[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფესიული კავშირების გაერთიანების ერთობლივი განცხადება სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა სიცოცხლის მოსპობის შემთხვევებთან დაკავშირებით

Stites_shutterstock_102343810.WEB__850_593-1-e1449596608786-660x330

უკანასკნელი დღეების მანძილზე საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა სხვადასხვა სამუშაო ადგილზე, კერძოდ, მშენებლობებსა და ქვანახშირის მომპოვებელ საწარმოში სამი დასაქმებულის დაღუპვის ფაქტი[1], რაც ამ შემთხვევების ეფექტური გამოძიების საჭიროების გარდა, ცხადად აყენებს დღის წესრიგში შრომის უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკის დაუყოვნებლივი გადახედვის აუცილებლობას.

საგანგაშოა საწარმოო შემთხვევების შედეგად, სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა საერთო მაჩვენებელიც, რაც დასაქმებულთა უფლებების დარღვევის სისტემურ პრობლემაზე და სახელმწიფოს მიერ გატარებული შრომის პოლიტიკის არაეფექტურობაზე მიუთითებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით 2011-2015 წლებში საწარმოო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 212 და დაშავდა 691 დასაქმებული.[2]

დასახელებული სტატისტიკა, დასაქმებულთა შრომით უფლებების დარღვევის ერთ-ერთი თუმცა, არა ერთადერთი ინდიკატორია. შრომითი უფლების შელახვის მასშტაბს და პრაქტიკას, ასევე ადასტურებს დასაქმებულთა პროტესტების და გაფიცვების რაოდენობა და მათი მოთხოვნების შინაარსი, რაც უმეტესად ბაზისური, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო და ღირსეული შრომის პირობების შექმნის მოთხოვნაში გამოიხატება.[3]

საქართველოს სახალხო დამცველი ასევე წლებია შემაშფოთებლად მიიჩნევს საწარმოო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა მაჩვენებელს და შრომის ინსპექტირების მექანიზმის ქმედითობის გაზრდის საჭიროების გარდა, მის საგანგებო განცხადებაში, საწარმოო შემთხვევების არაეფექტურ გამოძიებაზეც მიუთითებს.[4]

შრომის პოლიტიკის გარდაქმნა, მათ შორის, შრომის ინსპექტირების ეფექტური მექანიზმის შექმნა დღემდე რჩება არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის და პროფესიული კავშირების გაერთიანების მთავარ მოთხოვნად და რეკომენდაციად. ღირსეული შრომის პირობების გარანტირება და ეფექტიანი შრომის ინსპექციის სისტემის ჩამოყალიბება, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გაწერილი ერთ-ერთი ვალდებულებაა.[5]

2006 წლიდან გაცხადებულმა შრომის პოლიტიკამ, რაც დასაქმებულთა დაცვის მინიმალური სტანდარტებისაგან დაცლილი შრომის კანონმდებლობის შექმნასა და შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმის, შრომის ინსპექციის გაუქმებაში გამოიხატა, მძიმე გავლენა იქონია დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობაზე. შრომის უფლების დაცვასთან დაკავშირებული ცხადი გამოწვევის საპასუხოდ, 2013 წლიდან რიგი რეფორმები გატარდა. კერძოდ, შრომის კოდექსში განხორციელდა არაერთი ცვლილება, რომლითაც კანონმდებლობაში გაჩნდა შრომის უფლების დამცავი მინიმალური სტანდარტები და შეიქმნა ცალკეული მექანიზმები, მათ შორის, შრომის პორობების ინსპექტირების დეპარტამენტი.

თუმცა, ნათელია რომ განხორციელებული რეფორმების ხარვეზულობის, არასაკმარისობის და შექმნილი მექანიზმის ლიმიტირებული მანდატიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებების დიდი ნაწილი არაეფექტური აღმოჩნდა არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად და ვერ უზრუნველყო დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ მიემართება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულ პირებს, რომელთაც კვლავ საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად უხდებათ ყოველდღიური სამუშაოს შესრულება.

რეალობაში არსებული ცხადი გამოწვებებისა და ევროკავშირთან აღებული საერთაშორისო ვალდებულებების მიუხედავად, დღეს არსებული შრომის ინსპექტირების მექანიზმი წარმოადგენს სუსტ ორგანოს, რომელსაც არ შეუძლია მისი მთავარი ფუნქციის - პრევენციული პოლიტიკისა და დარღვევებზე ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფა. ამასთან, საქართველო დღემდე სავალდებულოდ არ აღიარებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-3 მუხლს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) იმ კონვენციებს, რომლებიც შრომის უსაფრთხოების საკითხებს შეეხება, რაც ასევე აჩვენებს ხელისუფლების პოლიტიკური ნებისა და მზაობის არარსებობას, შექმნას შრომითი უფლებების სათანადო დაცვის ეფექტური და ქმედითი მექანიზმები.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ

სამართალდამცავ ორგანოებს:

  • უზრუნველყონ სამუშაო ადგილებზე, საწარმოო პროცესში, დასაქმებულთა სიცოცხლის მოსპობის შემთხვევების სწრაფი, ეფექტური გამოძიება და საზოგადოებას პროაქტიულად მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და მისი შედეგების შესახებ;

საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას:

  • შრომითი უფლების დარღვევების პრევენციისა და მათზე სათანადო რეაგირების მიზნით, დაუყოვნებლივ შეიქმნას შრომის ინსპექტირების ეფექტური მექანიზმი, რომელიც გაითვალისწინებს მისი ქმედითობის აუცილებელ ბერკეტებს, მათ შორის, სამუშაო ადგილებზე უპირობო დაშვების უფლებამოსილებას, შრომითი უფლებების სრული სპექტრის შემოწმების მანდატს, შრომის უფლებების დარღვევების პრევენციისა და მათი აღმოფხვრის ეფექტურ აღსრულებით მექანიზმებსა და სათანადო ფინანსურ/ ადმინისტრაციულ რესურსებს.
  • საქართველომ მოახდინოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) #81, #129, #155, #C176 კონვენციებისა და ევროპის სოციალური ქარტიის მე-3 მუხლის რატიფიცირება.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);

კონსტიტუციის 42-ე მუხლი;

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო;

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება.

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] 7 ოქტომბერს, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, ვენტილაციის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, თემურ კაკაურიძე დაიღუპა; წყარო: http://liberali.ge/news/view/25231/meshakhteebma-7-oqtombers-shakhtashi-gardatsvlili-tanamshromeli-ipoves; 19 ოქტომბერს ჯიქიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის პროცესში დაიღუპა 26 წლის მუშა თემურ გურგენაშვილი, ხოლო 20 ოქტომბერს ხიზანიშვილის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე ასევე სამუშაო პროცესში დასაქმებული გარდაიცვალა ; წყარო: http://netgazeti.ge/news/149160/;

[2] ინფოგრაფიკა►საწარმოო ტრავმებით დაშავებული და გარდაცვლილი https://emc.org.ge/2016/02/27/emc-10/;

[3] დასაქმებულთა პროტესტები და გაფიცვები  სხვადასხვა დასაქმების ადგილებზე, მათ შორის, კაზრეთში, ქსანში, ტყიბულსა და ზვარეში.

[4]  საქართველოს სახალხო დამცველის 20 ოქტმბრის საგანგებო განცხადება http://www.ombudsman.ge/ge/news/saxalxo-damcvelis-sagangebo-gancxadeba.page; ასევე, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევისას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობს გამკაცრების მიზნით.

[5]ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგი, თავი „დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები“.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“