საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) კრიტიკულად აფასებს „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ დანაშაულთა ფართო წრეზე ბლანკეტურად აუქმებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და პროცესიდან სრულად გამორიცხავს დაზარალებულებს.
კანონპროექტის შემოთავაზებული რედაქციით, 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ დანაშაულებზე, სრულად ვრცელდება ამნისტია, გარდა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების (სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლი) და წამების, წამების მუქარისა და დამამცირებელი ან არასათანადო მოპყრობისა[1]. ამნისტია ვრცელდება ისეთ შემთხვევაშიც, თუკი ჯერ კონკრეტულ გარემოებაზე გამოძიება, ან სისხლისსამართლებრივი დევნა არაა დაწყებული. ერთადერთი წინაპირობა ქმედებაზე დანაშაულზე ამნისტიის გასავრცელებლად, თავად ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანხმობაა.
სამართლებრივი თვალსაზრისით, კანონპროექტის შემოთავაზებული რედაქცია არის ზედმეტად ზოგადი და ფართო. განსაკუთრებით პრობლემურია კანონპროექტის ჩანაწერი, რომლითაც ამნისტირებული იქნება 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ისეთი დანაშაულებიც, რომელზეც მომავალში დაიწყება გამოძიება. შესაბამისად, პარლამენტი ამნისტიას აცხადებს ჯერ კიდევ უცნობ, გამოუკვლეველ ქმედებებზე, მათ შორის შესაძლო სამოხელეო დანაშაულებზე, მტკიცებულებების განადგურებასა თუ ფალსიფიკაციაზე, აგრეთვე ამ მოვლენებთან დაკავშირებულ ძალადობრივ დანაშაულებზე. ეს მიდგომა სამართლებრივი განსაზღვრულობის ფუნდამენტურ პრინციპს არღვევს, რაც სამრთლებრივი და დემოკრატიული წესრიგის საფუძველია.
საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო კონვენციებით, წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა აბსოლუტურად დაცული უფლებაა, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ უშვებს გადახვევას და გამონაკლისს. დაუშვებელია ადამიანის სხეულის, ფსიქოლოგიური მთლინობისა და ღირსების ხელყოფის საკითხი პოლიტიკური მოლაპარაკებებისა და სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარეთ გატანის საგანი გახდეს. პრობლემურია, რომ ამნისტიის შემოთავაზებული რედაქცია წამების, არაადამიანური ან/და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვის აბსოლუტურ უფლებას სათანადოდ არ იცავს და სრულად არ აზღვევს იმ დანაშაულებზე ამნისტიის არ გავრცელებას, რომელიც აღნიშნული უფლების ხელყოფას შეიძლება უკავშირდებოდეს. Მართალია, კანონპროექტით დადგენილი გამონაკლისები, რომელზეც ამნისტია არ ვრცელდება (სსკ-ის 117, ასევე 1441 – 1443), წარმოადგენს წამების აკრძალვის დამცავ ძირითად მუხლებს ეროვნული სამართლის სისტემაში, თუმცა, მსგავსი საქმეების გამოძიების ანალიზი აჩვენებს, რომ აღნიშნული მუხლების გამოყენება ხშირი არ არის და უფრო მეტიც, პროკურატურა მსგავსი შემადგენლობის დანაშაულებს სხვა სახის კვალიფიკაციას აძლევს ხოლმე (მაგალითად, სამოხელეო დანაშაულის ( ჩადენილი ძალადობით ან მისი მუქარით)). ამ პირობებში რჩება რისკი, რომ არასათანადო კვალიფიკაციის პრაქტიკის გამო, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აბსოლუტური უფლებით დაცული ინტერესები მაინც დაექვემდებაროს ამნისტიას და ამდენად დაუშვებელ გადახვევას.
შემაშფოთებელია ისიც, რომ კანონპროექტი მინიმალურადაც არ ითვალისწინებს ამ მოვლენების დროს დაზარალებულთა ინტერესებს და მთლიანად გამორიცხავს მათი თანხმობის საჭიროებას ამნისტიის პროცესიდან.
სამართლებრივთან ერთად, ამნისტიის აქტს აქვს ფართო პოლიტიკური კონტექსტი. აქტზე ხელმომწერი პოლიტიკური სუბიექტი იღებს პოლიტიკურ და ეთიკურ პასუხიმგებლობას ამნისტირებული დანაშაულების სიმძიმეზე, შედეგად დამდგარ ზიანსა და თანმდევ საფრთხეებზე. ამნისტია, როგორც პოლიტიკური აქტი - უნდა ეფუძნებოდეს ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს და მისი პოლიტიკური თუ მორალური მიზანშეწონილობა მკაფიო უნდა იყოს არა მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ელიტისთვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვისაც.
კანონპროექტის პრეამბულაში აღნიშნულია, რომ ამნისტიის აქტის მიზანია ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის შემცირება და 19-21 ივნისის მოვლენების გადაჭარბებული პოლიტიზირების თავიდან აცილება. აღსანიშნავია, რომ 19021 ივნისის მოვლენებს უკავშირდება სახელმწიფოს მიერ ბოლო წლებისათვის უპრეცედენტო საპოლიციო ძალის გამოყენება, ათეულობით მშვიდობიანი დემონსტრანტის და ჟურნალისტის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ამ მოვლენების ხარვეზიანად და შერჩევითად გამოძიება.[2] სამწუხაროდ, დღემდე არ არის ეს მოვლენები სრულყოფილად შესწავლილი და გამოკვლეული, აგრეთვე, სახელმიფოს არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები დაზარალებულების სამართლებრივი თუ სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ამ ფონზე, ასეთი მოვლენის ამნისტირება კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას უკავშირდება, რომელზე ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსიც კრიტიკულად აუცილებელია.
სამწუხაროდ, ამნისტიის კანონპროექტის ავტორები თუ მისი პოტენციური მომხრეები ამ დრომდე არ საუბრობენ აქტის მნიშვნელობაზე, მის აუცილებლობაზე და იმ შესაძლო სიკეთეეებზე, რაც მის მიღებას შეიძლება უკავშირდებოდეს. აგრეთვე ილუზორული და არარეალისტურია, რომ ამნისტია ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზების შემცირებას და პოლიტიკური ველის კონსოლიდაციას, რადგან ამ დრომდე არ შეცვლილა პოლიტიკური ლიდერების პოზიციონირება და დღემდე ვისმენთ ურთიერთმტრობასა და ანტაგონიზმე დაფუძნებულ განცხადებებს როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ლიდერებისგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის ფონზე, მიგვაჩნია, რომ
[1] სისხლის სამართლის კოდექსის 1441 – 1443 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები;
[2] იხ. 1 წელი 20-21 წლის მოვლენებიდან, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 2020 წ. ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/erti-tseli-20-21-ivnisis-movlenebidan
ინსტრუქცია