[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება

ქართული ოცნება დღეს, 2 ივლისს, დაჩქარებული წესით მიიღებს ცვლილებებს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ კანონში. ცვლილების მიხედვით კანონს ემატება 53(2) მუხლი, რომლის თანახმადაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი ხდება უფლებამოსილი ორგანო, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის ან მისი საცხოვრებელი ადგილის ან სამგზავრო დოკუმენტების გადამოწმების მიზნით შეამოწმოს მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი და შევიდეს სხვის კერძო საკუთრებაში სასამართლოს ბრძანების საფუძველზე. თუკი კერძო საკუთრების თანამესაკუთრე ან თანამფლობელი ან დამსაქმებელი თანახმა იქნებიან შემოწმებაზე, მიგრაციის დეპარტამენტს სასამართლოს ბრძანების გარეშეც შეუძლია ჩაატაროს შემოწმება.

გარდა ამისა, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მიგრაციის დეპარტამენტს შეუძლია დაუყოვნებლივ განახორციელოს ეს ქმედება და სასამართლოს 24 საათის განმავლობაში მიმართოს შუამდგომლობით. ამ შემთხვევაში შსს-მ უნდა დაასაბუთოს, რაში მდგომარეობდა გადაუდებელი აუცილებლობა (მაგალითად უცხოელის მიმალვის საფრთხე, ან სამგზავრო დოკუმენტების განადგურების ან გადამალვის საფრთხე).

უცხოელის საცხოვრებელი ან/და სამუშაო ადგილის შემოწმების დროს მიგრაციის დეპარტამენტი ასევე უფლებამოსილია განახორციელოს პირის გამოკითხვა, იდენტიფიკაცია, ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, აგრეთვე, საქართველოს

კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა პრევენციული და იძულების ღონისძიებები.

კანონპროექტის ინიციატორები დაჩქარებული წესით ამ ცვლილების მიღების მიზეზად ასახელებენ იმ გარემოებას, რომ უკანონო მიგრანტის აღმოჩენა და მისი იდენტიფიცირება განსაკუთრებულ სირთულეს წარმაოდგენს. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები 2025 წლის მაისში მიღებული ცვლილებების გაგრძელებაა, რომელიც ქართულმა ოცნებამ ასევე დაჩქარებულად, საზოგადოებრივი განხილვისა და კონსულტაციების გარეშე მიიღო. წინა ეტაპზე ცვლილებები 18 კანონში შევიდა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოდან გაძევებას, საქართველოში შემოსვლის აკრძალვას, საქართველოში თავშესაფრის პროცედურების გამკაცრებას და სისხლის სამართლის კოდექსში ახალი სასჯელების გაჩენას ითვალისწინებდა. თუ ზემოთ აღნიშნული ცვლილებების სამიზნე 2024 წლის ნოემბერ-დეკემებრის აქციებში მონაწილე, კრიტიკულად განწყობილი და სოციო-პოლიტიკურად აქტიური უცხოელები, მათ შორის უფლებადამცველები და ჟურნალისტები იყვნენ, განსახილველი კანონმდებლობა, ბოლო თვეების განმავლობაში, ულტრამემარჯვენე პოლიტიკური მოძრაობების მიერ დაწყებულ რასისტულ და ისლამოფობიურ ანტიმიგრაციულ ისტერიას პასუხობს. ამ ეჭვს ამყარებს ბოლო პერიოდში, ძალოვანი სტრუქტურების მიერ განხორციელებული და სახელდახელოდ გაშუქებული არალეგალური მიგრანტების დემონსტრაციული დაკავების ოპერაციებიც. ქართული ოცნების მიერ, რასისტული და ისლამოფობიური ნარატივების გავლენის ქვეშ მყოფი ელექტორატისთვის ულტრამემარჯვენე მოძრაობებთან კონკურენციაში შესვლა უკიდურესად სახიფათოა და მსგავსი ნარატივების კიდევ უფრო ფართოდ გავრცელების საფრთხეს აჩენს, რაც თავის მხრიც ზრდის სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების რისკს და ქმნის მტრულ გარემოს ყველა უცხოელისთვის, განურჩევლად ლეგალური სტატუსისა.

საგულისხმოა, რომ მიგრაციის დეპარტამენტმა ცვლილებით გათვალისწინებული ზომების გატარება ჯერ კიდევ მათ ამოქმედებამდე დაიწყო, მაგალითად 27 ივნისს, უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს საიმიგრაციო წესების დარღვევის გამო კონკრეტული ლოკაციების გადამოწმების შემდეგ. იგივე მოხდა, 30 ივნისს, 14 მიგრანტი.

როგორც წინა საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც კანონპროექტის ინიციატორები არ ითვალისწინებენ ისეთი ფუნდამენტურ უფლებაში ჩარევის სიმძიმეს, როგორიც არის პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლისა და მიმოწერის ხელშეუხებლობა, რაც დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მერვე მუხლით. ამ უფლებაში ჩარევისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფომ სრულად დაიცვას პროპორციულობის და აუცილებელი საჭიროების პრინციპები და მხოლოდ დამოუკიდებელი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელოს უფლებაში ჩარევა. საგანგაშოა, როცა ამ უფლებაში ჩარევის გადაწყვეტილებას იღებს ერთი ადმინისტრაციული ორგანო, და არ განიხილება სასამართლოსათვის მიმართვა იმ შემთხვევაში, თუკი კერძო საკუთრების თანამესაკუთრე ან თანამფლობელი თანახმაა შემოწმებაზე. აღნიშნული ჩანაწერი ქმნის უკიდურესად საშიშ პრეცედენტს, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს კერძო პირთან შეთანხმების საფუძველზე შეეძლება სხვა პირის ფუნდამენტურ უფლებაში ჩარევა. ამასთან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მსგავსი საკანონმდებლო მოწესრიგებას ადმინისტრაციული კანონმდებლობა აქამდე არ იცნობდა და მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტში ტერმინი “საცხოვრებელი ადგილის გადამოწმებაა" მოხსენიებული, შინაარსობრივი თავალსაზრისით ის უტოლდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ საგამოძიებო მოქმედება ჩხრეკას, რომელსაც დამოუკიდებელი სამარლებრივი საფუძვლები და პროცედურები აქვს და მთელი რიგი გარანტიებით იცავს ადამიანებს სახელმწიფოს თვითნებური ჩარევისგან. განსახილველი საკანონმდებლო პაკეტი, მიგრატებისთვის არ ითვალისწინებს ადვოკატის მოწვევის, მესამე გარეშე პირის დასწრების უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას. ამასთან მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ინციატივა გასაჩივრების მექანიზმს ითვალისიწინებს, მკვეთრად პრობლემატურია ის, რომ უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ, ან შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება საჯაროდ არ ცხადდება, ამასთან მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე და მისი გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების მოქმედებას.

მსგავსი პროცესუალური თუ სამართლებრივი გარანტიების არარსებობა აჩენს თვითნებობის მაღალ რისკებს, ასევე ეთნიკური თუ ეროვნული ნიშნით მიღებული დისკრიმინაციული გადაწყვეტილებების რისკებს, რაზეც სასამართლოს კონტროლი პრაქტიკულად ნულოვანია. სახელმწიფო ინსტიტუტების სრული პოლიტიზირების და უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის სრული უგულებელყოფის პირობებში, მსგავსი საკანონდებლო ჩანაწერები კიდევ უფრო საშიშ ხასიათს იძენს.

ამგვარი საკანონმდებლო ცვლილებები მიგრაციის საკითხის პოლიციურ და კრიმინალიზებულ ჩარჩოებში აქცევს და სრულად არის დაცლილი ადამიანის უფლებებზე და ჰუმანიზმზე დაფუძნებული მიდგომებისგან. ამასთან აშკარაა, რომ მიგრანტების მიმართ გამკაცრებული კონტროლი არის იარაღი ავტორიტარული რეჟიმის ხელში იარაღი, რომელსაც ის იყენებს სოციალური უკმაყოფილების მოწყვლად ჯგუფებზე ყურადღების გადატანისთვის და მათი დემონიზებისთვის. მით უფრო, რომ ქვეყანაში არსეული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა სწორედ სახელმწიფოს უსამართლო პოლიტიკების შედეგია და მიგრანტებთან დაკავშირებული შიშები პირველ რიგში და სისტემურად ეკონომიკურია და ის სწორედ არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ წესრიგს უკავშირდება. სამწუხაროდ, ამ როტირიკას ასევე მკვეთრად პრობლემურად და რასისტულად იყენებს ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერიც, რაც შიშების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების ცალსახა მაგალითია ასევე.

ასევე გირჩევთ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“