საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტოკოლაჟი: პუბლიკა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) შეშფოთებას გამოთქვამს, რომ 1 თვის გასვლის შემდეგაც 5-6 ივლისს, თბილისის ქუჩებში ექსტრემისტული ჯგუფების მიერ ორგანიზებული მასობრივი, კოლექტიური ძალადობის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიება არაეფექტიანი რჩება. ამ დრომდე საგამოძიებო ორგანოებმა არა მხოლოდ ძალადობის ჩამდენი ინდივიდუალური პირების სრულყოფილი იდენტიფიცირება არ მოახდინეს, არამედ მასობრივი ძალადობის ორგანიზატორების პასუხისმგებლობაც არ გამოკვეთეს და ძალადობის ორგანიზების მიმართულებებით გამოძიებაც პასიურია და სუსტი.
5-6 ივლისს ლგბტქი ორგანიზაციის - „თბილისი-პრაიდისა“ და მისი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ საპატრიარქოსა და ულტრა-კონსერვატიული პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფების მიერ ორგანიზებულ კონტრაქციას თბილისის ქუჩებში ძალადობა და დარბევა მოჰყვა. ძალადობრივი აქციის მონაწილეები, რომლებიც აშკარად წინასწარ ორგანიზებულები იყვნენ, 5 ივლისს თავს დაესხნენ ადგილზე მომუშავე 53 ჟურნალისტსა და ოპერატორს, ასევე რამდენიმე მშვიდობიან მოქალაქეს, დაარბიეს აქტივისტური ორგანიზაცია სირცხვილიას და „თბილისი-პრაიდის“ ოფისები. ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმა ძალადობის სხვადასხვა ინტენსივობის იყო, თუმცა მედიის რამდენიმე თანამშრომელმა უმძიმესი ფიზიკური დაზიანებები მიიღო და დასახიჩრდა. ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ასევე გახდა სასტიკი ძალადობის მსხვერპლი, 11 ივლისს საკუთარ სახლში ღამით გარდაცვლილი იპოვნეს. ფორსირებული საგამოძიები მოქმედებებისა და 5 ივლისს მიღებულ დაზიანებებთან კავშირის გადაფარვის მცდელობის მიუხედავად, დამაჯერებელი მტკიცებულებები, მათ შორის, სამედიცინო ექსპერტიზის საბოლოო შედეგები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია ამ ტრაგიკულ შემთხვევაზე.
აღსანიშნავია, რომ 6 ივლისს ძალადობრივმა ექსტრემისტულმა ჯგუფებმა თბილისის ქუჩებში ორგანიზება გააგრძელეს და ძალადობის საწინააღმდეგ ორგანიზებულ მშვიდობიან სამოქალაქო აქციას კვლავ ძალადობის მუქარით და ორგანიზებით დაუპისპირდნენ. 6 ივლისს პოლიციამ მოახერხდა უსაფრთხოების დაცვა, თუმცა ადგილზე ქმედითი საპოლიციო ზომებისა და ნაბიჯების გადადგმა ვერ უზრუნველყო.
შსს რეგულარულად აახლებს ინფორმაციას დაკავებული პირების შესახებ. ოფიციალური ინფორმაციით, 5 ივლისს ადმინისტრაციული წესით დააკავეს 100 პირი, დაკავებული პირებიდან კი 68 ხელწერილის საფუძველზე მალევე გაათავისუფლეს. 2 აგვისტოს მონაცემებით კი, ინდივიდუალური ძალადობისა და პროფესიული საქმიანობისთვის ხელშეშლის ცალკეულ ეპიზოდებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 31 პირი. Საგულისხმოა, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ამ დრომდე არ აქვთ გამოძიება დაწყებული შეკრების უფლების ხელყოფის ფაქტებზე (სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლი), მაშინ როცა აღნიშნული დანაშაულის ნიშნები ცალსახად არსებობდა 5-6 ივლისის მოვლენების დროს და ამ ქმედებებს ჰქონდა კარგად ორგანიზებული ხასიათი.
5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურს არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფების (მათი დაფინანსების, კავშირების, ქსელების, იდეოლოგიების) და სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი საპასუხო პრევენციული ღონისძიებებისა და პოლიტიკის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდება არაერთი ვიდეო მასალა, რომელიც ძალადობრივი ექსტემისტული ჯგუფების ლიდერების მხრიდან მედია საშუალებებით და შეკრების ადგილზე ძალადობის პირდაპირ მოწოდებას, ასევე შეკრების ადგილზე კონკრეტული პირებისთვის ინსტრუქციების მიცემასა და ძალადობის ორგანიზების მცდელობებს ადასტურებს, ძალადობის ორგანიზატორები და წამხალისებლები (მათ შორის, ექსტრემისტული მედია ორგანიზაცია ალტ-ინფოს ლიდერები, მამა-შვილი ფალავდანდიშვილები, ძალადობის მოწოდებებში ჩართული მღვდლები) ამ დრომდე არ არიან დაკავებულები. აღნიშნული ჯგუფების სამართლებრივი შეწყნარება დაუსჯელობის გარემოს ქმნის, ძალადობის ნორმალიზებას ახდენს და სოციალურ მშვიდობას ანგრევს. მათ მიმართ სამართალდამცავი ორგანოების აშკარა ლოიალობა, ექსტრემისტული ჯგუფების აღზევების პროცესში ხელისუფლების პასუხისმგებლობის ნიშნებს გამოკვეთს. ამ კუთხით ეჭვები კიდევ უფრო ძლიერდება იმ პირობებში, როდესაც თითქმის ყველა დიდ პროცესში ჩანს ექსტრემისტული ჯგუფების საჯარო საქმიანობების თანხვედრა სამთავრობო ინტერესებთან და რიტორიკასთან.
უფრო მეტიც, 5 ივლისს პოლიციის მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების შეკრების და თბილისის ქუჩებში ძალადობრივი თავდასხმების პრევენციისკენ გადადგმული დემონსტრაციულად სუსტი და არაეფექტიანი ნაბიჯები, არ გამხდარა შსს-ს ხელმძღვანელებისა და სხვა ჩინოვნიკების სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია წინასწარ იყო/უნდა ყოფილიყო ინფორმირებული ძალადობის რისკების შესახებ და ის წინასწარ მომზადებულიც იყო ამგვარი სცენარისთვის[1], 5 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის ადგილზე მობილიზებული იყო არასაკმარისი ოდენობის პოლიციის ძალები და ტექნიკა. ამასთან, შსს-ს არ მიუღია ზომები კონკრეტული ლოკაციების, მათ შორის, თავდასხმის რისკის ქვეშ მყოფი ოფისების დაცვის მიზნით. აქციის მართვის სტრატეგიაში შსს-მ არ გაითვალისწინა არც ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვის ინტერესი და არ უზრუნველყო მათი გადაადგილებისთვის და მუშაობისთვის საგანგებოდ გამოყოფილი უსაფრთხო სივრცეების შექმნა.
მიმდინარე პროცესებს ჰქონდა მძიმე პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებათა დაცვის დემოკრატიული გაგებისგან მკვეთრად დაშორებული იყო და სოციალური კონფლიქტების წახალისებასა და პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას ახდენდა. ამ პროცესებთან კავშირში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ანტიკონსტიტუციური და ანტისოციალური იყო.
აშკარაა, რომ 5-6 ივლისის ძალადობის დაშვებისა და შეწყნარების ეს უმძიმესი გამოცდილება ცალკეული სოციალური ჯგუფების შევიწროებასა და ძალადობას ახალისებს. მიმდინარე დღეებში დაფიქსირდა ჰომოფობიური და სექსისტური ძალადობისა და მკვლელობის უმძიმესი შემთხვევები (მათ შორის, თავდასხმა პოლონელ ტურისტზე, ჰომოფობიური ძალადობა გერმანელ დიჯეიზე, ავსტრალიელი მასწავლებელი ქალის სასტიკი მკვლელობა). შექმნილი ვითარება და ძალადობრივი სოციალური გარემო შემაშფოთებელია და ჩვენს საზოგადოებაში დაუცველობის, უნდობლობის უმძიმეს განწყობებს ქმნის.
იმ პირობებში, როცა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით (როგორც ძალადობრივი ინციდენტების პრევენციის, ისე ამ ინციდენტების გამოძიების კომპონენტში) იკვეთება შესაბამისი ორგანოების არაეფექტიანობის და პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების ნიშნები, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საპარლამენტო ზედამხედველობის და ანგარიშვალდებულების მექანიზმების ეფექტიან გამოყენებას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ წესრიგისა და კანონის უზენაესობის პატივისცემისა და დაცვისთვის, ასევე სოციალური ნდობის დაბრუნებისთვის არსებითია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ
მიმდინარე გამოძიება წარმართონ დროულად, ჯეროვნად, სრულყოფილად და დაუყოვნებლივ გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები 5-6 ივლისს ძალადობის ორგანიზებაში ჩართული ლიდერების წინააღმდეგ;
გააძლიერონ მუშაობა ჰომოფობიური, სექსისტური ძალადობის პრევენციისკენ, მათ შორის, სათემო და სამოქალაქო ორგანიზაციებთან საკონსულტაციო პროცესების შექმნის გზით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა
გამოაქვეყნოს ანგარიში საქართველოში მზარდი ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფების (დაფინანსების, კავშირების, იდეოლოგების, ქსელების და ა.შ.) შესახებ, დაგმოს მათი საქმიანობა და გაატაროს ეფექტიანი პრევენციული ზომები და პოლიტიკა ძალადობრივი ჯგუფების მიმართ, რომელიც ექსპერტებთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან დემოკრატიულ და გამჭვირვალე კონსულტაციებს დაეფუძნება.
მთავრობამ
უარი თქვას უმრავლესობის ტირანიისკენ, დაუსჯელობისკენ და სოციალური შუღლის შექმნისკენ მიმართულ რიტორიკაზე და მიიღოს სოციალური, საგანმანათლებლო და პოლიტიკური ზომები სოციალური მშვიდობისა და თანასწორობის პრინციპების პატივისცემისა და უზრუნველყოფისთვის.
შეიმუშავოს ჰომოფობიის დაძლევისკენ მიმართული კომპლექსური პოლიტიკა.
პარლამენტმა
აუცილებელია, პარლამენტმა გამოიყენოს ყველა შესაძლო მექანიზმი 5-6 ივლისს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის ეფექტიანობისა და კანონიერების შემოწმების მიზნით, მათ შორის, უსაფრთხოების დაცვის მიზნით პოლიციის მიერ მიღებული ზომების, მიმდინარე გამოძიებისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის გამკლავების მიმართულებებით.
[1] შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, 5 ივლისს დილის საათებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საპოლიციო დანაყოფები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, მობილიზებული იყვნენ რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე მობილიზებული იყო სპეციალური დანიშნულების სარეზერვო ძალები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული მითითების შესაბამისად ჩაერთვებოდნენ ღონისძიებაში. ჯამში, 5 ივლისის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მზადყოფნაში იმყოფებოდა 3200- მდე პოლიციის თანამშრომელი.
ინსტრუქცია