატეგიულმა მოკავშირე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ასევე ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთს და კრემლთან დაკავშირებულ ოლიგარქებს უპრეცედენტო მასშტაბის სანქციები დაუწესეს, საქართველოს ხელისუფლება ამ ღონისძიებებს არ შეუერთდა, მეტიც, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა სანქციები არაფექტიანად შეაფასა, მოგვიანებით, კი, გაიმეორა მოსაზრება ომის გამო უკრაინელი ხალხის დასჯა-ჩაგვრისა და უკრაინის ტერიტორების დამატებით ოკუპაციის შესახებ. ამ ფონზე, ქართულ საზოგადოებაში განსაკუთრებულ ინტერესსა და შეშფოთებას იწვევს ნებისმიერი ინფორმაცია, ქართული მხარის მათთან შეხვედრისა და შესაძლო თანამშრომლობის შესახებ, მით უფრო, ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან.
ამასთანავე, აუდიოჩანაწერის შინაარსი კიდევ ერთხელ ადასტურებს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას და გავლენას საქართველოს მთავრობის მეთაურზე.
მაშინ, როდესაც დასავლეთის სახელმწიფოები კრემლს და რუს ოლიგარქებს ერთმანეთისგან არ მიჯნავენ და მათი სანქცირება რუსეთის აგრესიის შეჩერების მექანიზმად განიხილება, მიგვაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის უკიდურესად დამაზიანებელია სანქცირებულ რუს ბიზნესმენეთან, ბიზნესებთან და მათ წარმომადგენლებთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კომუნიკაცია.
ამის გათვალისწინებით, ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ევტუშენკოვს შორის გამართული საუბარი რიგითი ბიზნეს მოლაპარაკებაა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.
ამდენად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია:
ხელმომწერები:
ინსტრუქცია