[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციები და ადამიანის უფლებათა დამცველები საბჭოს წევრი მოსამართლეების განცხადებას ეხმაურებიან

არასამთავრობო ორგანიზაციები და ადამიანის უფლებათა დამცველები ეხმაურებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მიერ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებს საბჭოს წევრის ანა დოლიძის მიმართ, თითქოსდა მისი საქმიანობა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დასაცავად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული.

2008 წლის ომის დროს და მასთან კავშირში ადამიანის უფლებების მასობრივი და სასტიკი დარღვევის ფაქტებზე საქართველოში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა და მათმა პარტნიორმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) და რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივამ (RJI), ასობით ადამიანის ინდივიდუალური და კოლექტიური განაცხადი წარადგინეს საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ. განაცხადები უკავშირდება ომის დროს მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, საკუთრების განადგურების, დისკრიმინაციული დევნისა და სხვა ფუნდამენტურ უფლებათა დარღვევის პრაქტიკებს. ადამიანის უფლებების უნივერსალურობისა და თანასწორობის იდეიდან გამომდინარე, ომის დროს, ეთნიკურად ოსი მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლის აღიარებისა და დაცვის მიზნით, რამდენიმე განაცხადი ასევე გაიგზავნა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც სავარაუდოდ საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ სიცოცხლის ხელყოფისა და გაუჩინარების მძიმე შემთხვევებს მოიცავდა.

ადამიანის უფლებების დაცვის კონცეფცია ადამიანის სიცოცხლის და ღირსების აღიარებისა და დაცვის უპირატესობის იდეაზე დგას და ის საკუთარი დაცვის სუბიექტად ყველა ადამიანს ხედავს, განურჩევლად ეთნიკური და მოქალაქეობრივი კუთვნილებისა. სამწუხაროა, რომ სასამართლო სისტემის წარმომადგენლები, რომლებიც, პირველ რიგში, სწორედ ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების დაცვის იდეას უნდა იცავდნენ, დღეს სახელმწიფო ინტერესების შესახებ ვიწრო წარმოდგენებით მანიპულირებენ. სასამართლო სისტემის მიმართ მთავარი კრიტიკა, წლების განმავლობაში, სწორედ არაჯანსაღად და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგოდ აღქმულ სახელმწიფო და საჯარო ინტერესს უკავშირდებოდა, რაც დიდწილად განსაზღვრავდა მართლმსაჯულების სისტემის უსამართლო ბუნებას.

ამდენად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის საქმიან რეპუტაციას, არამედ შეცდომაში შეყავს საზოგადოება და აზიანებს ადამიანის უფლებებზე მომუშავე ყველა იმ ორგანიზაციისა და უფლებადამცველის საქმიანობას, რომლებიც სწორედ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით ცდილობენ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას.

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები შეახსენებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცალკეულ წევრებს, რომ ევროპული სასამართლო ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რეგიონული მექანიზმია და სწორედ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოგებული არაერთი საქმის დამსახურებაა საქართველოში სისტემური ხარვეზების გამოსწორება, რაც ცალკეული ადამიანების უფლებების აღდგენასთან ერთად მოხდა.

ხელმომწერი პირები ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

საერთაშორისო სამართლიანობა (JI)

კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN)

თამარ ხიდაშელი, იურისტი

თამარ გურჩიანი, იურისტი

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“