საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დამოუკიდებლობა სუვერენულობის აქტია. ის ხალხის მისწრაფებაა თვითგამორკვეს როგორი წესრიგის და მომავალის წარმოსახვა და შენება უნდა. ის ხალხის უფლებაა თვითმმართველად და დამოუკიდებლად წარმართოს პოლიტიკა და ყოველდღიურობა.
დამოუკიდებლობის იდეას და მნიშვნელობებს ყოველ ჯერზე გააზრება, მის შენებას კი მუდმივი ძალისხმევა სჭირდება. სწორედ ამიტომ ამ დღის აღნიშვნა მხოლოდ ცერემონიალური კი არ უნდა იყოს, არამედ ფიქრის, თვითკრიტიკის და ახალი გამოცდილების შემქმნელიც. ფიქრისა და შეთანხმების შემქმნელი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გახდეს ჩვენი პოლიტიკური სისტემა და სასიცოცხლო გარემო ყველასთვის უფრო სამართლიანი, თანასწორი და ღირსეული. ამგვარი შემობრუნების შესახებ ჩვენს საზოგადოებაში გაჩენილი იმპულსებისა და პროტესტის მიუხედავად, გარდაქმნის ეს პროცესი რთულად მისაღწევი რჩება პოლიტიკურ ელიტასა და ხალხს შორის გაჩენილი ღრმა ნაპრალისა და დაშორების გამო.
სამწუხაროდ, ჩვენ ჩვენს წინაპრებსაც დავშორდით, რომლებიც 1918 წელს ახალი სახელმწიფოს მშენებლობაზე ფიქრობდნენ და მას პროგრესული პოლიტიკური იდეებით აგებდნენ. აგებდნენ იმ დროისთვის უნიკალურ სოციალ-დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც დემოკრატიის, სოციალური სახელმწიფოს და ადამიანის უფლებების დაცვისა და თანასწორობის იდეალების უნიკალურ გადაკვეთას ქმნიდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ახალი სახელმწიფო 1918 წლის ისტორიულ გამოცდილებასთან და სახელმწიფოებრიობასთან კავშირს აღიარებს, ეს აღიარება სიმბოლურია და უშინაარსო. 90-იანი წლების შემდეგ ყვლეფის, გაღარიბების, ომების, რეპრესიის, ხმის წართმევის, უთანასწორობის უმძიმესი გამოცდილება სამართლებრივად დეკლარირებულ პრინციპებსა და რეალობას შორის ღრმა განსვლას და კონფლიქტს აჩვენებს.
დღეს ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდება ჩვენი წარსულის, მათ შორის უახლესი წარსულის კრიტიკული გააზრება და მომავალზე ახალი შეთანხმებაც, რომელიც ყველასთვის სამართლიან და გაზიარებულ პოლიტიკურ წარმოდგენებს და მისწრაფებებს დაეფუძნება.
ამ პროცესზე დაფიქრებისა და შრომის უნიკალურ გამოცდილებას დღეს ჩვენს საზოგადოებაში რიონის ხეობის მცველების მოძრაობა ქმნის, რომელიც ქვემოდან ორგანიზებული უნიკალური სახალხო სოციალური მოძრაობაა. ეს მოძრაობა არა მხოლოდ ნამახვანჰესის მშენებლობის პროექტსა და არსებულ უსამართლო ენერგოპოლიტიკას აკრიტიკებს, არამედ ფუნდამენტურად ეჭვქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და წესრიგის ლოგიკას და მასში საერთო საჯარო ინტერესის, სოციალური საჭიროებების, გარემოს დაცვისა და ღირსების პატივისცემის გამოტოვებას ამხელს. თვითმმართველი მოქალაქის იდეალი და პრაქტიკა დღეს სწორედ ამ მოძრაობის მონაწილეების ძალისხმევას უკავშირდება. ეს მოძრაობა დღეს ხმა, ღირსება და ძალაწართმეული მოქალაქეებისთვის სიტყვის, მნიშვნელობის და იმედის დაბრუნების პროცესია და გვინდა, რომ დღევანდელ დღეს სწორედ ამ მოძრაობის ლიდერებს გადავუხადოთ მადლობა მათი შრომისთვის და ბრძოლისთვის.
ჩვენ მადლობას ვუხდით მშრომელებს, ქალებს, მიგრანტებს, გლეხებს და სხვა სოციალურ და პროფესიულ ჯგუფებს, რომლებიც მათი არაღიარების და ხშირად ექსპლოატაციის მიუხედავად, წლებია საკუთარი შიშველი შრომით და თავდადებით ქმნიან ჩვენი არსებობის და განვითარების საფუძვლებს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ჩვენს ყველა მოქალაქეს ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს და სოლიდარობის პრაქტიკებით უფრო დემოკრატიული, სამართლიანი, ღირსეული და თანასწორი პოლიტიკური რეალობის შექმნის იმედს იტოვებს.
ინსტრუქცია