[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ქალთა უფლებები / განცხადება

8 მარტი - ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე

ნახატის ავტორი: ზურაბ გიკაშვილი

დღეს 8 მარტია, ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე.

ამ დღის აღნიშვნა დაკავშირებული იყო ქალების სოციალურ და ეკონომიკური ჩაგვრისგან გათავისუფლებისა და პოლიტიკაში თანასწორ სუბიექტებად ჩართვის იდეასთან. დღეს 8 მარტის აღნიშვნიდან 100 წლის თავზე კი ქალთა გათავისუფლების აღმნიშვნელი ეს დღე რომანტიზებული, დეპოლიტიზებული და კომერციალიზებული დღის წესრიგით წარმოგვიდგება. მას გამოეცალა მისი მთავარი პოლიტიკური იდეა - ქალთა გათავისუფლება ისტორიულად განსაზღვრული პატრიარქატული წესრიგისგან, რომელიც ქალთა დაქვემდებარებაზე და კონტროლზე დგას.

100 წლის შემდეგაც, ქალები კვლავ სტრუქტურული ჩაგვრის, ძალადობისა და მათი სხეულების კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა კი ნორმალიზებული და აღუკვეთავია. აღნიშნულის დასტურია, როგორც საქართველოში გავრცელებული გენდერულად განსაზღვრული ქალთა მკვლელობები, ისე არსებული გაუპატიურების კულტურა, რომელიც კვლავ პასუხგაუცემელი რჩება სახელმწიფოს მხრიდან პრობლემის არასათანადო აღიარებისა და მსხვერპლთა დადანაშაულების საზოგადოებაში გავრცელებული წარმოდგენების გამო.

ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული დღის წესრიგი არამხოლოდ ფარავს ქალთა მიმართ ძალადობის სისტემურ ბუნებას, არამედ აუჩინარებს მის სტრუქტურულ მიზეზებსაც. აღნიშნული მიდგომა ცდილობს ქალთა ჩაგვრა ინდივიდუალიზებულ ძალადობად წარმოგვიდგინოს, და ის მეტწილად კულტურულ კატეგორიებში მოათავსოს, სადაც გამორიცხულია კლასობრივი და ქალთა ისტორიული დაქვემდებარების განზომილებები. ქალთა მიმართ ძალადობის მხოლოდ ანტიდისკრიმინაციული პერსპექტივიდან გააზრების გაბატონებულ მიდგომას არ შეუძლია სრულად ახსნას და დაუპირისპირდეს ქალთა ჩაგვრის მრავალშრიან და უმძიმეს რეალობას.

ქალთა ჩაგვრას აქვს თანადროულად ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური განზომილება და ამ ძალაუფლების თანადროული მხილებისა და მათი რადიკალური ტრანსფორმაციის გარეშე შეუძლებელია ჩვენი გათავისუფლება. ძალადობის, შევიწროებისა და სექსისტური პრაქტიკის მიღმა, ქალებს დღეს ჩაგრავს სიღარიბე, არსებული ეკონომიკური სისტემა, რომელიც მათ ხშირად მიგრაციისა და ექსპლოატაციის მძიმე გამოცდილების წინაშე აყენებს, სოციალური დაცვის და ზრუნვის ეფექტიანი სახელმწიფო სისტემების არსებობა, შინ შრომის და ემოციური ხარჯვის მძიმე და შეუმსუბუქებელი ტვირთი, სუსტი და განკერძოებული ჯანდაცვის სისტემა, დაბინძურებული გარემო და მასთან დაკავშირებული სოციალური დანაკლისი, რომელსაც ყველაზე ხშირად სწორედ ქალთა შრომა აკომპენსირებს. კიდევ უფრო რთულია პერიფერიებში სოფლად, მაღალმთიან რეგიონებში და არადომინანტურ ეთნიკურ და რელიგიური თემებში მცხოვრები ქალების ყოფა, რომელთა ხმის გაგონება და გათვალისწინება კიდევ უფრო რთულდება. ძალაუფლების ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული სისტემები ურთიერთშეზრდილია და ერთმანეთს აძლიერებს. სწორედ ამიტომ, ქალთა ჩაგვრისგან გათავისუფლება, მხოლოდ მისი სტრუქტურული მიზეზების გააზრებითა და მათთან თანადროული დაპირსპირებით არის შესაძლებელი.

დღეს ჩვენ გვჭირდება სოლიდარობის კოლექტიური იდეა ისეთი თანასწორობისთვის, რომელიც ქალთა ჩაგვრას და პატრიარქატული სისტემის დაძლევას სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლის განუყოფელ ნაწილად დაინახავს. თანასწორობისკენ და სოციალური სამართლიანობისკენ მიმართული ყველა პროექტი და მცდელობა მხოლოდ ილუზია იქნება, თუ ის ასევე არ დაისახავს მიზნად საზოგადოების გათავისუფლებას ქალთა ჩაგვრის პრაქტიკისგან და კულტურისგან. .

სოლიდარობა ქალებს!

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“