წინამდებარე დოკუმენტი 2016 წელს თანასწორობის კუთხით ქვეყანაში არსებულ ძირითად გამოწვევებს, დისკრიმინაციულ პრაქტიკებსა და სახელმწიფო პოლიტიკას აფასებს. ის „კოალიცია თანასწორობისთვის" წევრი ორგანიზაციების მიერ არის მომზადებული ეფექტიანი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.
დოკუმენტში, წარმოდგენილია კონკრეტული რეკომენდაციები რელევანტური სახელმწიფო უწყებებისთვის. დოკუმენტი სხვადასხვა დისკრიმინირებული, მარგინალიზებული და მოწყვლადი სოციალური ჯგუფის (მათ შორის, ქალების, ლგბტ თემის, არადომინანტი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების, ბავშვების, შშმ პირების, უსახლკარო პირების, პოლიტიკური ოპოზიციის) უფლებრივ მდგომარეობას ცალ-ცალკე აღწერს და ამ კუთხით 2016 წელს სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის ძირითად ტენდენციებსა და ნაკლოვანებებს აფასებს.ანგარიშში ასახულია შემდეგი ძირითადი მიგნებები :
- სახალხო დამცველის მანდატი კერძო პირების მიერ ჩადენილი დისკრიმინაციის საქმეების განხილვის პროცესში საკმაოდ შეზღუდულია, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების აღსრულება კი არ არის უზრუნველყოფილი ეფექტიანი სამართლებრივი ინსტრუმენტებით.
- ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ, აღმასრულებულ ხელისუფლებას არ შეუმუშავებია თანასწორობის მხარდამჭერი სისტემური პოზიტიური პოლიტიკა, რაც, მათ შორის, ეთიკის კოდექსებისა და შიდა მარეგულირებელი აქტების რევიზიას და სიძულვილის ენის გამოყენების, დისკრიმინაციის აკრძალვისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის გარანტიებს უზრუნველყოფდა.
- თანასწორობის მიმართულებით მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიება და პრევენცია. დისკრიმინაციული დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიების პრობლემა საზოგადოებაში დაუსჯელობასა და მტრობაზე დაფუძნებულ გარემოს ქმნის არადომინანტი ჯგუფებისთვის.
- პრობლემურია, პოლიტიკოსების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების მზარდი შემთხვევები, ასევე ქსენოფობიური, ჰომოფობიური პოლიტიკური ინიციატივები სიძულვილით მოტივირებულ ძალადობას ახალისებს და მტრულ გარემოს ქმნის დისკრიმინირებული ჯგუფების მიმართ.
- ქალთა თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით გადადგმული ნაბიჯები სუსტი და არათანმიმდევრულია.
- ლგბტ თემი ქვეყანაში ყველაზე მეტად მარგინალიზებული ჯგუფია. პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ლგბტ უფლებების პოლიტიზების პირობებში, თემის მიმართ მკვეთრად მტრული და ჰომოფობიური გარემო იქმნება.
- რელიგიური ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობა ბოლო წლებში გაუარესდა. ხელისუფლების არასეკულარული და დისკრიმინაციული პოლიტიკა არადომინანტ რელიგიურ ჯგუფებს რიყავს პოლიტიკური და სოციალური სივრციდან და მათ ხშირად რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობები ერთმევათ.
- ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესი ბოლო წლებში კიდევ უფრო შესუსტდა. ულტრამემარჯვენე ჯგუფების მობილიზებისა და რადიკალიზების პირობებში, წელს ეთნიკური იდენტობისა და რასის ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციის მძიმე შემთხვევები დაფიქსირდა.
- სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, ბავშვების, შშმ პირების, უსახლკარო პირების თანასწორობის ხელშეწყობისთვის განხორციელებული გარკვეული ღონისძიებების მიუხედავად, დაწყებული რეფორმები სუსტი და ფრაგმენტულია. აღნიშნული ჯგუფების ჩაგვრა უხილავია და ნაკლებად ექცევა პოლიტიკური დღის წესრიგის პრიორიტეტებში.
გაეცანით დოკუმენტის სრულ ვერსიას⇓
დისკრიმინაციისაგან_დაცვის_უფლების_განხორციელება_სხვადასხვა_ჯგუფებისათვის_საქართველოში.pdf