[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ფართო განხილვას ითხოვენ

მიმდინარე წლის 17 ივნისს, საქართველოს პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი აპირებს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების უმოკლეს ვადაში ინიცირებას.

სამუშაო შეხვედრა, ისევე როგორც საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის პროცესი, მიუხედავად არა ერთი მოთხოვნისა, დაინტერესებული საზოგადოებისა და დარგის სპეციალისტების დიდი ნაწილის მონაწილეობის გარეშე წარიმართა. შემაჯამებელ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა მაუწყებლის მენეჯმენტის დიდი ნაწილი, მაგრამ არ იყო ჩართული სამეურვეო საბჭოს არც ერთი წარმომადგენელი. ამასთან, განხილული ცვლილებების ინიცირება პარლამენტის კომიტეტში დეკლარირებულ ვადაზე უფრო სწრაფად, 20 ივნისს იგეგმება.

წარმოდგენილი პროექტით დაგეგმილი ცვლილებები, არსებითად აუარესებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სტანდარტს, ზრდის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის უფლებამოსილებას, ასუსტებს სამეურვეო საბჭოს, აჩენს კორუფციული გარიგებების რისკს, ასუსტებს მაუწყებელში დასაქმებულ პირთა დაცვის მექანიზმებს.

შემოთავაზებული ცვლილებები აკნინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც საჯარო სიკეთის, როლს. მათი დაკანონების შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაკარგავს თავის პირველად მისიას და იქცევა კომერციულ, საზოგადოებრივი კონტროლისაგან თავისუფალ ტელევიზიად.

მიგვაჩნია, რომ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესის ნაწილია. ვგულისხმობთ, მენეჯმენტის მიერ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გადაცემების დახურვას და საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური სივრცის მხოლოდ შიდა რესურსით მართვის გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვითხოვთ:

  • შეჩერდეს კანონპროექტის გადაუდებელი ინიცირება პარლამენტში;
  • დაუყოვნებლივ შეიქმნას ფართო და მონაწილეობითი სამუშაო ჯგუფი, კანონპროექტით დაგეგმილ ცვლილებებზე მსჯელობისათვის;

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო"

რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორთა ასოციაცია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“